მის საქართველო.იმედის დილა.შემორჩენილი რეფლექსები.

სილამაზის კონკურსი მის საქართველო, როგოროც ჩანს ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად აქტუალური ხდება. არც ერთმა ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში არ აჩვენა , წესით და რიგით წლის ყველაზე ლამაზი მოვლენა. შესაძლოა ამ ფაქტს აბსოლუტურად სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბოლო რამდენიმე წელია მოქალაქეების უმრავლესობა აცრილია მის საქართველოს გოგონებზე. ირინა ონაშვილი ლამის კი არა და ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. აი დანარჩენები კი მიწასთან გაასწორეს. იმასაც კი ამბობენ, ია კიწმარიშვილი თავის მსგავს ქალებს არჩევსო… ეს კონკურსი მართლაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის…ეს ის ერთი ნეტარი დღეა, როცა მთელ ჩვენს დაგროვილ ღვარძლს უცბად ვანთხევთ ერთ გაღიმებულ გოგოზე, რომელიც ბედნიერია, რომ ყველაზე ლამაზი გახდა, ან ბედნიერია იმიტომ, რომ მანქანა მოიგო, ან ბედნიერია იმიტომ, რომ მის მსოფლიოზე გაემგზავრება და ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ ის უკვე პოპულარული ქალია, მას არაერთ შოუში მიიწვევენ, არაერთ ინტერვიუს ჩამოართმევენ და ა.შ… წარმატებების უსასრულო ჯაჭვი მთელი წელი გაგრძელდება. ჩვენ კი რამდენიმე დღეში დაგვავიწყდება, რომ არ მოგვეწონა, არა, საშინლად არ მოგვეწონა ახალი სილამაზის დედოფალი…და გავიღვიძებთ…
ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ღამით ტელევიზორი ჩართული დაგვრჩა, დილით კი ორი შიშველი თუ ნახევრად შიშველი ქალი ცდილობს ყურადღების მიქცევას, ტელე იმედის ახალი დილის ანონსი. მათ ახალი სლოგანი აქვთ , ალბათ ეთერში დაგვიანებული გასვლა სლოგანზე ფიქრით იყო გამოწვეული. სავარაუდოდ სურდათ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ ყოფილა (თვითონ თქვეს, ჩვენი დილა ძალიან ორიგინალურია და ასე ჩვენ ქვეყანაში ვერც ერთი არხი ვერ გაგაღვიძებთო), ხოდა მოიფიქრეს კიდეც….
გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად!…
რა მშვენიერია არა? მე რომ იდეის ავტორის ვიყო, ფრთიან ფრაზებში შევიტანდი ამ ჯერ უთქმელ და ჯერ უნახავ დილის სლოგანს….

არა, არც არაფერი…არც მე და არც ვინმე სხვა ყურადღებას არ მიაქცევდა მათ ახალ სლოგანს, მთელი ერთი საღამო მისი დაპიარებისთვის რომ არ მიეძღვნათ… ახალი დილა ახალი სლოგანით…გაიღვიძე ჩვენთან ერთად…

იჯექი რა შენთვის, მაინც არავინ გიყურებს და არავინ ინტერესდება შენით… მაინც ყველას კიდიხარ და რა გინდა? ჩვენი მის საქართველოსი არ იყოს, გინდა რომ ბევრი იცინონ შენზე?

მაგრამ რა გინდა თქვა…
დაცინვა ლამის ერთადერთი შემორჩენილი რეფლექსია ჩვენი საზოგადოების.

2 responses to this post.

  1. ეგ მართალია, დაცინვა ერთადერთი რეფლექსია თითქოს. არადა, დაცინვად უნდა ღირდეს რამე და იმასაც მნიშვნელობა აქვს ვინ დასცინის, რა ფორმით.
    მაგალითად სისულელეა “ქლაბ შოუს” დასცინო, რომ დაიჩემეს დახვეწილი იუმორია ჩვენთანო.
    ლეიბორისტების გაქილიკებული სიღატაკეც ყელში ამოვიდა.
    მაია ასათიანის პათოსიც, ნანუკა ჟორჟოლიანის უნიჭობაც, შალვა რამიშვილის უნამუსობაც, ყველაფერი…
    ყოველთვის შეფუთვა იცვლება და შიგთავსი იგივე რჩება.
    ეს თონიჯების თეატრია, უნიჭო რეჟისორით და გადაპრანჭული მარიონეტებით.
    ხანდახან გულის რევის საშინელი შეგრძნება მაქვს. ჟან ბოდრიარს რომ დავესესხო, ქალაქი სავსეა სიძულვილით და ყველაფერი მალე ნაგვად იქცევა.
    ეს კომენტიც, გამოქვეყნებისთანავე დაძველდება და ნაგვად იქცევა.

    Reply

  2. Posted by telegrapi on October 16, 2009 at 11:36 am

    ქალაქი სავსეა სიძულვილით და ყველაფერი მალე ნაგვად იქცევა

    პრინციპში ეს არის რისი თქმაც მინდოდა… თუმცა ბოდრიარისგან განსხვავებით ბევრი სიტყვა დამჭირდა…
    მადლობა, საინტერესო კომენტარისთვის

    Reply

Leave a reply to telegrapi Cancel reply