გამოცხადებული დანიშვნის ქრონიკა

წარმოიდგინეთ, რომ მთელი შრომისუნარიანი ცხოვრების მანძილზე სტაბილურად იხდით ფულს იმაში რაც თქვენი არ არის. არა და იცით, რომ თქვენია, მეტიც არამარტო თქვენია, არამედ, ეს რაღაც უნდა გართობდეთ, ფიქრისკენ გიბიძგებდეთ და საერთოდაც, თქვენს ინტერესებს გამოხატავდეს. და ამ დროს თქვენი არ არის. ფულს იხდით, მაგრამ არ არის. გაბრაზდით? კი, ძალიან. მეც. მაგრამ ეს არ არის რომელიმე გულარძნილი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი. ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში.
ამ არხს ჩვენ ვინახავთ. ის ხელფასი, რომელსაც ამ არხის ყოველი თანამშრომელი იღებს ჩვენი გადახდილია. და ჩვენ გვაქვს სრული მორალურ-ეკონომიკური უფლება, რომ პიველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს. თუ რას ნიშნავს ეს, ზაგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონშია გაწერილი. თუმცა მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არხი თვითოეულ ჩვენთაგანს მისთვის საინტერესოს, თავშესაქცევსა და მისაღებს უნდა სთავაზობდეს. კაი, ცდილობდეს მაინც. ანუ გამოხატავდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესს და ამ ინტერესს ამავდროულად აკმაყოფილებდეს. თუმცა ასე არ არის. მაგალითისთვის: საწმოიდგინეთ ‘ბიბისი”, რომელიც უცებ მაუწყებლობს იმას, რაც ბრიტანულ საზოგადოებას არ აინტერესებს. ვფიქრობ, რომ ძნელად წარმოიდგენთ. იქ, ამის შემდეგ, ვფიქრობ, სულ ცოტა “ბიბისის” გენდირექტორის, ალბათ, ძალიან მაგარ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდება.
და ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არ არის ტელევიზია. ის ვერშემდგარი პროპაგანდის იარაღია.

სექტორი

ეს ის თემაა, რომლის შესახებ საუბრისას არათუ სიტყვები არ მყოფნის, არამედ სიტყვების, ეპითეტების, შორისდებულებისა და სასვენი ნიშნების სიჭარბეს განვიცდი! და როგორც ვატყობ არამარტო მე. ყოველთვის თავშეკავებულად კორექტული ქალბატონი შორენა შავერდაშვილი, რომელიც, სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დანიშვნის პროცესზე ზემოქმედებას ცდილობდა, ამ კეთილშობილური განზრახვის მოსალოდნელი და ნაწინასწარმეტყველი უშედეგობის შემდგომ დაგვპირდა, რომ შემოდგომიდან სრულიად სამოქალაქო საზოგადოება ყაზარმულ რეჟიმზე გადავა, რათა, სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების დროს მსგავსი უმსგავსობა აღარ დაუშვას. მე ვფიქრობ, რომ კვლავაც უშედეგოდ. არა იმიტომ, რომ ეჭვი მეპარება სექტორის შემართებასა, თუ გულწრფელობაში, არამედ იმ მარტივი მიზეზით, რომ ყოველი მცდელობა ამ ეტაპზე დაგვიანებულია. სამოქალაქო საზოგადოება 2003 წლის ნოემბერში არ უნდა გამოსულიყო აღნიშნული ყაზარმებიდან, ვინაიდან აიღო ხელისუფლების ცვლისა და ქვეყნის სათავეებში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მოყვანის პასუხისმგებლობა. და ამ პასუხისმგებლობით ამაყობდა კიდეც. თუმცა მერე იფიქრა, რომ საქმე გაკეთებულია და ნეტარებას მიეცა. ეს კი ყოველთვის სახიფათოა. შედეგმაც არ დააყოვნა. სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოსები
ხელისუფლებას შეერწყნენ და ასევე მიეცნენ ნეტარებას, ვინაიდან ძალაუფლებითა და შედეგად მიღებული მყარ ვალუტაში გამოხატული დივიდენტებით ტკობა რეალობის გრძნობას გიკარგავს, ხოლო რომანტიკოსებმა მცირე ხნის ნეტარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბორტს მიღმა დარჩნენ. მათ ეს არ ესიამოვნათ, თუმცა მოტყუებული და მიტოვებული ქალიშვილის ინფანტილური პოზა არჩიეს და მოძალადისგან თვითდასჯა მოითხოვეს. მოძალადემ კი, თავი არ დაისაჯა, პირიქით ძალადობა თავდავიწყების რეჟიმში განაგძო.
მყარად მჯერა, რომ ვერავინ ვერ მოგიხმარს და ვერ მიგატოვებს (სერიული მანიაკის გარდა), თუ შენ ამის ნება არ მიეცი. ყველაზე თავზეხელაღებული დიქტატორული რეჟიმებიც კი ყალიბდება
მას შემდეგ, რაც საზოგადოება ამ რეჟიმის არსებობის შესაძლებლობას დაუშვებს. სამოქალაქო სექტორმა დაუშვა პოლიტელიტის თვითნებობა და ახლა, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პირებს გონზე მოსვლა და წესიერად მოქცევა მოვთხოვოთ, გულუბრყვილობაა.
რატომ უნდა შეიზღუდოს საკუთარი თავი და დაგითმოს მან, ვინც ეს (დათმობას ვგულისხმობ) საერთოდ არ იცის რა არის და დათმობების გარეშეც თავს შესანიშნავად გრძნობს? არ უნდა დაგითმოს. მეტიც _ არ ესმის რატომ უნდა დაგითმოს, როდესაც შენ უპასუხისმგებლო და ინფანტილური ხარ. არ დაიმსახურე და იმიტომ. კი, გეტყვის რომ გითმობს, დათმობების ტალღას გამოაცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს ხატზე დაუფიცებს, რომ არათუ დათმობს ძალაუფლების ნაწილს, არამედ სიამოვნებით დათმობს. ამ დათმობების საჯაროდ განცხადების აქციებში, ამერიკულად რომ ვთქვათ, გადასახადებისგადამხდელთა ფულს დახარჯავს, კონცერტს სახელწოდებით “ვუმღეროთ დათმობებს” მოაწყობს, გახსნის განმუხურში კიდევ ერთ ბანაკს სახელად “დათმობები”, სახელმწიფო ღერბზე შეცვლის წარწერას და “ძალა ერთობაშია”-ს ნაცვლად “ძალა დათმობებშია” წააწერს,” თბილისი _ სოხუმი”-ს მიმართულებით მშენებარე ავტობანს “დათმობების გზა”-ს დაარქმევს, მერე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გია ჭანტურიას დაგინიშნავს, რომელიც ახალ სეზონში აუცილებლად გადაცემას სახელწოდებით “საუბრები დათმობებზე” შემოგთავაზებს. და ეს ყოველივე იმიტომ, რომ სამყაროში უზენაესი წონასწორობის კანონი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გულისხმობს: დაგითმობენ მაშინ, როდესაც დაიმსახურებ, ანუ ამ შემთხვევაში, ყაზარმებში არამარტო შეხვალ, არამედ გააცნობიერებ, რომ შესვლა ძალიან დაგაგვიანდა, აწი აღარ დაგავიანდება
და მანდ დარჩები.

2_9491_148991_1arxi

მოგებული სეტი, წაგებული გეიმი

ამ ცხოვრებაში რამდენიმე რამ არ მესმის. გარდა იმისა, რომ არ მესმის, თუ როგორ მუშაობს ჩემი პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც აღნიშნულ წერილს ვბეჭდავ, კიდევ ერთი რამ უსაზღვროდ მაკვირვებს: კერძოდ, მე თუ ვხვდები, რომ თუ გსურს კიდევ ერთი პროპაგანდის იარაღი გქონდეს, ამისთვის, სულ ცოტა, აუცილებელია, რომ ეს პროპაგანდის იარაღი ზემოქმედებდეს მათზე, ვიზეც ნადირობ, რატომ არ ესმის და ვერ ხვდება ამას საკუთრივ მონადირე?!
საქმე ის არის, რომ არდათმობების ჭრილში, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, ნათელი იყო, რომ გია ჭანტურიას გარდა დირექტორის პოსტზე არავის მიუშვებდნენ. სხვისი მოსვლა საზოგადოებრივი
მაუწყებლის ხელიდან გასხლტომას გულისხმობდა, და ამიტომაც სხვა, თუნდაც ზედმიწევნით პრინციპული (ბატონ ზვიად ქორიძეზე მაქვს ეჭვი) ან იდეალურად ნეიტრალური (სერიალების გადაღების მოსურნე ბატონი გიორგი კაჭარავა) ფიგურის ამ არხზე
არსებობა თავისთავად გამოირიცხა. თუ რატომ “გაუშვეს” ყუბანეიშვილი, ამაზე მოგვიანებით, ახლა, კი, რატომ დანიშნეს. ეს იყო იდეალური პერსონა: კორუფციისკენ საკმაოდ მიდრეკილი,
აქედან გამომდინარე, ადვილად კონტროლირებადი და სატელევიზიო სპეციფიკის მცოდნე. იკვლებოდა ორი კურდღელი: ის, დავესესხები მმართველს, არ გააჩმახებდა, და “ყურებად” პროდუქტს დადებდა. არხისკენ მაყურებლის მიზიდვით კი გაიზრდებოდა ამ არხის საზოგადოებაზე ზემოქმედების და შესაბამისად კონტროლის ძალაც. ამ უკანასკნელის თვალსაზრისით ყოველივე კარგად აეწყო. დირექტორი აბსოლუტურად და აგრესიულად მორჩილებდა, თუმცა ვერც მაუწყებლობის ახალი სეზონის ვარდისფრით მოხიბლა მაყურებელი და ვერც “ცხოვრება მშენიერიას” დეკლარირებით. არხს როგორც არ ვუყურებდით, ისევე არ ვუყურეთ. ალბათ იმიტომ, რომ არ მოხდა თვითიდენტიფიკაცია. ვერც მოხდებოდა, როდესაც არხის ლოგოტიპად პრიალა სავიდან ჟოლოსფრისკენ გარდამავალ, აშკარად ფალიკურ სიმბოლოს გვთავაზობ. გადაცემების მდარე ხარისხმა და არ ვიცი ვისზე გათვლილმა (მცირე გამონაკლისის გარდა) გემოვნებამ ვერ “ითამაშა”. შესაბამისად, არხი ვერ გახდა პროპაგანდის იარაღი, პირიქით, ის ანტიპროპაგანდის იარაღად იქცა, და დამკვეთის ( დამკვეთში მმართველ პოლიტელიტას ვგულისხმობ) საწინააღმდეგოდ დაიწყო მუშაობა.
და ვგონებ, ეს ვერ აპატიეს ყუბანეიშვილს და არა ერთი-ორი არასწორად ჩატარებული ტენდერი თუ “ატკატი”. ის რომ “ატკატი” არხზე გადაცემისა თუ რომელიმე სხვა ტენდერის მოგების ერთადერთი საშუალებაა, ეს ჩემმა თუთიყუშმაც იცის. რა ჯობია იყო გენერალური დირექტორი, ან მისი მოადგილე, გქონდეს სატელევიზიო გადაცემებისა, თუ ანიმაციური პროდუქციის მწარმოებელი საკუთარი სტუდია, აცხადებდე ტენდერს, მერე ამ ტენდერს შენივე “კანტორა” იგებდეს და ხელფასის გარდა შემოსავალი გადაცემების ხარჯზეც გქონდეს. ან თუ ღმერთი გაწყრა და ვინმე უცხომ განაცხადი შეგბედა, მოურიგდე მას, მოაგებინო და გადაცემისთვის თითქოს და საჭირო
გაბერილი ბიუჯეტი 60/40-ზე გაიყო? არაფერი არ ჯობია. ასე არამარტო პირველი არხი მუშაობს. ასე სხვა მაუწყებლებიც მუშაობენ, თუმცა ისინი იურიდიულად კერძო სტრუქტურები არიან და მათი “ატკატები” იმდენად არ აღელვებს გადასახადების გადამხდელებს, ანუ ჩვენ, ვინაიდან უშუალოდ ამ გადასახადებს, სახელმწიფო მოხელეებსა და საჯარო პირებს ხელფასისა
თუ არსებობისთვის აუცილებელი ბიუჯეტის სახით, ჩვენ ვუხდით. ხოლო პირველი არხი ჩვენით დაფინანსებულთა რიგს ეკუთვნის და ხელფასი გიხადო, შენ “ატკატები” აკეთო და კიდევ ის არ მაჩვენო რაც მინდა, ნამეტანია. არა, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მოცემულობაში ვერაფერს ისეთს ვერ გიზამ. უბრალოდ არ გიყურებ. და რომ არ გიყურებ, შენ ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენ, შესაბამისად, ვერ გახდები პროპაგანდის იარაღი. აი ასე. მარტივად.
ასეც მოხდა და ყუბანეიშვილი წავიდა. ლოგიკური იქნებოდა, რომ იქ, სადაც წყდება იდეოლოგიური საკითხები დასკვნა გამოეტანათ და თვითგადარჩენის ინსტიქტს ეზეიმა. ანუ: თუ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სხვა ელექტრონული მედიების მსგავსად ეს არხიც იყოს პროპაგანდის იარაღი, მაშინ მას უნდა უყურონ. და როგორ უნდა მოხდეს ეს? დღეს რაც არ უნდა მომხიბლავად შეფუთო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის სეგმენტი, რომელიც სჭირდება პოლიტელიტას (და ამ სეგმენტზე ოდნავ მოგვიანებით…) არ უყურებს ამ არხს, თუ არ იქნება ხელმძღვანელი პირის პერსონით აბსოლუტურად დაკმაყოფილებული. იმიტომ, რომ დღეს ამ არხის არყურება “ტრენდია”. ყურება რომ იქცეს “ტრენდად” საჭიროა სხვა ხელმძღვანელი. და არა გია ჭანტურია. ვინაიდან გია ჭანტურია
ლევან ყუბანეიშვილზე მეტად შესისხლხორცებულია მმართველ ძალასთან, მისი დანიშვნით საზოგადოების განწყობები საწოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ
არათუ შეიცვლება, არამედ უარყოფითი ნიშნით დამძიმდება კიდეც. და თავი გავანებოთ იმას, რომ, როგორც საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, გია ჭანტურია, ასე ვთქვათ, ყველა საეჭვო სატენდერო გარიგების მონაწილე თუ არა მცოდნე მაინც იქნებოდა! ის ერთადერთი იყო იმ კანდიდატთაგანი, რომელიც თვით პრეზიდენტის მხარდაჭერით ამაყობდა.

 

ახლა კი სეგმენტის შესახებ

ის ვისაც გაუხარდა პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი დირექტორი, სავსებით გარკვეულია. ნაციონალური მოძრაობის აქტიურ თუ პასიურ მხარდმაჭერთა პროცენტი სხვადასხვა მონაცემებით
11-დან 30 პროცენტამდე მერყეობს. იყოს 30%. არ მენანება. შესაბამისად გია ჭანტურიას დანიშვნით მოსახლეობის აღნიშნულმა პროცენტულმა ოდენობამ გაიხარა. მაგრამ საქმე ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი პროპაგანდას არ საჭიროებს. მასთან საქმე გარკვეულია. მისთვის მიშა ისედაც მაგარია .
ულტრაპროტესტანტებიც, როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, ანუ ისინი ვინც შეურიგებელთა კოჰორტას ავსებს, ასევე დაახლოებით 30%-ია. პროპაგანდა მათზეც არ იმუშავებს. ეს დახლოებით, ისეთივე თამამი ფანტაზიის სფეროა, როგორც, მაგალითად ისრაელის ჰამასის კეთილ განზრახვებში დარწმუნების მცდელობა.

და ვინ დარჩა? მიუმხრობელთა სადღაც 40%, რომელთაგან ნაწილი ზემოთაღნიშნული, ყაზარმებისკენ მიმართული სამოქალაქო სექტორია, ნაწილი, ეგრეთ წოდებული, ცხელი შოკოლადისა და ლიბერალის (ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აწი ტელეგრაფისაც) მკითხველი, დანარჩენი, კი მოქალაქეთა ნეტარი ჯგუფი, რომელმაც უბრალოდ არ იცის და უბრალოდ არ აინტერესებს. ზუსტად ეს სეგმენტია პოლიტელიტისთვის სასურველი. მისი ხმა გადაწონის არჩევნების დროს ან იქით, ან აქეთ, ვინაიდან, გაგიკვირდება და, დრო მაინც მიდის, და ადრე თუ არა, 2013 არჩევნები მაინც დაინიშნება, თუ რა თქმა უნდა პარლამენტმა სამარადჟამოთ არ დაუკანონა
მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტი, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემა იქნება. მოცემულ რეალობაში კი პროპაგანდამ უნდა ზუსტად
ამ 40% იმუშავოს. და ხელისუფლებისთვის სამწუხარო ის არის, რომ გია ჭანტურიას ხელმძღვანელობის ჟამინდელი ტელევიზია ზემოქმედებას ამ სეგმენტზე ვერ მოახდენს. აი არ შეხედავენ
ისინი გია ჭანტურიას ნაცოდვილარს და რა ვქნა? ყველა სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არ უყურებენ. და ისმის კითხვა: რა საჭირო იყო ყუბანეიშვილის გაშვება და გია ჭანტურიას მოყვანა, თუ არხი კვლავ
ვერ შეასრულებს დასმულ ამოცანას და კვლავ ვერ გახდება პროპაგანდის იარაღი?! ეს არის ის, რაც კომპიუტერის მუშაობის პრინციპის გარდა, სრულიად და კატეგორიულად არ მესმის. ანუ: მე თუ მესმის, რომ არხი “არ იმუშავებს”, რომელიმე ჩემზე გაცილებით ჭკვიან პოლიტტექნოლოგს რატომ არ ესმის???? პასუხი ერთადერთი მაქვს: ესმის, თუმცა ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად. ხელისუფლება მოკლევადიანი პერსპექტივების და ამწუთიერი წარმატებების რეჟიმში გადავიდა.
კი ეს უდავოდ, ულამაზოდ, მაგრამ მაინც მოგებული სეტია, თუმცა წაგებული გეიმი.

“ბორდელები”, “იმპოტენტები”…

“ეს ხომ იმპოტენტი ბორდია!” _ ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. ასე დაახასიათა სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინისწინა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა. და ეს მართალიც გამოდგა. თუმცა, ის ამ ფრაზას, სულ სხვა კონტექსტში წარმოთქვამდა და ბორდის ზოგადად შეზრუდულ უფლება-მოვალეობებს გულისხმობდა. უკანასკნელმა არჩევნებმა კი ამ ფრაზის ჭეშმარიტება მთელი ძალით ცხადყო. კი, კანონი მაუწყებლობის შესახებ ისე დაიწერა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ცვედანობის საკითხი იმთავითვე იყო მასში ჩადებული, მაგრამ ახლა საუბარი არა ფუნქციურ, არამედ ზნეობრივ იმპოტენციაზეა.
ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს უჭირს საკუთარი ნაკლოვანებების გაცნობიერება და აღიარება. ასე, სქესობრივი უძლურებით შეპყრობილი მამაკაცები, ყველაზე ხშირად, ქალბატონებთან საკუთარი წარმატებებით ტრაბახობენ. ზუსტად ასე იქცეოდა ბორდიც. მან, იმ პირობებში, როდესაც სრულიად ყველამ იცოდა, რომ გია ჭანტურიას დანიშნავდნენ, არჩევნები, დებატები და გარჩევები ატეხა. თანაც პირქუშად აცხადებდა, რომ ცხვირს არავის ჩააყოფინებდა, ზეწოლას ვერ აიტანდა და ასე შემდეგ. ეჭვი მაქვს რომ ხსენებული ზეწოლა ბორდმა იმდენად გაითავისა, რომ მოდუნდა და სიამოვნებას მიეცა. ერთის თქმა შემიძლია: როდესაც სოციუმს, ან რომელიმე მის სეგმენტს ძალადობა სიამოვნებს, ეს სადო-მაზოხისტური მიდრეკილებების აღიარებას ნიშნავს. თავისთავად აღიარება ჯანმრთელი მოვლენაა, ხოლო სადო-მაზოხიზმზე ვერაფერს მოგახსენებთ. სექსოპათოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ეს გაუკუღმართებაა, ხოლო ნაწილი ამტკიცებს, თუ ყოველივე ურთიერთშეთანხმებით ხდება, რატომაც არა? ჩვენს შემთხვევაში აშკარად ურთიერთშეთანხმებას აქვს ადგილი. ბორდი ნებდება და ბატონი კმაყოფილია. ცვედანია და სხვანაირად არ შეუძლია. რა ქნას? ხოლო რა ხერხებით ხდება ურთიერთდაკმაყოფილება, ეს უკვე გემოვნების საკითხია, რაზეც არ დავობენ.
დაზარალებული მხოლოდ საზოგადოებაა. და მისი მებაირაღე სამოქალაქო სექტორი, რომელსაც, როგორც ვატყობ სადო-მაზოხიზმზე უარყოფითი შეხედულება აქვს და, რომელიც, როგორც გაცხადდა ყაზარმებში მიდის. თუმცა, ყაზარმებისკენ მიმავალ გზაზე, მას ამ ყაზარმების აქტიურად მშენებელი ეროსი კიწმარიშვილი ხვდება…

…და კანდიდატი

რა გითხრათ? ზნეობაზე ნუ ვისუბრებთ. ზნეობა ასევე გემოვნების საკითხი გახდა. ნიჭიერი,სიცოცხლისუნარიანი და საკუთარი თავის “მეიკერი”. საქმის მცოდნე. ქონდა ყველაფერი. დღესაც აქვს, თუმცა უნდა…
აი რა უნდა ამაზე ცოტათი დაწვრილებით.
ბატონი ეროსის დირექტორობის კანდიდატობა ზღვაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მამცნეს. გამიკვირდა. როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი იდეოლოგ-პროპაგანდისტი საკანცელარიო ნივთს გესვრის, ძნელი წარმოსადეგია, რომ პროპაგანდის იარაღზე მიგიშვან. მითუმეტეს, რომ ამ იარაღის შექმნის უდავო დიდოსტატი ხარ. ესე იგი უბრალოდ ნერვებს უშლი. თუმცა მერე გავიხსენე “იმედზე” მორიგი დანიშვნა: გიორგი არველაძე. სურათი თითქოს გამიცხადდა: “რუსთავი ორი” ასე თუ ისე შემდგარია. “იმედი” ამორფული სხეული, და არველაძე გამოუცდელი ტელევიზიის საკითხებში, თუმცა გამოცდილი პოლიტტექნოლოგიებში. შესაბამისად “იმედი”-ს კომიდან გამოყვანას და რეანიმაციას ეცდება. და ბატონი ეროსი, რომელიც აუცილებლად შექმნის მარკეტინგულად მომხიბლავ პროდუქტს, შექმნის მხოლოდ იმიტომ, რომ “ტელევიზიონშიკობის” ჭია, ეჭვი მაქვს, რომ დღემდე ღრღნის, და იმიტომაც, რომ მეტად პრაქტიკული ადამიანი და გამოცდილი ბიზნესმენია. ყოვეთვის მომგებიანია გქონდეს “გაყიდვადი” პროდუქტი და მიყიდო ის მას, ვინც მეტს გადაგიხდის. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკლე ჭკუით მეფიქრა, რომ ბატონ კიწმარიშვილს “მიუშვებენ”, მას კარგ პროდუქტს “დაადებინებენ”, ხოლო შემდეგ მისგან ამ პროდუქტს მაღალ ფასად შეისყიდიან და მშიდობაში მოიხმარენ.
ბატონი ეროსი არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი, კვლავ პრაქტიკული მოსაზრებების გამო. ჯერ ერთი, რომ ის ფულს გააკეთებდა, და მეორე, ყოველთვის შეიძლება მოვაჭრეებმა ურთიერთსარფიან პირობებზე მოილაპარაკონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთმანეთს ასე კარგად იცნობენ. ორივე მხარისთვის იდეალური შეთანხმება. ხელისუფლება არ იწუხებს თავს და გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროპაგანდის იარაღს იძენს, ბატონი ეროსი კიწმარიშვილი, კი იკმაყოფილებს ამბიციებს. იდეოლოგიური ბრძოლა 40% გონების მოსაპოვებლად “რუსთავი ორის”, “იმედისა” და პირველ არხს შორის წარიმართებოდა და მაყურებელიც ამით დაებმებოდა _ აშკარად სამთავრობო არხების საპირწონედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პირის ტელევიზია იმუშავებდა და ბაიდენსაც გაუხარდებოდა და მიშაც მოიგებდა. მაგრამ არა. ბანქოს ასეთი გაშლა ჩემი მზით გაცხელებული ტვინის ნაყოფი იყო. ძნელი, ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი თამაშის ნაცვლად ხელისუფლებამ პრიმიტიული “დურაკა” გაითამაშა. და ვფიქრობ, რომ ამით ბატონმა ეროსიმ არანაკლები იხეირა.

საქმე ის არის, რომ ოთხმოცდაათიან წლებში სამოქალაქო სექტორის შექმნაში აღნიშული პერსონა აქტიურ მონაწილეობას იღებდა. “რუსთავი ორის” საშუალებით მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით. შექმნა მოდური მიმდინარეობა, ანუ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული სექტორი, რომელიც იმ ეტაპზე მართავდა მოვლენებს. მაშინ, პროპაგანდის საშუალებით, ბატონ ეროსი კიწმარიშვილს საზოგადოებრივი აზრის სადავეები ეპყრა, ეს კი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ხარისხია. შემდგომ მან ეს სადავეები დაკარგა. თუ რატომ და როგორ სხვა თემაა. მაგრამ ის, ვინც ერთხელ მაინც განიცდის ძალაუფლებით ტკბობას, ძნელი წარმოსადგენია, ამ ძალაუფლების
დაბრუნებას არ ცდილობდეს. მითუმეტეს ბატონი ეროსი. მას სადავეების დაბრუნება სურს. ამას ის მოკლე გზით _ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობით ეცდებოდა. თუმცა ისიც ეცოდინებოდა,
რომ მას დირექტორად არავინ დანიშნავდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს მეორე გზა: სამოქალაქო სექტორის რეაბილიტაცია-რეანიმაციის გზით ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებულ “ენჯეოების” საპირისპირო სოციალურად აქტიური საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა, რომლებსაც ზემოქმედება ექნებათ სანუკვარ 40%-ზე, ხოლო ვინც ამ 40% დაეუფლება ძალაუფლების რეალური სადავეებიც მას ექნება. ხოლო ბატონი კიწმარიშვილის არდანიშვნით, ხელისუფლებამ უნებლიეთ, მას სამოქალაქო სექტორისკენ უბიძგა. უნდობლობის ბუნებრივი ყინული, არჩევნების ცხელ კვალზე გამართულ გადაცემაში, თითქოს დაიძრა და ყაზარმებში მიმავალ, ძნელად სავალ გზებზე ეროსიმ სამოქალაქო საზოგადოებას დახმარების მზაობა განუცხადა. მეტიც. ეჭვი მაქვს, ყაზარმების მშენებლად ის მალე თავად მოგვევლინება.

რამდენად ურთიერთსარფიანი იქნება ეს თანამშრომლობა ვერ გეტყვით. ორივე მხარეს აქვს “გადაგდების” მწარე გამოცდილება. ბატონ კიწმარიშვილს შესანიშნავად ახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა ცხვირმოუხოცავმა ყოფილმა სამოქალაქო სექტორმა ის გააცურა. თუმცა საზოგადოებასაც არ დავიწყებია ამ ადამიანის მრავალსახეობა და თამაშის წესების თვითნებური ცვლისკენ მდგრადი მიდრეკილება. მოცემულ ეტაპზე ეროსის და სექტორის ინტერესები თითქოს ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ურთიერთობა კვლავ ურთიერთმოხმარებად იქცეს, რომელსაც, რომელიმე მხარისთვის არსასურველი შედეგები მოყვება.

ავტორი: ირა ჭელიძე
ჟურნალი ტელეგრაფი, მეორე ნომერი

Leave a comment