რეჟისურის საფუძველი – ცხოვრებაა. თუ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ცხოვრებისეული წამი, თუ შეგიძლიათ დააკვირდეთ და იპოვოთ მასში ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, თუ შეგიძლიათ იგი ფილოსოფიურად განაზოგადოთ, მაშინ თქვენ რეჟისორი ხართ. პრაქტიკული უნარი – გადათარგმნოთ აზრი საეკრანოდ – დამოკიდებულია პედაგოგზე, რომელიც გასწავლიდათ, დამოკიდებულია თქვენს ნიჭსა და ნატურაზე”, – ასე თვლიდა თბილისელი სერგო ფარაჯანოვი.
„ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რეჟისორის, ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“ გვატყვევებს სილამაზის სრულყოფილებით“ – დაწერს მიქელანჯელო ანტონიონი.
„ფარაჯანოვის სიკვდილით, კინომ დაკარგა მისი ერთ-ერთი მაგი. ფარაჯანოვის ფანტაზია ყოველთვის მოაჯადოვებს და გაახარებს ადამიანებს მთელს მსოფლიოში“
სერგო ფარაჯანოვის სიკვდილის შემდეგ, ამ სიტყვებზე ხელს მოაწერენ ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, ფრანჩესკო როსი, ალბერტო მორავია, ბერნარდო ბერტოლუჩი, ჯულიეტა მასინა.
„კინოს ტაძარში ბუდობენ სურათები, სინათლე და რეალობა. სერგო ფარაჯანოვი ამ ტაძრის წინამძღვარი იყო…“ იტყვის ჟან ლუკ გოდარი
დიად კინოხელოვანს, რომლის დაბადებიდან 85 წელი, ამა წლის 9 იანვარს შესრულდა, არა საქართველოში, არამედ რუსეთში გადაუხდიან იუბილეს. მას მიუძღვნეს მოკლემეტრაჟიანი კინოსა და ანიმაციის, საიუბილეო, მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი “OPEN CINEMA”, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში 7-დან 15 აგვისტომდე.
დღეს, 6 აგვისტოს, ინჟინერთა სახლში, პეტრე-პავლეს სასახლეში გაიხსნა გამოფენა „სერგო ფარაჯანოვის სამყარო – ხელოვნება საზღვრებს გარეშე”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეჟისორის ფოტოპორტრეტები, ოსტატის გადაღებული ფოტოსურათები, მისი კოლაჟების და ნახატების რეპროდუქციები. როგორც ორგანიზატორებმა დააზუსტეს, გამოფენის მსვლელობისას (6-დან 11 აგვისტომდე) საღამოობით, უჩვენებენ ფარაჯანოვის კინოშედევრებს, მის ექსკლზიურ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს და დოკუმენტურ ფილმს რეჟისორზე. თავად ფესტივალი გაიხსნება 7 აგვისტოს პეტერბურგის კინოს სახლში ფილმი „ბროწეულის ფერის” (ორიგინალური სახელია „საიათ-ნოვა”) ავტორისეული ვერსიით.
ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობის სურვილზე 500-ზე მეტი განაცხადი მიიღეს ორგანიზატორებმა, 23 ქვეყნიდან. „ბევრმა რეჟისორმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან, თითქოს იგრძნო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ფესტივალის პასუხისმგებლობა და წამოწია მწვავე საკითხები – სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ”, – ყვებოდა ფესტივალის პრეზიდენტი ლიუდმილა ლიპეიკო.
აი ასე განადიდა ორჯერ ფარაჯანოვის გადასახლებაში გამშვებმა რუსეთის ხელისუფლებამ – სერგო. გუშინ მეგობარმა მითხრა კიდეც, მოსკოვში ისეთი მუზეუმი აუშენეს, რომ ენახა „გინებით გასკდებოდაო“. ასე ინათლება „სურამის ციხის“ გადამღები, საერთაშორისო მასშტაბების საკულტო კინოხელოვანი, რუს „სახალხო არტისტად“. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ქართველს, რუსს და სომეხს, ხელოვნებისთვის ხომ გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები არ არსებობს. ხელოვნების ობიექტი საზღვარს აქეთაც იგივე ხელოვნების ობიექტია და საზღვარს იქითაც. ხელოვანიც ყველგან ხელოვანია. რა მნიშვნელობა აქვს სად არის. მნიშვნელობა ალბათ იმას უფრო აქვს, თუ როგორ მიიღებენ ამ ხელოვანს ამა თუ იმ ადგილზე და საზოგადოებაში. მისცემენ თუ არა საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებისგან თავისუფლად მუშაობის საშუალებას. ბოლოს და ბოლოს, სიკეთე, ჰუმანიზმი, ადამიანებისადმი, და, კარგი ვიტყვი, ქრისტიანული პრინციპებისადმი პატივისცემაც ხომ იმაში მდგომარეობს, ვისი, რისი, როგორის მიღებას შევძლებთ და არა იმაში, რას გავნდევნით.
ჰოდა მშვენიერია, რომ თუნდაც რუსეთში კეთდება, თბილისში ალენ გინსბერგის მასპინძელი სერგოს ხელოვნების რეტროსპექტივა. საქართველოში კი მას, სულ სხვა კონტექსტში იხსენებენ… ამასწინათ ქართულ ინტერნეტსივრცეში ხეტიალისას, გადავაწყდი ვინმე ლიანა ელიავას ერთ სტატიას მრავლისმეტყველი სათაურით „ფარაჯანირება“. წერილის სულისკვეთება პირველი აბზაციდანვე ნათელი ხდება, როცა ქალბატონი ლიანა, რომლის ვინაობამაც იმდენად დამაინტერესა, რომ არ დავზარდი და დავგუგლე, ტროელი კასანდრას ინტონაციით შემოგვღაღადებს და მიგვითითებს იმ უდიდეს ბოროტებაზე, რომელიც „ამღვრევს ქართულ სულიერებას“. ქალბატონი ლიანა, ამასთანავე „მომავალ ოპონენტებსაც“ ამშვიდებს „არც მსოფლმხედველობითა და არც ბიოგრაფიით არ გახლავართ კარჩაკეტილი, აგრესიული ქართველი შოვინისტი”-ო, მომავალ აბზაცში, კი ფარაჯანოვის იმ „ცოდვაზე“ გვესაუბრება, რომელიც მხოლოდ „კარჩაკეტილი, ქართველი შოვინისტისთვისაა“ – ცოდვა. მის სომხურ წარმომავლობაზე. ჰო, და კიდევ სხვა „ცოდვებზეც“, რომლებიც „მიჩუმათდა ამ კაცის გარშემო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანული თვალსაზრისითაც არ იყო გამართლებული, უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო (სხვაბრალდებებით სასჯელს აფორმებდნენ) ორჯერ ნასამართლევი და ციხიდან ახალგამოსული ადამიანის დამკვიდრება ქართულ კინოსამყაროში.” აი ასე, საბჭოთა წარსულის სისუფთავით და სექსუალური პრეფერენციების კრიტერიუმით ვზომავთ „ქართული შემოქმედებისა და სულიერების“ მეტრები ხელოვნების ნიმუშების მხატვრულ ღირებულებებს. მაგრამ აბა რა დროს ხელოვნებაა „ქვეყანაში, სადაც _ დემოგრაფიული მონაცემებით _ ერთ კაცზე თორმეტი ქალი მოდის, ის ერთიც თუ არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად არგია ეს გადაშენების პირას მყოფ (სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას) მცირერიცხოვან ერს?! გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება უკვდავთა სახელები ლიტერატურიდან, მუსიკიდან, სახვითი ხელოვნებიდან, კინოდან.“
გაუგებარია, ფინეთში გათხოვილი ქალბატონი ლიანა „ფარაჯანირების“ პრობლემის წამოწევით რას შეგვაგონებს, რას ჩივის და რას განიცდის… „სერჟიკას“ გავლენას ქართულ კინოხელოვნებაზე (თქვენს პირს შაქარი), თუ მისი და ზოგადად ქართული დემოგრაფიული ინსტრუმენტების ერთგვარ „მოცდენას“.
ამის შემდეგ არა ნაკლებ ბუნდოვან კავშირზე მიგვითითებს „ფარაჯანირებულ“ ქართულ კინოსამყაროს და „ჩიპსების თაობას“ შორის (აი აქ უბრალოდ არ შეიძლება არ დაეჭვდე კინომცოდნე ქალბატონი ლიანას პროფესიულ კომპეტენციაში) და გოდერძი ჩოხელის ტრაგიკულ ბიოგრაფიას ამ რაღაც მითიური „ფარაჯანიანთა სექტის“ მიზნად განიხილავს, ზუსტად ისევე, როგორც ორიოდ წლის წინ, გურამ შარაძის მკვლელობას აბრალებდნენ, ყველაზე გაყიდვადი გაზეთის ფურცლებიდან, ჩემს მეგობარ პოეტ, პაატა შამუგიას -ნუმეროლოგები, მკითხავები და მჩხიბავები. ეგ ისეთ სულწარწყმედილ პოემებს წერს, აბა სხვას ვის მოუბრუნდებოდა ხელი შარაძისთვის ესროლაო.
ამ სტატიის მთავარი გმირი არ არის ქალბატონი ლიანა, ამიტომაც არ მოგაწყენთ მისი, რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი წერილის, შიდა, ფსიქოლოგიური პლასტების კვლევით. თავადაც მიხვდებოდით, რომ ყველაფერი ამ გაუგებარი ტერმინის – „ფარაჯანირების, როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთი ადგილობრივი ნაირსახეობის“ უთავბოლო ტრიალით და გამსახურდიასთვის გუნდრუკის კმევით სრულდება. ამჯერად, ნურც იმ მოყინჭებულ ტენდენციას ჩავუღრმავდებით, რომ რატომღაც, ყველა ემიგრანტმა, აქ მცხოვრებებზე გაცილებით უკეთ იცის რა ხდება საქართველოში, რომელი დემონი შთანთქავს, რა ფორმულით „გაბრწყინდება“. რომ დემოკრატიულ სამოთხეებში მოკალათებულებს, ცალ ხელში ქართული დემოკრატიის დროშა უჭირავთ, მეორე ხელში კი ის ავტომატი, რომელსაც იმას უმიზნებენ, რასაც მათ შემხიზვნელ ქვეყანაში – დემოკრატიას, პლურალიზმს, ინდივიდის და თვითექსპრესიის უფლებებს უწოდებენ.
ნუ დავუშვათ, არც ისაა პრობლემა, (თუ ქალბატონი ლიანასავით, ხელოვნებაზე საუბრისას, არტისტის პიროვნულ თვისებებზე ავლაპარაკდებით), რომ ყველანაირი რაციონალური თვალსაზრისით, თბილისელი სერჟიკა ფარაჯანოვი გაცილებით უფრო „ქართველია“, ვიდრე იგივე ქალბატონი ლიანას სასიქადულო რევაზ ჩხეიძე, რომელმაც ახლახან, ფესტივალზე, მოსკოვში, სამადლობელო სიტყვა დაიწყო ფრაზით „ჩემი სამშობლო, ამ შემთხვევაში – საქართველო“ და მერე ქართულ-რუსულ კეთილმეზობლობაზე, საუკუნოვან ძმობაზე და რუსეთის სიდიადეზე მოჰყვა ყურისათვის ასე ნაცნობ სიმღერას. არა, ამის გამო „ჯარისკაცის მამაზე“ გადმოგორებულ ჩემს ცრემლს სულაც არ გასვლია ყავლი, მაგრამ ძნელია ასეთების შემდეგ, ამ რეჟისორის და რუსებისადმი მაზოხისტური სიყვარულით გამსჭვალულ სხვა „სახალხო“ არტისტების სოციალურ შეხედულებებს დაყაბულდე.
არა და საზოგადოებრივი აზრის ქვაკუთხედიც რომ სწორედ ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებია?
სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ამ ქვაკუთხედის ლოგიკურობაზე, ანუ საოცარ ინდიფერენტულობაზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ავლენს „ქართული კულტურის“ სახელით, სხვადასხვაგვარი ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების მიმართ და ამით უფრო ახალისებს ასეთ გამოხტომებს. სიტუაცია ორმაგად დამაბნეველი ხდება, როცა ამ ჩვენს, ეროვნუვნულ-მესიანისტურ ფუთში გახვეულ „ქართული კულტურაზე“, ფუშფუშა რუსული ბაფთა იწონებს თავს. აღმნიშვნელების ნამდვილი ქაოსია. შეიძლება მოღალატის იარლიყი მოგაკერონ, თუ მაგალითად რუსი პოეტის ალექსეი ცვეტკოვის გვერდით ლექსს წაიკითხავ, არა და იოსიფ ბროდსკი 1973 წელს რომ გააძევეს რუსეთიდან, 1975 წელს ცვეტკოვი მიაყოლეს. ნამდვილი ქართველი და ქართულ კულტურაზე შეყვარებული კი მაშინ ხარ, როცა ტრადიციულ ქართულ ქორწილში „მაია მულატკაზე“, „ზეკურ“ ჰანგებზე და რუსული შლაგერის სხვა მარგალიტებზე გართობას არ იუკადრისებ. როცა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას „სომხურ ფილმებად“ მოიხსენიებ და სომხურ-აშუღური მელოდიებით გამსჭვალულ რადიოსადგურებს, ქართული, ქალაქური, საქეიფო, გვარის და ჯიშის ყივილის სადარაჯოზე მდგარ „ვაჟკაცობის შუქურად“. როცა ამ ღვარძლიან წერილს ბეჭდავენ საქართველოში წამყვანი პერიოდიკები, მათ შორის ლამის ერთადერთი ლიტერატურული პერიოდიკა, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს ტირაჟით და ბაზარზე კონკურენტი ფაქტიურად არ ჰყავს (ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ #23, 2008 წელი) და ამ შოვინიზმის ზეიმს, მომდევნო ნომრებში არავისგან უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვება. პოზიტიური – იცოცხლეთ. მხოლოდ ამ რედაქციაში კი არა, სხვა სულიერად მონათესავე გაზეთებშიც ხოტბას ასხავენ მის ავტორს და ათასგვარ რეგალიებს არ იშურებენ. აი მაგალითად: „სიმწვავითა და აქტუალურობით გამოირჩევა შესანიშნავი რეჟისორისა და მწერლის ლიანა ელიავას წერილი უჩვეულო სათაურით “ფარაჯანირება”. ავტორის აზრით, ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგება ქართულ კინოში, ტელევიზიაში, სახვით ხელოვნებაში, საერთოდ, ქალაქურ ყოფაში მიმდინარე პროცესებს და კიცხავს რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის იდეების, მოტივების, შემოქმედებითი მანერის, ცხოვრების წესის მიბაძვა-გადმოღებას“ (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ #233, 2008 წელი). ან ეს „- ლიანა ელიავა თავისი ნაწერებით ჭეშმარიტებას ეძიებს და მშვენიერების შესამეცნებლად მკითხველსაც უკვალავას გზას , – დასძინა მაია ჯალიაშვილმა.როგორც მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ აღნიშნა, სიყვარულის მისტერიებში ჩვენი ქვეყნის, ქალაქის ცხოვრება და ის ტრაგედია იკითხება, რასაც ნიჭიერების თავის დროზე დაუფასებლობა ჰქვია. მისივე თქმით, ლიანა ელიავას რომ ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში ეცხოვრა, საკუთარი რეჟისორული ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას გაცილებით კარგად”(გაზეთი „ახალი თაობა“ #287, 2008 წელი), ამავე ნომერშია ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქტორის, როსტომ ჩხეიძის სიტყვები: „ლიანა ელიავას, როგორც კინორეჟისორს, წარდგინება არ სჭირდება. თუმცა, ის, რეჟისორის გარდა, არის შესანიშნავი ბელეტრისტი, რასაც ზემოთ ხსენებული წიგნიც ადასტურებს. მისივე თქმით, ლიანა ელიავა თავის მხატვრულ-დოკუმენტურ მოთხრობებში მხოლოდ სიმართლეს წერს და ამ სიმართლიდან არასოდეს უხვევს. ეს კი არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი“.
მე არ ვიცოდი ამგვარ „სიმართლეს“ თუ შტუდირებდა ბატონი როსტომი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრის დიდებით არ დავბეჭდავდი რამოდენიმე თვის წინ სტატიას მის ჟურნალში, რომელიც მართალი გითხრათ, მანამდე არასდროს წამეკითხა, თუმცა დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა რედაქციის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა ავტორებთან. სულ ორი კვირა, ანუ ორი მომდევნო ნომერი და რამოდენიმე ჩემნაირი „დაზარალებულის“ ნახვა დამჭირდა, რომ ეს „სიმართლე“ მეხილა მთელი თავისი მბრწყინვალებით და ახალგაზრდა ავტორებით ასეთი უეცარი დაინტერესების მოტივებიც გამორკვეულიყო. მოკლედ, სისტემა ასეთია. შემოგთავაზებენ დაბეჭდო წერილი, ან პასუხი წერილზე. გამოაჭენებენ ამ შენს „ნაღვაწს“ ჟურნალის დასაწყისში და მთელი მომდევნო ჟურნალი (შეიძლება რამოდენიმე მომდევნო ნომერიც) შენს ლანძღვას ეძღვნება. გიწოდებდნენ „შიზოფრენიკს“, „ავადმყოფს“, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. ან „პეთერასტს“ ან „სექსუალურ მანიაკს“, როგორც სხვა ახალგაზრდების. რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვებით, მთავარია მკითხველს დაანახონ თუ რა გველები გაუზრდია უბეში ქართულ მწერლობას. რეაქცია? არანაირი.
არ მინდა ეს სტატია მიიღოთ პირად ანგარიშსწორებად ვინმეს მიმართ, მე უბრალოდ ამ უკვე სტანდარტად ქცეულ სიჩუმის მავნებლობაზე გესაუბრებით. სიჩუმე ხომ ხშირად, თანხმობის ნიშანია. ყოველ შემთხვევაში – იღებენ თანხმობად ისინი, ვისაც ეს თანხმობა ხელს აძლევს. რატომღაც მგონია, რომ საქართველოსამებრ პატარა ფინეთში, ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ გამოცემაში ვინმეს რომ დაეწერა ნარკვევი „გა-იოჰანდონერება“ ან დიდ და ბოროტ ამერიკაში დაებეჭდათ „გამობუკოვსკება“, ამას არა მხოლოდ კოლეგების, არამედ მთელი საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვებოდა.