Archive for the ‘Reporting’ Category

ბათუმი – ქათქათა ფესტივალის ქალაქი

ნია ქურთიშვილი

ბათუმმა წელს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს (BIAFF) მეოთხედ უმასპინძლა. 21-დან 28 სექტემბრამდე ქალაქი მსოფლიოს უკვე კარგად ნაცნობი და დამწყები რეჟისორებით, მსახიობებით, პროდიუსერებით, ჟურნალისტებით და ხელოვნების გულშემატკივრებით იყო სავსე.

ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება და ვითარდება. ემატება ახალი სექციები. ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი” და მისი დამფუძნებელები, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მარკეტინგის მენეჯერი ზვიად ელიზიანი არიან. მათვე ეკუთვნით ფესტივალის დაარსების იდეაც. ეს ორი ადამიანი და კიდევ რამდენიმე მათი მეგობარი, მთელი წლის გამავლობაში მუშაობენ პროექტის დახვეწასა და გამრავაფეროვნებაზე:
“ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალზე უცხოეთიდან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოდის, რეჟისორები, პროსიუსერები, მსახიობები. პუბლიკისთვისა და ქართველი ხელოვანი ადამიანებითვისაც საინტერესოა მათთან შეხვვედრა, აზრის გაცვლა, კითხვების დასმა. იდეაში გვაქვს ასევე ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასების და ვორქშოფების დაგეგმვაც.
ფესტივალის პროგრამას ჩვენ, ჩვენი უცხოელი მეგობრების დახარებით მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებთ.” – ამბობს ელიზიანი.

manije hekmati

საფესტივალო პროგრამა წელს რამდენიმე სექციისაგან შედგებოდა: მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო ფილმები, ახალგაზრდა კინორეჟისორების კონკურსი, აბრეშუმის გზის ქვეყნების სექცია, ჟიურის წევრების ფილმები, რეტროსპექტივები ან ოსტატების კოლექცია. ბრიტფესტი (ქართულ ბრიტანული კულტურის პლატფორმა).

კინოჩვენებები ბათუმის კინოთეატრ თბილისში გაიხსნა ჰოლანდიელი რეჟისორის იოს სტელინგის ფილმით “დუშკა”. რეჟისორს მრავალი საერთაშორისო და ეროვნული ჯილდო აქვს მიღებული, მისი პირველი მხატვრული ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი 1997 წელს. წელს კი სტელინგი ბათუმის კონოფესტივალზე ჟიურის თავჯდომარე იყო. მასთან ერთად ჟიურის წევრები იყვნენ: ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, ერთადერთი ქართული ოსკარზე წარდგენილი ფილმის “შეყვარებული კულინარის” რეჟისორი; მანიჯე ჰეკმატი – ირანული კინოს წამყვანი ფიგურა, ბოჟდარ მანოვი – ბულგარეთის ეროვნული კინოცენტრის საბჭოს წევრი და კინოხელოვნების აკადემიის კინომცოდნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ალექსანდრე შპილიუკი – კინოს ექსპერტი უკრაინის კულტურის სამინისტროში და უკრაინის კინორეჟისორთა კავშირის წევრი.

ეს არის ინტელექტუალური კინოს ფესტივალი, აქ ისეთი ფილმებია ნაჩვენები, რომელსაც ვერც ტელევიზორში და ვერც სხვაგან კიდევ დიდხანს ვერ ნახავს ალბათ ქართველი მაყურებელი. ეს ის ფილმებია, რომლის შემდეგაც ფიქრობ, რომელიც შენ სულიერად გზრდის და ხსნის შენს გონებას.
პროგრამა იყო ძალიან სერიოზული. წარმოდგენილი იყო იმდენად საინტერესო და მაღალი დონის მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, რომ ჟიურის ძალინ გაგვიჭირდა პრიზების განაწილება. ბევრი დაჯილდოვების ღირსი ფილმი პრიზების სიმცირის გამო უპრიზოდ დაგვრჩა. ვფიქრობ, რომ ფესტივალს ძალიან დიიდ მომავალი აქვს – განაცხადა ნანა ჟორჯაძემ.
nana jorjadze da meფილმების ჩვენება დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ კინოთეატრ “თბილისში” და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდარბაზში იმართებოდა. პროგრამა მართლაც მრავალფეროვანი იყო. ნაჩვენები იქნა გერმანელი რეჟისორის ოზჩან ალპერის “შემოდგომა”, ავღანელი რეჟისორის სიდიქ ბარმაკის “ოპიუმის ომი”, ბულგარელი რეჟისორის ჯავორ გარდევის ‘კუპრი’, ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის “სამი სახლი”, ფრანგი პერ ლომის “წერილები პრეზიდენტს”, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი “ქალები საქართველოდან”, პოლონელი რეჟისორის ქშიშტოფ ზანუსის “მთელი გუილთ” და სხვა ფილმები:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოში. წელს ამ ფესტივალს უკვე ეტყობა, რომ სერიოზულ ფესტივალად ყალიბდება, ძალიან საინტერესო ფილმებია ჩამოტანილი. ეს მეორე ფესტივალია ჩემი ფილმისთვის, მსოფლიო პრემიერა შედგა მონრეალის კონოფესტივალზე სულ ახლახანს, ორი კვირის წინ და იქიდან პირდაპირ ჩამოვედი ბათუმში,” – ამბობს ზაზა ურუშაძე.

ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარი წელს ცნობილი პოლონელი რეჟისორი ქშიშტოფ ზანუსიც იყო. იგი წამყვანი ფიგურაა ევროპულ კინემატოგრაფიაში. მას 2007 წელს ბათუმის კინოფესტივალზე გადაეცა პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

kshishtof zanusi
”ეს ფესტივალი ახალგაზრდაა, მაგრამ რასაც იღებს ამ ფესტივალიდან აქ შეკრებილი საზოგადოება,” –ამბობს ქშიშტოფ ზანუსი, ”ამას ეს პუბლიკა სხვაგან ვერ ნახავს. ასეთი ხასიათის ფესტივალს სხვაგან ვერ შეხვდებით. საავტორო ფილმების ფესტივალი ძალზე საინტერესო და იშვიათია. სხვაგან ვერცერთ სატელევიზიო არხზე ახალგაზრდები ვერ ნახავენ ფილმებს, რომლებიც ასე ახლოს და ღრმად იქნება მათ ბედთან და მათ ყოველდღიურობასთან. როდესაც 2 წლის წინ აქ ვიყავი ჩამოსული, მაშინ ეს ფესტივალი სულ 2 წლის იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ ფესტივალს პუბლიკა არ ეყოლებოდა, მაგრამ წლევამდელმა ფესტივალმა ნათლად დაგვანახა რომ მისი არსებობა ახალგაზრდებისათვის აუცილებელია. ამ პუბლიკისთვის ნამდვილად ღირს, რომ ეს ფესტივალი ტარდებოდეს.

ფესტივალზე ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივაც იქნა წარმოდგენილი. რეჟისორი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ბათუმში ის სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვიდა. მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმი დიალოგები გარეშე – ეს ის სტილია რომლითაც მას იცნობენ. სწორედ ამ სტილის გამო მისი ფილმები უნივერსალურია – მას ერთნაირი სიამოვნებთია და ინტერესით უყურებდა დარბაზში მხდომი ქართველი და უცხოელი მაყურებელი.
“ეს ფეტივალი არის ძალიან საინტერესო, თბილი. დიდ ფეტივალებზე, მაგალითად, მოსკოვი მახსენდება, ვერც კი გრძნოობ რომ ფესტივალია. ქალაქში ხარ და მისამართიც არ იცი სად უნდა წახვიდე, რა ფილმი უნდა ნახო, ვინ უნდა გაიცნო ან ვინ უნდა გაგიცნოს. ყველაფერი კონცენტრირებულია. აქ ხალხი ერთმანეთს ხვდება, ერთად ზიან და უყრებენ ფილმებს. ამ მხრივ ეს ძალიან საინტერესოა, ასეთი კამერული ფესტივალი უფრო ამართლებს ვიდე რაღაცა დიდი მასშტაბების,”-ამბობს კობახიძე.

giorgi gogiberidze, mixeil kobaxidze ფესტივალზე ნაჩვენები ფილმებიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, ლას ფონ ტრიერის გახმაურებული ფილმის, ”ანტიქრისტეს” ჩვენებას მოყვა. დარბაზი მთლიანად გაივსო. გაფრთხილებს მიუხედავად, ფილმზე დასწრებას ითხოვდნენ 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც. კინოკრიტიკოსმა გოგი გვახარიამ კი, რომელიც ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა, ფილმის დაწყებამდე ”სუსტი გულის პატრონებს” დარბაზის დატოვება ურჩია. თუმცა მისი რჩევა არავის გაუთვალისწინებია. ”ჰორორში” გადაღებულ, ეროტიკული სცენებით დატვირთულ ფილმს მაყურებელმა ბოლომდე ინტერესით უყურა.

ფესტივალი რვა დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რეჟისორები, მსახიობები, ფილმების პროდიუსერები, ჟურნალისტები ყოველდღიურად ჩამოდიოდნენ თბილისიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ფესტივალთან მხოლოდ ფილმების სიყვარული აკავშირებდა.

ქეთი კორძაძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, მაგრამ ამჟამად ბანკში მუშაობს. ის ფესტივალზე წელს უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამბობს, რომ აქ ის თავს თვის სამყაროში გრძნობს.
“ფესტივალი ერთგვარად მივსებს იმ დანაკლისს, რაც ჩემში პროფესიასთან ჩამოშორებამ გამოიწვია. წლების განმავლობაში ვადევნებ თვალს და მიხარია, რომ ვხედავ როგორ ვითარდება და იხვეწება ყოველწლიურად, ყალიბდება ფილმების ყურების კულტურაც მაყურებელში,”-ამბობს კორძაძე.

ფესტივალი მერვე დღეს საზეიმოდ დაიხურა. დაჯილდოვების ცერემონიალი კინოთატრ თბილისიშივე გაიმართა. შოუს ელემენტებით გამდიდრებულ საღამოს წამყვანი, ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორის, ავიაკომპანია აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი იყო. ნინო უკვე მეორე წელია ფესტივალის წამყვანია და უკვე მის სახედ იქცა.

“მე ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთი დონის ფესტივალის სახე ვარ და ძალიან მინდა რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი და მეტი წარმატება მოიპოვოს ფესტვალმა. შარშან, აგვისტოს ომის მოვალენების შემდეგ, კინოფესტივალის ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ დადგა. შესაძლებელი იყო, ბავრი სტუმარი არ ჩამოსულიყო, ჯერ კიდევ რთული და საშისი სიტუაცია იყო ჩვენს ქვეყანაში. მაშინ თქვეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად თქვენს გვერით ვდგავართ და ჩამოვალთ. მართლაც, სამოცამდე სტუმარი იყო ჩამოსული იმ სიტუაციაშიც კი. წელს ასზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა. ვთვლი, რომ ბათუმი ის ადგილია, საიდანაც შეიძლება საქართველო მათ ძალიან კარგად გაიცნონ.” განაცხადა ნინომ.

საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. გრან პრი – ოპიუმის ომი, სიდიქ ბარმაკი, ავღანეთი 2008
2. საუკეთესო მხატვრული ფილმი – ნაკაწრი, მიხეილ როსა, პოლონეთ, 2008
3. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – წერილები პრეზიდენტს, პეტრ ლომი, კანადა/საფრანგეთი, 2009
4. საუკეთესო რეჟისურა – ვასილ სიგარევი, ფილმისთვის “ბზრიალა”, რუსეთი, 2009
5. საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი – ფარვიზ პარასტუი აბდოლრეზა კაჰანის ფილმში “ოცი”, ირანი, 2009
6. საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი – მეგი კობალაძე ალპერ ოზჩანის ფილმში “შემოდგომა”, თურქეთი/გერმანია, 2008
7. ჟიურის სპეციალური პრიზი – კუპრი, ჯავორ გარდევი, ბულგარეთი, 2008;
8. ჟიურის სპეციალური პრიზი – ქალები საქართველოდან, ლევან კოღუაშვილი, საქართველო, 2008

დამატებითი პრიზები
– პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ქართველი კინორეჟისორისთვის) – მიხეილ კობახიძე
– პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (უცხოელი კინორეჟისორისთვის) – იოს სტელინგი (ჰოლანდია)
– დირექციის სპეციალური პრიზი – კინოწარმოების განვითარებისთვის – ვლოდიმერ ნიდერჰაუსი (პოლონეთი)

ახალგაზრდა კინორეჟისორების კონკურსის პრიზები

1. გრან პრი – ერთი დღე ათი დღის შემდეგ, ნარგეს აბიარი, ირანი, 2008
2. საუკეთესო მხატვრული ფილმი – რადგანაც არსებობს რაღაც, რაც არასდროს გვავიწყდება, ლუკას ფიგუროა, ესპანეთი, 2009
3. საუკეთესო რეჟისურა – ოპერის მომღერალი, ანგიესზა სმოჩზინსკა, პოლონეთი, 2009
4. ჟიურის სპეციალური პრიზი – ყვავილობა, ტესს ლოვენჰარდტი, ჰოლანდია, 2008
5. კინოსტუდია ”სანგუკოს” სპეციალური პრიზი ”ახალი ხედვა” – პირველი ფილმი, პანაჰ პანაჰი, ირანი, 2009

დაჯილდების ცერემონიალის შემდეგ ფესტივალი დახურულად გამოცხადდა და აუდიტორიას მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

9034_163767903280_684458280_2561090_2828551_n BIAFF-ი წელს 130 000 დოლარი დაჯდა. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი ბათუმის მერია და რამდენიმე კერძო კომპანიაა. ფესტივალის მარკეტინგის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი აცხადებს, რომ რეალურად ფესტივალის კარგად გეკეთებას, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჭირდება. მაგრამ ამ საქმეს დიდი სამეგობრო, ენთუზიაზმით, არასახელფასო შტატებით და მეგობრული კონტაქტებით აკეთებს და ამიტომაც გამოდის.

“ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალღონეს არ ვიშურებთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ. ფესტივალი კინოს პოპულარიზაციის, ერებს შორის ურთიერთობისა და მეგობრობის განვითარების ეფექტური სშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება, ძლიერდება, იზრდება მასშტაბები და მონაწილეთა რაოდენობა.” აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ

მფრინავი ცელოფნების ქალაქი

ავტორები:
რუსუდან ფანოზიშვილი
ეკა ჭითანავა

nagavi1

სადაზღვევო პროგრამა – იაფიც და მწირიც

ავტორი ცირა გვასალია

 

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის ერთსართულიან, ხისკარიან, გაურემონტებელ ამბულატორიაში ექიმები მაია კევლიშვილი და თინათინ ციქურიშვილი მუშაობენ და მოსახლეობას იაფი დაზღვევის პროგარამის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
    სოფელში, სადაც 1700 ადამიანი ცხოვრობს, სახელწიფოს იაფი დაზღვევის პროგრამით Nმხოლოდ 120 ადამიანი დაინტერესდა. მაგრამ პირობების გაგების შემდეგ უკლებლივ ყველა უკან გაბრუნდა. ხაშმის არც ერთი მცხოვრები არ დაეზღვია. მიზეზად სადაზღვევო პაკეტის სიმწირე დაასახელეს. თინათინ ციქურიშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა უფრო გეგმიურ მკურნალობაზე, მედიკამენტებსა და ბავშვთა მასაჟებზეა, რაც იაფი დაზღვევის საბაზისო პაკეტში არ შედის.
     სოფლის ამბულატორიის წინ, 26 წლის უმუშევარი, იოსებ თევდორაშვილი, დროს ხეთა ჩრდილში თავისი მეგობრებთან ერთად ატარებს. ამ დროს მას სოფლის ექიმისგან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს, თუმცა არასოდეს მისულა იაფ დაზღვევაზე უფრო დაწვრილებითი ამბის გასაგებად. იოსები სატელევიზიო რეკლამისგან მიღებულ ინფორმაციას დასჯერდა. 
   “ახალი ხილია და არ ვენდობი,” ამბობს იოსები.
    უფრო მეტი ხალხის მოსაზიდად მთავრობამ, სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, თავისი წვლილის შეტანა დაიწყო და გადაწყვიტა რეგიონებშიც გასულიყო. სამინისტროს წარმომადგენლები ოჯახის ექიმებს ავალებენ იაფი დაზღვევის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
    “ყველაზე მთავარი აგიტატორი მოსახლეობაში სოფლის ექიმი უნდა იყოს” , აღნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე. “ექიმს აქვს ყველაზე დიდი ნდობა პაციენტთან, რადგან მასთან აქვს პაციენტს მუდმივი ურთიერთობა.”
    სახელმწიფოს ახალი ინიციატივა, რომელიც 26 თებერვალს შევიდა ძალაში, ითვალისწინებდა მოსახლეობის იმ კატეგორიის დაზღვევას (3-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს), რომლებიც ამ დრომდე სახელმწიფო პროგრამებით არასოდეს ყოფილან დაზღვეულები.
იაფი დაზღვევის პროგრამა, რომელსაც 5 ლარიანი პროგრამის სახელითაც მოიხსენიებდნენ რეკლამებში, რეალურად 60 ლარი ღირს. ამ თანხიდან 40 ლარს ერთი დაზღვეული ადამიანისთვის სახელმწიფო ფარავს, დანარჩენ 19,80 ლარს კი – დაზღვევის მსურველი მოქალაქე.
სახელმწიფო ახალ სადაზღვევო პროგრამაში 500 ათასი ადამიანის ჩართვას ვარაუდობდა. 1 მარტიდან დღემდე 10 სადაზღვევო კომპანიაში, 28 ათასი ადამიანია დაზღვეული იაფი სადაზღვევო პროგრამით

200.000-მდე პრობლემური სესხი და 1500 გასაყიდი ბინა ბანკებში

ავტორი თაკო ფარადაშვილი

ვადაგადაცილებულ სესხების მონაცემთა ბაზაში თუ 60 ათასი ადამიანი ირიცხებოდა2008 წლის ივნისში, დღეს მათი რიცხვი 196.777-მდე  გაიზარდა.
გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც გადაუხდელი კრედიტების გამო. ბინის გაყიდვა ემუქრებათ.

თითქმის ცარიელ დარბაზში აღმასრულებელმა აუქციონი გახსნილად გამოაცხადა. აუქციონს სულ ორი ადამიანი ესწრებოდა -მსესხებელი და კრედიტორის, “თიბისი” ბანკის წარმომადგენელი. აღმასრულებელმა, დამსწრეებს აუწყა, რომ ეს მეორე იძულებითი საჯარო აუქციონი იყო, სადაც გასაყიდად გამოტანილი იყო იპოთეკით დატვირთული, 218 138 ლარად შეფასებული ბინა.
აუქციონის მსვლელობისას “თიბისი” ბანკის წარმომადგენელმა, თენგიზ ნოზაძემ მსესხებელს, თეონა რუხაძეს რამდენიმეჯერ შეახსენა, რომ ამ აუქცინით მას საბოლოოდ ჩამოერთმეოდა ბინა. თეონამ კრედიტორს ნამტირალევი თვალებით შეხედა და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერა – “ვიცი.” ამის შემდეგ, ნოზაძემ განაცხადა, რომ ბანკის მიზანი ბინის შეძენა არ ყოფილა, მაგრამ რადგან სხვა გამოსავალი მსესხებელმა არ დატოვა, ბანკი ამ ბინას თავად შეიძენდა. ბინის შეძენის სხვა მსურველი არ ყოფილა. აღმასრულებელმა ბინა გაყიდულად გამოაცხადა.
“ვიცოდი რომ ბინას ვერ გამოვისყიდდი, აქ, ალბათ, სასწაულის იმედით მოვედი” თქვა აუქციონის შემდეგ თეონა რუხაძემ.
2007 წელს მან და მისმა მეუღლემ “თიბისი” ბანკიდან ბიზნესის დასაწყებად 136.000 დოლარის კრედიტი აიღეს. ეს თანხა 7 წელიწადში ყოველთვიური 3000 დოლარის ოდენობის საპროცენტო გადასახადით უნდა დაეფარათ, მაგრამ ბიზნესი (რომელზე საუბრისგანაც მან თავი შეიკავა) არ აეწყო, რის გამოც თეონას ოჯახმა ყოველთვიური თანხის გადახდა ვეღარ შეძლო.
“ბანკში დედის ბინა იყო ჩადებული, ასე რომ, ქუჩაში არ დავრჩებით. თუმცა, ახლა მე და ჩემ მეუღლეს ორ ოთახიან ბინაში დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ადრინდელზე უფრო მჭიდროდ მოგვიწევს ცხოვრება” ამბობს რუხაძე.
ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინის ან სხვა უძრავი ქონების გაყიდვა უკანასკნელი  ბერკეტია, რომელიც ბანკს გასესხებული თანხის დასაბრუნებლად გააჩნია. სასამართლომდე მსესხებლებს, რომლებიც კრედიტის დაფარვას ვერ ახერხებენ, ბანკის პრობლემურ განყოფილებას გადასცემენ. აქ, სიტყვიერი ზეწოლით ცდილობენ აიძულონ მსესხებელი ვალი დააბრუნოს.
აგვისტოს ომის შემდეგ, ბანკების პრობლემურ განყოფილებაში გადაცემულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა. სააქციო საზოგადოება “კრედიტინფოს” მონაცემებით, (რომლის მიზანი ბიზნესისთვის კრედიტის მართვის დახმარებაა), დაუფარავ და ვადაგადაცილებულ სესხების მონაცემთაAბაზაში 2008 წლის ივნისში თუ 60 ათასი ადამიანი ირიცხებოდა, დღეს მათი რიცხვი 196777-მდე  გაიზარდა.
პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდის მიზეზად ეკონომიკის ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთი მხრივ, აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების შეჩერებამ და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენამ განაპირობა. მეორე მხრივ კი, 2007-2008 წლებში ბანკების მიერ სესხის გაცემისას არსებული რისკების გაუთვალისწინებლობას. 

სრული ვერსია ჟურნალში ტელეგრაფი

“ქალები დაგვისუქდნენ უსაქმურობისგან”

ქალები დაგვისუქდნენ უსაქმურობისგან

რეპორტაჟი–  ნათია მეტრეველი
ფოტო–  ალექსანდრე ბაგრატიონი

 

რკინიგზის ლიანდაგზე და ხეხილის ბაღებს შორის მინდორზე, “დევნილთა ქალაქია” გაშენებული. მათთვის განკუთვნილი ტერიტორია სოფელ სკრას ბოლოსაა, გორიდან 15 კმ-ში.
ეს “ქალაქი” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისათვის აშენდა.

skra
აქ სახლები  ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა განლაგებული. მათ შუაში ტუალეტების მწკრივებია. ორ სახლზე ერთი ტუალეტი მოდის, სოფელში კი სულ 86 სახლია. ერთი კოტეჯი ოთხ დევნილზეა  გათვალისწინებული. მისი  ფართობი 60 კვადრატული მეტრია.
სახლში შესასვლელად სამი კიბე უნდა აიარო.კარი მეტალოპლასმასისაა. შესვლისთანავე პატარა ოთაში ხვდები.  აქ დევნილებს მაგიდა, ოთხი სკამი და ტელევიზორი დახვდათ. ამ ოთახში სამი კარი გამოდის – ორი საძინებლის და სამზარეულოსი. თითქმის ყველა სახლის გარშემო მიწა დამუშავებულია და ბოსტანია გაკეთებული.

skra3

ველოსიპედზე მჯდარი ორი პატარა ბიჭი სახლებს შორის მოხრეშილ ქუჩებზე სეირნობენ.
ბავშვებმა მთავარი შესასვლელი გზიდან მარცხნივ გაუხვიეს, გზაზე გდახურული პატარა ფაცხაა, სადაც თონე დგას. სამი ქალბატონი თონეს გარშემო ტრიალებს. თონის შესასვლელთან,ბოძზე, პატარა თოკით მიბმული ქათამი კაკანებს.

skra4

 სრული ვერსია ჟურნალში ტელეგრაფი
10 ივნისიდან