Archive for the ‘ფელეტონი’ Category

გოგუცუნების დიქტატურა

ლევან რამიშვილი

 

 

ყოველი სახლის შენება საძირკველიდან იწყება და არა ჭერიდან. ეს, რა თქმა უნდა ბანალურია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ჟურნალისტი დიდი ხელოვანივით უნდა გაურბოდეს ბანალურობას, მაშინ, როცა ვირები გალობენ, ჟირაფები ცაში დაფრინავენ და კაჭკაჭები სიტუაციას აკონტროლებენ… როცა იქ, სადაც რეგვენები უბოდიშოდ დააბოტებენ, ბრძენებს ზღურბლზე ფეხიც ვერ დაუდგამთ..
 20 წლის წინ საქართველო ახალ ცხოვრებას შეუდგა და რა თქმა უნდა, მაშინაც ჰაერივით სჭირდებოდა ყოველი მოვლენის ანა-ბანის გარკვევა, მაგრამ  ამ მოსაწყენ და უმადურ საქმეს არავინ შებმია დიდი მონდომებით. ახალ ცხოვრებას ჩვენ ძველი სტერეოტიპებით თავგამოტენილები შევუდექით. ჯერ კიდევ ჰომო-სოვეტიკური მენტალობის მქონენი გზადაგზა ვიმატებდით ახალ-ახალ, ახლა უკვე `ფირმა” სტერეოტიპებს…

როგორი უნდა იყოს გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია? რას უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი? ამ კითხვებზე ჩვენ მულტი-სტერეოტიპული, ამერიკანიზებულად საბჭოთა მზა პასუხები გვაქვს, რადგან ამ პასუხების მიღებაში ყველაზე ნაკლები მონაწილეობა აზროვნებამ მიიღო…

მაგალითად ამერიკაში ერთკვირიანი თუ ორთვიანი სტაჟირებიდან დაბრუნებული ქართველი ჟურნალისტები და რედაქტორები, როგორც წესი, მზა რეცეპტებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებოდნენ ხოლმე. მათ დაიზუთხეს, როგორ უნდა მომზადდეს ნიუსი, რეპორტაჟი, დაისწავლეს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ მოდავე მხარეთა პოზიცია უნდა `დააფიქსიროს” (დაფიქსირება_თანამედროვე ჟურნალისტური ქართულის შედევრი…) და არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვას საკუთარი შეხედულება. ეს წესი ისე გულმოდგინებით დამკვიდრდა და ისეთ ხელშეუხებელ სიწმინდედ, ისეთ ტაბუდ იქცა, რომ საწყალი ჟურნალისტები მგონი საკუთარ ოჯახებშიც ვეღარ გამოთქვამენ საკუთარ აზრს და მხოლოდ ოჯახის წევრთა და ახლობელთა პოზიციებს `აფიქსირებენ”…
2108_rustavi2_b

ჩვენს გაზეთებში ძალიან გვიან და ძნელად დამკვიდრდა ჟურნალისტიკის ის ჟანრი, რომელსაც უცხოეთში `ოფინიონს~, ანუ აზრს, შეხედულებას, პოზიციას უწოდებენ. თითქმის ვერ მოიკიდა ფეხი `ედიტორიალმა~, ანუ რედკოლეგიის პრინციპულმა პოზიციამ. მაგრამ თუ გაზეთები ასე თუ ისე რაღაცას ცდილობენ მაინც, ქართული ტელე-მედია პირწმინდად უაზრო და უტვინოა _ აბსოლუტურად არაინტელექტუალური, გონებრივ საწყისს მოკლებული, ელემენტარული განსჯის ვერშემძლე. ქართულმა ტელევიზიებმა რატომღაც იმთავითვე შორს დაიჭირეს ჟურნალისტიკის ანალიტიკური ჟანრებისგან, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა,დავით კიკალიშვილის ღრმააზროვან და რაღაც ხუთოსნურ-კომკავშირულად, ზედმეტად გამართულ-ტკბილმოუბარ-მონოლოგისტურ წიაღსვლებს რომელიმე აფრიკული სოფლის ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებების შესახებ… ანგარიშგასაწევია ინგა გროგოლიას ენერგიულ-შეუპოვარი მოძრაობები და ტონიც შეკითხვის დასმისას… სულ ამით ამოიწურება ქართული ტელე-მედიის ანალიტიკური როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

asaval-dasavali
დღევანდელი ქართველი ჟურნალისტი არც რობერტ რედფორდის გმირს წააგავს ფილმიდან `კონკორდის სამი დღე” და არც ვლადიმერ ლისტიევსა თუ ვლადიმერ პოზნერს… მას არც მათთვის ნიშნეული კულტურული აურა მოსდგამს… ქართველი ჟურნალისტი ერთი საწყალი ნახევრად-გაუნათლებელი, თინეიჯერობის ასაკიდან ახლადგამოსული გოგოა, უფრო სწორად გოგუცუნა, რომელიც ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს არხის მფლობელისა თუ პროდიუსერის რჩევებსა თუ ბრძანებებს. თუ საჭიროა, ხალისიანი და ენერგიულად მოქაქანე იქნება, ან სერიოზული, დაძაბული, უკომპრომისოდ მომზირალი… სწორედ ეს პატარა, დასაქოქი თოჯინები, და არავინ სხვა წარმოადგენენ დღეს ქართულ ჟურნალისტიკას.

19522
ამ თოჯინების ვიწრო-მექანიცისტური, ბლაგვი ვითომ პროფესიონალიზმი ჩვენს თვალში ცვლის ნამდვილ პროფესიონალიზმს. ნამდვილი პროფესიონალიზმი არჩეულ სფეროში უმაღლესი მწვერვალების მიღწევას ნიშნავს. რომელმა ქართველმა ჟურნალისტმა მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს ჟურნალისტიკაში? რომელია ისეთი, ვინც თუნდაც ოდნავ მიუახლოვდა ნამდვილ მსოფლიო სტანდარტებს? _ არც ერთი… მე არ ვადანაშაულებ ჟურნალისტებს, რადგან ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მათ რაიმე მწვერვალებს მიაღწიონ. მე ვადანაშაულებ მას-მედიის საშუალებათა მფლობელებს, რომლებიც განგებ არჩევენ იმ ასაკისა და გაქანების კადრებს, რომლებიც ვერაფერს მიაღწევენ. ყველა პროფესიას თავისი ასაკი აქვს. შეიძლება იყო ოცი წლის გენიალური ფეხბურთელი, მაგრამ ვერასოდეს ვერ იარსებებს ოცი წლის გემის კაპიტანი, და თუ იარსებებს, მისი გემი ჩაიძირება, რადგან კაპიტნობას ისეთი რთული და მრავალმხრივი გამოცდილება სჭირდება, რომელიც ოცი წლის ასაკში უბრალოდ ვერ გექნება… განა შემთხვევითია, რომ ყველა სერიოზული უცხოელი ჟურნალისტი ასაკოვანია, ქართველი ჟურნალისტების საშუალო ასაკი კი თინეიჯერულს ბევრად არ სცილდება? ჩემი აზრით უვიცობა, გაუნათლებლობა, გამოუცდელობა, არაპროფესიონალიზმი დღევანდელ საქართველოში ტოტალიტარიზმის იარაღია.
დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, ჭკვიანი, შემოქმედებითი (დღევანდელი ენით `კრეატიული~) ადამიანი უმუშევარი დადის და დეპრესიას ებრძვის. და ვერავინ გაგვცემს პასუხს უბრალო კითხვაზე _ რატომ? რატომ უნდა იხრჩობდეს იაფფასიან არაყში განათლებული, იდეებით სავსე პროფესიონალი თავს, როცა ირგვლივ ამდენი ტელევიზია, რადიო და გაზეთია? პასუხი ერთადერთია _ იმიტომ, რომ ნიჭი, გონება, შემოქმედებითობა თავისთავად გულისხმობს თავისუფლების რაღაც ხარისხს. შინაგანი თავისუფლების გარეშე ადამიანი ამ უნარებს დიდად ვერ განივითარებს. ჩვენს მას-მედიას კი დღეს ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ინდივიდები ჭირდება, რადგან ისინი უსიტყვოდ არ აასრულებენ ყოველ შენს ულოგიკო, გაუმართლებელ კაპრიზს.

maestro
და აქ საქმეში პოლიტიკა შემოდის, მას კი ეკონომიკა მოსდევს. ჩვენი ტელევიზიები პირდაპირ ემორჩილებიან პოლიტიკოსებს, ან მათ ორეულებს, რომელთაც უმაღლესი ძალაუფლება ეკონომიკურად აკონტროლებს. საქართველოში ჯერაც არ მოშლილა მანკიერი ეკონომიკური სისტემა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ორგანიზაციას შეგიძლია დამალული გადასახადები `აღმოუჩინო” და ერთ დღეში დახურო. ამას დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობასაც თუ დავუმატებთ, ყველაფერი ნათელი გახდება, და ესეც ბანალურობაა, თანაც უკვე გულისარევამდე ნაცნობი, მაგრამ სანამ ეს ბანალური პრობლემები არ მოგვარდება, მანამდე ჩვენი სახლი თავდაყირა იდგება და მუდამ წაქცევის ზღვარზე იქნება. მანამდე უნიჭო გაიმარჯვებს ნიჭიერებაზე, უგუნურება _ გონიერებაზე, ბლაგვი სირეგვნე _ შემოქმედებაზე, ტყუილი _ სიმართლეზე.

ce644427ebdb
და ამის შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ? ნურას უკაცრავად _ ბელადები და ტირანები არსად წასულან, ისინი ჩვენში არიან დღესაც, უბრალოდ დაპატარავდნენ მონსტრუოზული გენსეკების ნაცვლად ტელევიზიის უწყინარი დირექტორების სახე მიიღეს, ბლანჟეები გაიკეთეს და `თანამედროვე~ ტერმინებით ლაპარაკი ისწავლეს. არც პოლიტიკური სისტემა შეცვლილა და სიტყვის თავისუფლებაც არ დამდგარა, ეს ყველაფერი ილუზიაა, პრიმიტივების მოსატყუებელი. საბჭოთა სისტემას საქართველოში მხოლოდ მექანიზმი გაურთულდა _ თუ ადრე პირდაპირ, უხეშად იკრძალებოდა თავისუფალი აზრი, ახლა ის შეფარვით, უტყუარად მომუშავე, თითქმის უხილავი შინაგანი მექანიზმების მეშვეობით იხშობა. ობივატელს გაუკვირდება _ ჩვენში ხომ უკვე `ყველაფრის თქმა შეიძლება~? ხომ არავინ ახშობს ოპოზიციას? საქმეც ამაშია _ მე არ მითქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური აზრი იკრძალება. მე ვთქი, რომ თავისუფალ აზრს ადევს ტაბუ… თავისუფალი აზრი სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ აზრს. პირიქით, არსთა შინაგანი კანონზომიერების მიხედვით ის სწორედ რომ არაპოლიტიკური უნდა იყოს. პოლიტიკოსები ერთმანეთს დაჭერობანას და დახუჭობანას ეთამაშებიან _ ოპოზიცია და მთავრობა უფრო მეტადაა დაფარული ეკონომიკური კავშირებით ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ვიდრე ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ჩანს… პოლიტიკოსები ყოველთვის იმდენს ამბობენ და ისე ამბობენ, რომ არც სხვისი შამფური დაწვან ზომაზე მეტად და არც მასზე წამოცმული თავიანთი მწვადის ნაჭრები… ესეც არ იყოს, პოლიტიკოსები ყველაზე უნიჭო, განუვითარებელი, ყველაზე გონებაშეზღუდული და პრიმიტიული ხალხია ამქვეყნად. რა უნდა მოიტანოს მათი აზრის თავისუფლებამ? ეს იგივეა, რომ საგიჟეთიდან პირდაპირი ჩართვები ვაკეთოთ და გვეგონოს, რომ სიბრძნეს დავუთმეთ ასპარეზი… დღეს თავისუფალი აზრის ჩახშობა იმაში გამოიხატება, რომ ქართველი ჟურნალისტი გამყიდველურად ნეიტრალურ-უსახურია, რომ არაპოლიტიკური, საღი აზრი _ არც ხალხისგან, და არც ინდივიდებისგან წამოსული _ არ ჭაჭანებს არსად; იმაში, რომ უნიჭობა, უსახურობა ჩაგრავს შემოქმედებითობას (შემოქმედება ხომ აზროვნების ფორმაა…). დღევანდელი ქართული მას-მედიით თუ გავიცნობთ საქართველოს, შთაბეჭდილება დაგვრჩება რომ ეს კატასტროფულად გაუნათლებელი, უნიჭო და უშინაარსო ნაციაა. თუკი პრეტენზია გვაქვს უფრო მეტზე, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული მას-მედია არაადეკვატურია და ჩვენს განვითარებას, ჩვენს თვალსაწიერსა და ინტერესებს ვერ ასახავს.
რეალობის მასმედიური აღქმა ბევრად უფრო პრიმიტიულია, ვიდრე თუნდაც ყველაზე გამოყრუებული გლეხის. როგორც იცით, რეალობა არასოდეს არაა ერთგანზომილებიანი, მარტივი. ყოველ მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან სჭირდება დანახვა. იმისათვის, რომ აღქმა ასე თუ ისე სრულფასოვანი, სრული იყოს, მრავალმხრივი ხედვა აუცილებელია, ისევე როგორც, საფუძვლიანი ანალიზი, სინთეზი… მაგალითად როცა ვამბობთ, რომ რუსეთი ბოროტებაა, იმიტომ, რომ დაგვბომბა და ამ აზრს უპირობოდ იზიარებს მინისტრი, მუშა, ინტელიგენტი და ჟურნალისტიც, ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აღქმა ცალმხრივი, პრიმიტიული და ტენდენციურია, არამედ იმასაც, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც ქვია აზროვნების აქტი. ჩვენ რომ ვაზროვნებდეთ, შევეცდებოდით მაინც, ამ ყველაფრისთვის შეგვეხედა  მსოფლიო გეოპოლიტიკის, მეტაისტორიის ჭრილში, ინტელექტუალურ, სულიერ სიბრტყეზე და ა.შ. როდესაც ინფორმაცია შენგან თავისთავად მოითხოვს პოზიციას, შენ ტოტალიტარიზმის მსხვერპლი ხარ და არა ტელემაყურებელი…
და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თვით მაყურებელიც ტირანია. ის იმისთვის კი არ ისმენს ახალ ამბებს, რომ ინფორმაცია მიიღოს განსჯისათვის, არამედ იმისთვის, რომ თავისი აზრების `ოფიციალური~ დადასტურება მიიღოს. ამის მიხედვით არჩევს ის ტელეარხებს _ იმ არხებს უყურებს, რომლებიც მის აკვიატებულ შეხედულებებს იმეორებენ… და მას-მედიაც, თავისი ძველთაძველი ბუნების შესაბამისად, `ხალხის დაკვეთას ასრულებს~… აქედან წარმოიქმნება რაღაც უცნაური, სექტანტური დაჯგუფებები საზოგადოებაში. ყოველი ასეთი დაჯგუფება მაყურებლებისა და ჟურნალისტების ფარული ალიანსის შედეგია. დღეს საქართველოში ორი ასეთი დაჯგუფებაა: ოპოზიციონერული და `პოზიციონერული~ (ესეც დღევენდელი Hჟურნალისტური ქართულის მორიგი შედევრი…). ორივე დაჯგუფება, თავის მაყურებლიან-ჟურნალისტიანად დარწმუნებულია, რომ მართალია და რეალობას ობიექტურად ხედავს, რომ მეორე მხარე ბოროტებაა, და ამიტომ სრული უფლება აქვს, დაუნდობლად გაუსწორდეს ფიზიკურად, რა თქმა უნდა თავის მაყურებლიან-ჟურნალისტიანად… ორივე მხარეს თავისი ტელევიზიები აქვს, რა თქმა უნდა, `ობიექტური~… აი, სადამდე მიგვიყვანა ყველაზე ჩვეულებრივი, `ბანალური~, უბრალო პრინციპების იგნორირებამ…
და კიდევ ერთი პატარა დეტალი, რომელიც წესით არც პატარაა და არც დეტალია, მაგრამ ჩვენს ხელში სწორედ დეტალად, თანაც სრულიად გამოუსადეგარ და ხელისშემშლელ დეტალად იქცა… მე ვიცნობ ერთ ჰიპერ-პროფესიონალ ჟურნალისტს, უზარმაზარი ცოდნისა და გამოცდილების პატრონს. ის ხშირად ჩნდება ამა თუ იმ ტელეარხისა თუ გაზეთის სათავეში, მაგრამ ერთ-ორ თვეზე მეტს არსად არ აჩერებენ. მისი დაწუნების მიზეზი მისი არაპროფესიონალიზმი არ გახლავთ (პროფესიონალიზმს მას ვერ დაუწუნებ). მიზეზი ერთი პატარა დეტალია, სახელად პატიოსნება…
ყოველი სახლის შენება საძირკვლიდან იწყება…

Advertisements

სექსი და ივერთ მხარე

ლევან რამიშვილი

ყველა ერი დედამიწაზე მეტ-ნაკლები სექსუალური თავისუფლებით გამოირჩევა. ამ მხრივ, ალბათ ვერავინ შეედრება ბრაზილიელებს, ფრანგებს და შვედებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ქართველები განსაკუთრებულად არასექსუალური ხალხი ვართ. ის, რაც რუსისთვის, ბალტიისპირელისთვის, გერმანელისთვის, ინგლისელისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის შეიძლება ლოყების ჩამოხოკვისა და ცხვირ-პირის ჩამოსისხლიანების მიზეზი გახდეს.
თუ 18 წლის ნებისმიერი ეროვნების გოგონა თავისუფლად ეძლევა სიყვარულს მისივე ასაკის ბიჭთან და თან იმაზე კი არ ფიქრობს, რას იფიქრებენ დედა, მამა, ბიძა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ქართველი გოგო დღესაც კი, XXI საუკუნეში ამის უფლებას თავს ვერაფრით მისცემს (ყოველ შემთხვევაში აშკარად და დაუფარავად). ჩვენში დღესაც კი საყოველთაო დაგმობას იმსახურებს ქმარს გაშორებული ან დაქვრივებული ქალი, რომელიც `საყვარელს იჩენს~. ასეთი ქალი ავტომატურად `ბოზია~. ამიტომ მარტოდ დარჩენილ ქალს ერთადერთი გზა აქვს _ ხელმეორედ გათხოვდეს, ანუ ოფიციალურად, ნოტარიალურად დაიმტკიცოს საყვარელ კაცთან ალერსის უფლება. ამას რა უჭირს _ რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქაღალდში რა ეწერება, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება. საქმე ისაა, ქართველი კაცების უმრავლესობას `განათხოვარ~ ქალთან საქმის დაჭერის ისე ეშინია და ისე გაურბის მას, როგორც როგორც შავ ჭირს და ხოლერას… რა თქმა უნდა, ხელმეორედ გათხოვების შემთხვევები არის, მაგრამ კაცების მხრიდან საერთო განწყობა მაინც არსებობს.

hippiekiss
საერთოდ აღარაფერს ვამბობ ე.წ. `თავისუფალ სექსზე~, როცა ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ჯერ სიყვარულს მიეცემა და მხოლოდ მერე, დიდი ხნის შემდეგ იწყებს (თუ საერთოდ იწყებს) ფიქრს ბეჭდებზე და ბიუროებზე, პირშიბოლოკგაჩრილი გოჭების თავებზე და დასაპატიჟებელ-გამოსატოვებელ ხალხზე, შემოსავლებ-გასავლებზე, ვალდებულებებზე და ათასგვარ ასეთ მოსაწყენ რუტინაზე…
მოკლედ რა ბევრი მტკიცება უნდა, რომ ჩვენში სექსი დღემდე, XXI საუკუნეშიც კი ტაბუდადებული და აკრძალული რამ არის. შეიძლება ბევრი ქართველი ძალიანაც `აღვირახსნილად~ ცხოვრობს, მაგრამ სხვა რამეზე მაქვს საუბარი _ ჩვენთან სექსი ტაბუირებულია, როგორც მოვლენა _ ის არ არის აღიარებული და მიღებული საზოგადოების მიერ, როგორც ცხოვრების ჯანმრთელი და ბუნებრივი ნაწილი. ზუსტად ასევე, ბევრი მაჰმადიანი შეიძლება ჩუმჩუმად ძალიან ბევრსაც სვამდეს, მაგრამ ალკოჰოლი მაჰმადიანობის მიერ მაინც უარყოფილია.
მსმელი მაჰმადიანების არ იყოს, ამ ქვეყანაზე ბევრი გულთა (და სხვა ინტიმურ ადგილთა) მპყრობელი, `გროზნი იობარი~, ნამდვილი სექს-გიგანტი ქართველი მამაკაცი დადის. ბუნებრივ მოთხოვნილებებს ისინი ადრე დიდ რუსეთში იკმაყოფილებდნენ. სასაცილოა _ საჭირო იყო 2 000 კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ გაგეკეთებინა ის, რასაც ნებისმიერი ცოცხალი არსება, მწერებით დაწყებული და ბეჰემოთებით დამთავრებული, მაქსიმუმ ათი, ჰა-ჰა ასი მეტრის რადიუსში ახერხებს. ერთი ისღა დაგვრჩენოდა, საპირფარეშოში ავსტრალიაში ან ფიჯის კუნძულებზე გვეარა…
თუმცა ასე იყო თუ ისე, იმ `ავადსახსენებელ~ დროშიც კი `ცოცხალ~ ქალთან საქმის დაჭერის შესაძლებლობა მაინც არსებობდა. დღეს რუსეთი თითქოს უკრაინამ შეცვალა, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ფართო მასებს იქ გამგზავრების შესაძლებლობა არა აქვთ და ორ ქვეყანას შორის ეს სექსუალური კავშირი ჯერ-ჯერობით ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების, ანუ პრივილეგირებული ჯგუფების დონეზეა გაიყინული.
მოკლედ ცუდ დღეში არიან ქართველი კაცები, მაგრამ მათზე უარეს დღეში მაინც ქართველი ქალები იყვნენ და არიან. მათთვის, ისევე როგორც დედამიწის სხვა ყველაზე ჩამორჩენილ, მკაცრად ასკეტურ-პურიტანულ ზონებში მცხოვრები ქალებისთვის, სექსი უბრალოდ აკრძალულია. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ცოლ-ქმარს შორის `კანონით ნებადართული~ სექსი, რომელიც ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სხვა ფაქტორების გამო ქორწინებიდან რამოდენიმე წელიწადში როგორც წესი ისეთ ფორმებს იღებს, რომ ქართული ჭიდაობა უფრო ეთქმის, ვიდრე სექსი, ან მით უფრო _ სიყვარული…

l_e72d409b09919ac35ce81d35d0656d86
როგორც ხედავთ, აქ უკვე შემოვიდა ახალი მოქმედი პირი _ კანონი. პირი, რომელიც სულაც არ არის პირი, რადგან არც პირი აქვს და არც ცხვირი, მოკლედ არავინაც არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მაინც დიდ როლს თამაშობს, დიდს კი არა და უზარმაზარს, უმეტეს შემთხვევებში კი ჩვენს ბედსაც კი მთლიანად ის წყვეტს. მაგრამ ეს მოქმედი პირი, კანონი მაინც დიდი არაფერი არაა, `პაიკია~ სხვა მოთამაშესთან, ნამდვილ `დედოფალთან~, თუ გნებავთ, `მეფესთან~ შედარებით. ამ ყველგანმყოფ, ყოვლისმპყრობელ და ყოვლისშემძლე მოქმედ პირს ჩვენს შინაგან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეწოდება `დაუწერლი კანონი~. აი ის კი ნამდვილი მბრძანებელია სრულიად საქართველოისა. მას თავის დროზე მეფეებიც კი ემორჩილებოდნენ, დღეს კი ჩვენ ვართ გაგებული მის ფერხთქვეშ, ვითაარცა ჭეშმარიტი პოლის ტილო.
მაგრამ თუ კანონს რაღაც ლოგიკა მაინც აქვს და მის უკან ვინმე ასე თუ ისე გონიერი არსება მაინც დგას, `დაუწერელ კანონს~ არავითარი ლოგიკა არა აქვს და მის უკან არავინ არ დგას _ არც გონიერი და არც უგუნური. მისი ერთადერთი `ლოგიკა~ გამოიხატება ფრთიან ფრაზებში: `ასეა~, `ასე უთქვამთ~, `წესია~, `ათადან და ბაბადან ასე ყოფილა~, `ჩვენს წინაპრებს ასე უთქვამთ~… მაგრამ თუ იცით, ვინ არიან ეს `წინაპრები~? ვინ და… არავინ. ახლავე აგიხსნით: `დაუწერელი კანონის~ მოქმედების მექანიზმი ასეთია _ ის ზეპირად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, თაობიდან თაობაზე, დროთა განმავლობაში იცვლება და ამ ცვლილებაში შეიძლება ისეთი ფორმებიც მიიღოს, წინაპრებს რომ არც დასიზმრებიათ, მაგრამ მაინც ყოველთვის ამბობენ, `წინაპრებს უთქვამთ~ ასეო… მოკლედ, რომ ჩავეძიოთ და უკუმიმართულებით დროში გავყვეთ, უსასრულოდ ვივლით, ჩვენი `ძირძველი ტრადიციების~, დაუწერელი კანონების ავტორებს კი ვერასოდეს მივაგნებთ. შეიძლება მივაგნოთ ერთ ვინმე ნახევარადამიანს, ან სულაც ორანგუტანს, ბოლოს და ბოლოს მითიური `ათა და ბაბაც~ შეიძლება გამოვჩხრიკოთ სადმე მილიონი წლის წინ ჩვენს ერამდე, მაგრამ მისი კანონები ჩვენისაგან ძალიან განსხვავებული იქნება.

freelove
მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ქართველი თავის ბედს, მთელს თავის ცხოვრებას ბოლომდე ბრმად ანდობს ამ `ათადან და ბაბადან~ მომავალ `ტრადიციებს~, იმას რაც `ოდითგანვე წესი ყოფილა~ და ამით ძირშივე კლავს თავის ორიგინალურობას, განუმეორებლობას, პიროვნულობას, თავისუფლებას, სიცოცხლის უფლებას _ მოკლედ ყველაფერს, რაც ღმერთმა მისცა.
ამასთან ის არასოდეს სვამს კითხვებს. `ოდინდელი~ კოლექტიური აზრები, ცხოვრების მზა რეცეპტები და საერთოდ, კოლექტივის შიში ისე ღრმადაა ფესვგამდგარი ქართველში, რომ ლოგიკური კითხვები მის ქვეცნობიერამდეც კი ვერ აღწევენ, არათუ ცნობიერამდე. მას არ უჩნდება მაგალითად კითხვა _ თუკი, ვთქვათ, ქორწინებამდე სექსი `ქართული ტრადიცია~ და `ჩვენი ცხოვრების წესია~, მაშინ რაღა არის წაწლობა ან სწორფერობა?
ესეც ხომ სექსის ნაირსახეობაა თუ ეს `ჩვენი~ აღარ არის?
ან როდის მერე აღარ არის?
ან თუ ქორწინების გარეთ სექსი უსაშინლესი ცოდვაა, მაშინ რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს, რომ დადებითი, ლამის იდეალური გმირია ავთანდილი?

ან რატომაა, რომ `ღალატი~ კაცისთვისაც და ქალისთვისაც ერთნაირ დანაშაულად მიგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცებს ბევრად უფრო ნაკლებად ვკიცხავთ ამისთვის, ბევრად უფრო ვპატიობთ, ვიდრე ქალებს? რატომ? მაინტერესებს თუ აქვს ამაზე ვინმეს პასუხი. არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?
ან რატომ და საიდან გაჩნდა ასეთი ორმაგი, მატყუარა მორალი?
ქართველს ეს ეცოდინებოდა, თანამედროვე მეცნიერების _ ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების, სოციოლოგების, სექსოლოგების და სხვათა ტიტანურ შრომებს რომ იცნობდეს, მაგრამ ის მათ არ იცნობს, რადგან არაფრით ინტერესდება. ამის გამო მთელმა XX საუკუნემ მას ისე ჩაუარა, ყურიც არ შეუბერტყია. სამწუხაროდ, ფაქტიურად მთელი მსოფლიო ცივილიზაცია თავისი განმანათლებლობით, რაციონალიზმით, ფროიდიზმ-ნეოფროიდიზმით თუ სექსუალური რევოლუციით, მთელი თავისი ნიცშეებითა თუ ფრომებით, თავისი ლენონებითა და ჯიმი ხენდრიქსებით ქართველისთვის რაღაც უცხო და გაუგებარ ჩინურ ენად დარჩა. სამწუხაროდ საქართველოს მსოფლიოსთან, თანამედროვე ცივილიზაციასთან ზიარება `ევრორემონტის~ დონეს არ გაცდენია…
დღეს ბევრი ქართველი `ევრორემონტიან~ ბინაში ცხოვრობს (ან მასზე ოცნებობს) და ჯიპით დადის, მაგრამ სინამდვილეში ის ისევ ურემზე ზის და შუასაუკუნეობრივ წყვდიადში იმყოფება. ამის ყველაზე აშკარა მაგალითი სწორედ მისი სექსისადმი ველური, ჩამორჩენილი დამოკიდებულებაა.
სექსისადმი დამოკიდებულება იგივე ადამიანისადმი დამოკიდებულებაა. როდესაც მიგაჩნია, რომ უფლება გაქვს და შეგიძლია ვინმეს (დას, ბიძაშვილს, ცოლს, ქმარს…) ვინმესთან ურთიერთობა აუკრძალო, ან ამისთვის გაკიცხო ან დაადანაშაულო, ამით შენ მას არ აღიარებ, როგორც ადამიანს და საერთოდ როგორც ცოცხალ არსებას, რადგან ცოცხალი არსების თვისება ბუნებრივი თავისუფლებაა, ადამიანისთვის კი თავისუფლება შეგნებული არჩევანია (რომლის უფლება მას, როგორც ამბობენ, თვით ღმერთმაც კი მისცა). სწორედ ეს ფასეულება _ თავისუფლება არის თანამედროვე ცივილიზაციის ერთადერთი უპირობოდ აღიარებული ფასეულობა.

love_is_free
ქართველი კი ზის თავის ურემზე და ათასგვარ აბდაუბდაზე ფიქრობს _ მასონებზე და ეკუმენიზმზე, იმაზე, თუ რა თქვა ერთმა პოლიტიკოსმა _ ღობეყორეგლეჯიაშვილმა მეორეზე _ ჯამჭურჭელმტვრევიაშვილზე…
მაგრამ მოდით ქართველ ქალებს დავუბრუნდეთ _ ჩემი პირადი დაკვირვებით ისინი ასექსუალურები არიან. მათი გამოხედვა, მიხვრა-მოხვრა, მანერები ასექსუალურია. ამ დასკვნამდე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ მივედი და შემიძლია ათიდან ცხრა შემთხვევაში გავარჩიო ქართველი ქალის ფოტო არაქართველისაგან. არა ნაკვთებით და თმის ფერით, არამედ გამოხედვით _ ასექსუალური, ჩამქრალი, უსიცოცხლო გამოხედვით. არაქართველ ქალებს (და ამ შემთხვევაში ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს) აქვთ `რაღაც~, რასაც ქართველი ქალები პირწმინდად არიან მოკლებული. ეს `რაღაც~ არის ქალის ბუნებრივი სექსუალურობა, შეუნიღბავ-გადაუმალავი სილაღე, სინაზე და სირბილე (რომელიც ასევე სექსუალურია და ქალური სექსუალურობის ნაწილია), კიდევ რაღაც კეკლუცი `სითავხედის~ მსგავსი… ძნელია ასეთი რამეების ზუსტად თქმა…
ეს ყველაფერი ქართველ ქალებს არა აქვთ ან თუ აქვთ, ძალიან სუსტად მბჟუტავი, ისე მკრთალად და უღიმღამოდ, რომ გინდ ყოფილა, გინდ არა. ქართველ ქალებში ჩამქრალია რაღაც სხივი, სწორედ ის სხივი, რომელიც ასე ქალურია და რომელიც ქალში მთავარია… ქართველი ქალები რაღაც საბრალო, შეშინებულ, მექანიკურ თოჯინებს მაგონებენ.
ქართველი ქალის თვალებში ყოველთვის ამოიკითხავთ რაღაც გაკიცხვას, რაღაც უთქმელ კონფლიქტს მასსა და იმას შორის, რაც შეიძლება კაცსა და ქალს შორის წარმოიშვას და რაღა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ წარმოიშვას…
მოკლედ ქართველ ქალში თითქმის ვერასოდეს შენიშნავთ იმას, რასაც სექსუალურობა ქვია, რადგან სექსუალურობა არც კარგი ტან-ფეხია და არც სექსუალურად ჩაცმა. სექსუალურობა ადამიანის ბუნებრივი თვისება და მდგომარეობაა ან მისი უარყოფაა მდგომარეობა, რომელსაც ვერ დამალავ.

gtos723
მინდა სწორად გამიგოთ _ ასეთი მწარე ასექსუალურობა რომ არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი იდეალი რაღაც უზრდელი, უცერემონიო და აულაგმავად თავაშვებული ქალია _ აი ისეთი, უნახავები და გოიმები `კრუტოი~-ს რომ ეძახიან. არა, სულაც არა. ეს მეორე უკიდურესობაა, რომელიც, სხვათაშორის იმათ ემართებათ, ვინც მთელი ცხოვრება შებოჭილ-ჩახშობილი იყო და მექანიკურად `განთავისულფდა~.
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ასექსუალურობაში გადასული შებოჭილობა სიმახინჯეა. ამას თქვენ თვითონვე შეამჩნევთ, თუ ბუნებრივ, ლაღ, თავისუფალ და ასექსუალურ ქალებს (ან მათ ფოტოებს) ერთმანეთს შეადარებთ. სიმახინჯეა თუნდაც იმიტომ, რომ მახინჯი _ ანტიადამიანური და მონური ფილოსოფიის შედეგია. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა _ ყველა ასაკს თავისი თვისებები აქვს. და ეს თვისებები მხოლოდ იმ ასაკშია ლამაზი, რომელსაც ახასიათებს. სხვა ასაკში ის ნამდვილ სიმახინჯედ იქცევა ხოლმე. მაგალითად საშინელი სანახავია, როცა ოთხმოცდაათი წლის ბებო კეკლუცობს და იპრანჭება… ასექსუალურობა ბავშვობის და მოხუცებულობის თვისებაა და ამ ორ შემთხვევაში თავისთავად ულამაზესი რამ არის, მაგრამ ასექსუალური ქალი საშინელებაა _ მისგან რაღაც პირქუში, რუხი, უხეში იმპულსები მოდის. იმიტომ, რომ არ მოდის ის იმპულსები, რაც უნდა მოდიოდეს. და ამას ვერაფერი ვერ უშველის, ვერავითარი სულიერი განცდები და ფსიქოლოგიური წიაღსვლები; ვერაფერი, გარდა ჯანმრთელი, `მამა-პაპური~ სექსისა, ანუ იმისა, რასაც ფსიქოლოგები `ხასიათის სტრუქტურის ცვლილებას~ უწოდებენ.

OCA7HMZJQCADHPC6KCAG7IY3ICAM87FECCAMEO5GKCA01TKRFCA0Y6O9TCAP7PWKYCARZ7MSRCAA85BW1CAT14U61CAVGU23YCAE9QO99CAGK3QU4CAZZK8JPCALGKD47CAY0GVUICAIAKISKCA31ULKO

ამ ყველაფერს რომ ვამბობ, ქართველი ქალების დაკნინება სულაც არ მინდა. უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და

 თუ არ ვცდები, მგონი ამის მიზეზიც ვიცი _ ქართული საზოგადოება სხვაზე მეტად, მეტისმეტად მკაცრია ქალის მიმართ, მეტისმეტად პურიტანული.
ფაქტია _ მსოფლიოში დიდი ხანია უკვე მოხდა ის, რასაც სექსუალურ რევოლუციას უწოდებენ, საქართველოში კი ეს ჯერაც არ მომხდარა. მსოფლიოში დღეს სულ სხვანაირად, სხვა პრინციპებით ცხოვრობენ, საქართველოში _ სხვანაირად. მსოფლიო ვითარდება და წინ მიდის საკუთარი თავის, საკუთარი ბუნების შეცნობის გზაზე, საქართველო დგას.

გარდა იმისა, რომ მეტისმეტად მკაცრები და პურიტანები ვართ, ჩვენს თავს კიდევ სხვა რაღაც ხდება, რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი, ან რაც მხოლოდ ჩვენ `მოვახერხეთ~ ამ ხარისხით და მასშტაბებით. ეს `რაღაც~ არის საკრალიზაცია. თანაც საკრალიზაცია ამ სიტყვის არასაკრალური მნიშვნელობით… ანუ როცა რაღაცის `გაწმინდანება~ ხდება, თუმცა არა რელიგიური მნიშვნელობით, ანუ მიუხედავად გაწმინდანებისა,  ნივთი თუ მოვლენა მაინც არ უკავშირდება რაიმე მიღმიერს, ტრანსცენდენტულს და კვლავ ამქვეყნიური, `სვეცკი~ ცნობიერების ფარგლებში რჩება.
ჩვენს ცნობიერებაში საკრალიზებულია დედა (დედაბოძი, დედამიწა, დედამთილი:)…)
საკრალიზებულია ასევე მამა, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიცოლა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები და საერთოდ _ ცნება `ნათესაობა~.
საკრალიზებულია ცნება `სამშობლო~, საქართველო, ივერთ მხარე…
საკრალიზებულია ზოგჯერ `დედაქალაქი~, `ჩემი სოფელი~ და `ჩემი უბანიც~ კი…
საკრალიზებულია მეზობლობა, `მოყვარეობა~ და რა ვიცი, რა აღარ…
საერთოდ, როცა ამდენი რამეა საკრალიზებული, როგორც ჩანს ტვინი ავტო-საკრალიზაციის რეჟიმში გადადის და განურჩევლად ყველაფრის საკრალიზაციას ახდენს _ რადიოს, ტელევიზორის, აფხაზეთის დაბრუნების…
ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ქართველის ცნობიერებაში `წმინდაა~ _ რაღაც ამაღლებული და მყარად ხელშეუხებელი. ამაში თავისთავად ალბათ არაფერია ცუდი, მაგრამ როცა შენს ცნობიერებაში სექსი ასევე მყარად `უწმინდური~ და `ბინძურია~, მაშინ შეუძლებელია ეს ორი _ საკრალიზებული და დესაკრალიზებული, გაწმინდანებული და გაუწმინდურებული პოლუსი შენი ტვინის უჯრედებში ერთმანეთს არ შეეჯახონ. ამ შეჯახების შედეგად ქალი ან ასექსუალური ხდება (რადგან შეუძლებელია შეინარჩუნო იოტისოდენა სექსუალურობაც კი, როცა ყოველ მოსახვევში ამდენი `საკრალური~ რამე და ვინმე გეფეთება…) ან… გაბოზდეს _ ანუ ერთბაშად თავიდან მოიშოროს ყველაფერი `წმინდათაწმინდა~ და მიეცეს `უწმინდურობით~ ტკბობას…

თუ შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ქართველი `ბოზი~ თავს იმართლებს _ აქაო და გამიჭირდაო, ძმაოო, თორემ კი არ დამვიწყებია, ვისი გორისა ვაარო… ერთ ჩემს მეგობარს უცხოეთის ერთ ბორდელში უთხრეს, ქართველი გოგო გვყავსო. კაცს ქართველი (არც ქალი და არც კაცი) ხუთი წელი არ ენახა (მაშინ ძალიან ცოტა ქართველი იყო უცხოეთში), ჰოდა თხოვა `მამაშას:)~, შემახვედრეო. იმ ქართველმა გოგომ უარი თქვა. რამოდენიმე თვე უარზე იყო `თანამემამულესთან~ შეხვედრაზე. ბოლოს გატყდა, მაგრამ პირველივე, რაც უთხრა, ეს იყო _ ბოზი არ გეგონო, უბრალოდ გამიჭირდაო…

სხვათა შორის გერმანელი, ჰოლანდიელი თუ აფრიკელი კოლეგებისგან განსხვავებით ქართველი `ბოზებიც~ ასექსუალურები არიან. უცხოეთში მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება ხელოვნების რანგშია აყვანილი. ამ საქმით დაკავებული ქალები უამრავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნიუანსს ფლობენ, რომ კაცმა უფრო დიდი და ღრმა სიამოვნება მიიღოს. გაიხსენეთ თუნდაც ინდოელი `დევადასი~ ან იაპონელი `გეიშა~. თუმცა ამ მხრივ ევროპელებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს. აქ მთავარი ისაა, რომ ყველაფრის კეთება შეიძლება შენი საქმის და ადამიანის სიყვარულით… ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა იცი, რომ შენს საქმეში არაფერია ცუდი, დასაძრახი, ბილწი, მრუში, საზიზღარი, გულისამრევი, განკიცხვის ღირსი, ქოქოლადასაყრელი…

No Sex

მეძავობა რომ ყველაზე სამარცხვინო პროფესიად ითვლება, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ადამიანებს სექსი, როგორც ასეთი, მიაჩნიათ სიბინძურედ. მაგრამ მოდით ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე არ არის. რაღა რჩება მეძავობის წინააღმდეგ? ალბათ ის, რომ ასეთ ინტიმურ და ფაქიზ საქმეში ფული არ უნდა აიღო. თუმცა ჩვენ არ განვიკითხავთ არც პოეტებს და არც მუსიკოსებს იმისთვის, რომ თავისი ინტიმური გრძნობები გამოხატეს და ამაში ფულიც აიღეს. ნამდვილი ხელოვანი, რა თქმა უნდა, ფულს იღებს, რადგან სხვანაირად ის შიმშილით მოკვდებოდა და ვერაფერს შექმნიდა, მაგრამ თავის შედევრებს ის ფულისთვის კი არ ქმნის, არამედ იმისთვის, რომ არ შეუძლია, არ შექმნას. ერთი სიტყვით წერა მისთვის მოწოდებაა, ფული კი მხოლოდ გვერდითი ეფექტი _ აუცილებელი, მაგრამ მაინც არა _ მთავარი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეძავზეც, რომელიც თავისი საქმეს სიყვარულით აკეთებს, ანუ რომლისთვისაც ეს საქმე მოწოდებაა. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ ცდებით _ თუ ფსიქოლოგებსა და სტატისტიკურ კვლევებს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ მეძავების უმეტესობას თავისი ნებით აირჩია ეს პროფესია და მოსწონს იგი. ზოგადად ანგარების მომენტი თუ არ მოგვწონთ, ისიც ვიკითხოთ, რომელი ცოლი გაუჩერდებოდა ქმარს, მას რომ ამქვეყნად არაფერი ებადოს…

ამის წამკითხავი თავგამოდებული პურიტანი მძვინვარებით აივსება. ის ასეთ აზრებს ვერც კი დაუშვებს, რადგან ურჩევნია ასე იყოს _ ადამიანებმა თავისი საქმე ზიზღით აკეთონ, თვითონაც უბედურები იყვნენ და სხვებსაც მხოლოდ იმედგახცუება მოუტანონ და ზიზღი მოჰგვარონ, ოღონდ მას თავისი `სიმართლის~ სწამდეს. ამ შემთხვევაში `აზროვნება~ მხოლოდ თავდაცვის საშუალებაა და მეტი არაფერი.

ქართველი ბოზებიც, პურიტანული ზიზღით ავსილები, ჯერჯერობით `აჰა, ჩავიხადე, დროზე მორჩი~-ს პრინციპით მოქმედებენ. ალბათ მიხვდით, რატომაც _ მათ ეზიზღებათ ის, რასაც აკეთებენ, ისიც, ვისთანაც აკეთებენ და თავისი თავიც. ეზიზღებათ, იმიტომ, რომ სექსი მათთვისაც ბილწი, მრუში, საზიზღარი, გულისამრევია… ისინიც ჩვენებურები არიან, ჩვენნაირები, `ჩვენი დები…~ განგებ შეგაპარეთ ეს სიტყვა _ ვინმეს წარმოგიდგენიათ, `ბოზის~ მიმართ იხმაროთ ფრაზა `ჩემო დაიკო~, რომელიც ასე გიყვართ? თქვენ ხომ `ბოზები~ გეზიზღებათ! ამ შემთხვევაში თამამად მოგმართავთ ყველა ქართველს, კაცსაც და ქალსაც, რადგან ვიცი, რომ ამ საკითხში ყველანი თანხმდებით (და ვერაფრით ვერ გამოვიყენებ პირველ პირს…) _ `ბოზები~ ყველას გეზიზღებათ. არ გძულთ, არამედ სწორედ რომ გეზიზღებათ _ არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად _ გეზიზღებათ. ისინი თქვენში ზიზღს იწვევენ. შეიძლება თქვათ, რომ არ ერჩით, ან გეცოდებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ამით მხოლოდ თქვენს `კეთილშობილებას~ უსვამთ ხაზს და ამტკიცებთ, რომ ისეთი მიმტევებელნი ბრძანდებით, რომ არ ერჩით იმასაც კი, (`ც კი~ აქ მთავარია…), ვინც ასეთი საზიზღარია. თქვენ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ მოგლანდებიათ, რომ რომლემე `ბოზი~ შეიძლება თქვენი `ახლობელი~ (კიდევ ერთი საკრალიზებული ფენომენი) აღმოჩნდეს. ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ `ბოზი~ თქვენთვის ადამიანი არ არის. ადამიანი კი არა, ღორი რომ ღორია (კვლავ თქვენს წარმოდგენაში), იმის ფასიც კი არ გააჩნია _ `ბოზი~ თქვენთვის რაღაც (და არა ვიღაც…) მდაბალი და ბინძური არებაა, რომელზეც ფიქრიც კი არ ღირს. ის სადღაც თავისთვის არსებობს თავის `სიბინძურეში~ და ამ `სიბინძურის~ გარდა არაფერი არ გააჩნია _ არც წარსული და არც მომავალი, არც ფიქრი, არც გრძნობები, არც ოცნება, არც ტკივილი და სიხარული… მეძავებისადმი ზიზღი ააშკარავებს ქრისტიანული კაცთმოყვარების აბსოლუტურ ფარისევლობას და სიყალბეს, რადგან არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია საკუთარი თავი მეძავზე მაღლა არ დააყენოს _ სულ ოდნავ მაინც მაღლა…

და თუ გიფიქრიათ, რატომ ხართ ასეთი აზრის მათზე _ იმიტომ რომ გეშინიათ. გეშინიათ იმ `სიბინძურის~, რომელიც თქვენი აზრით მათშია, და რომელიც (ფიქრიც კი გზარავთ) _ შეიძლება თქვენშიც იყოს… დარომლის სახელიცაა სექსი.
უი, უი, უი! ღმერთმა დაგიფაროთ, ქართველო, `წესიერო~, `პატიოსანო~ ქალებო! თქვენ, `მანდილოსნებო~, არაფერი ადამიანური რომ არ გეკადრებათ! თქვენ _ ცაში რომ აგიყვანეს ამ იდიოტმა ქართველმა კაცებმა და იმდენი ხოტბა რომ გასხეს, რომ თქვენც დაგაჯერეს და თვითონაც დაიჯერეს, რომ `წმინდა~ ხართ _ `დაიკოები~, და `ჩვენი ახლობლის დაიკოები~! თქვენ, ცაში რომ ხართ გამოკიდებულები, ღრუბელზე რომ ზიხართ საშინლად მოწყენილები და უბედურები… და ასე ზეზეულად რომ ხმებით და არც მიწისა ხართ, არც ცისა, რადგან ვინც `მიწისა~ არ ყოფილა, ის ვერც `ცისა~ გახდება. კანონზომიერებაა ასეთი…

ასე დავამთავრებდი, მაგრამ ძალიან მინდა გითხრათ, რომ ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ასე ცხოვრობს, ვისაც ეშინია. თქვენ _ ვინც არ იცით, რომ ისიც, რისიც თქვენ გეშინიათ, წმინდაა (ბრჭყალების გარეშე), ნამდვილად წმინდაა, რადგან ისიც ღმერთმა შექმნა, შექმნა თქვენთან ერთად და თქვენში. და იმისთვის კი არ შეუქმნია, რომ ებრძოლოთ და დაამარცხოთ (უფრო სწორად მუდამ დამარცხებულნი იყოთ, რადგან ბუნებას ვერ დაამარცხებ), არამედ იმისთვის, რომ მისით იცხოვროთ და მასთან ერთად ბედნიერად იცუროთ, მანამდე, სანამ არ ამოიწურება და ბედნიერ, კეთილ სიბერეში არ შეაბიჯებთ. ასე რომ არ იყოს, ღმერთი არ შექმნიდა მას ასე ძლიერს და დაუმარცხებელს. მაჩვენეთ ადამიანი, რომელმაც სექსი დაამარცხა და თან ჭკუაზე არ შეირყა! შეიძლება მაჩვენოთ სულ სამი-ოთხი კაცი რამოდენიმე მილიარდიდან! მე კი გაჩვენებთ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, რომლებიც გაჩვენებენ მისი უარყოფით და ჩახშობით დაავადებულ და შეშლილ მილიონობით (შეიძლება მილიარდობითაც) კაცს და ქალს.
ძალიან მინდა გითხრათ, რომ საშიშია საკუთარ ბუნებასთან თამაში, რადგან თქვენ ბუნების, ანუ ღმერთის ნაწილი ხართ, ღმერთი კი კამათელს არ აგორებს…
მინდა ვინმე სადმე ლაპარაკობდეს ასეთ სერიოზულ საკითხებზე, მაგრამ ღობეგლეჯიაშვილს განცხადება დღესაც გაუკეთებია და აბა ვინ მოიცლის სხვა უმნიშვნელო რამისთვის…

გამოცხადებული დანიშვნის ქრონიკა

წარმოიდგინეთ, რომ მთელი შრომისუნარიანი ცხოვრების მანძილზე სტაბილურად იხდით ფულს იმაში რაც თქვენი არ არის. არა და იცით, რომ თქვენია, მეტიც არამარტო თქვენია, არამედ, ეს რაღაც უნდა გართობდეთ, ფიქრისკენ გიბიძგებდეთ და საერთოდაც, თქვენს ინტერესებს გამოხატავდეს. და ამ დროს თქვენი არ არის. ფულს იხდით, მაგრამ არ არის. გაბრაზდით? კი, ძალიან. მეც. მაგრამ ეს არ არის რომელიმე გულარძნილი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი. ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში.
ამ არხს ჩვენ ვინახავთ. ის ხელფასი, რომელსაც ამ არხის ყოველი თანამშრომელი იღებს ჩვენი გადახდილია. და ჩვენ გვაქვს სრული მორალურ-ეკონომიკური უფლება, რომ პიველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს. თუ რას ნიშნავს ეს, ზაგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონშია გაწერილი. თუმცა მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არხი თვითოეულ ჩვენთაგანს მისთვის საინტერესოს, თავშესაქცევსა და მისაღებს უნდა სთავაზობდეს. კაი, ცდილობდეს მაინც. ანუ გამოხატავდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესს და ამ ინტერესს ამავდროულად აკმაყოფილებდეს. თუმცა ასე არ არის. მაგალითისთვის: საწმოიდგინეთ ‘ბიბისი”, რომელიც უცებ მაუწყებლობს იმას, რაც ბრიტანულ საზოგადოებას არ აინტერესებს. ვფიქრობ, რომ ძნელად წარმოიდგენთ. იქ, ამის შემდეგ, ვფიქრობ, სულ ცოტა “ბიბისის” გენდირექტორის, ალბათ, ძალიან მაგარ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდება.
და ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არ არის ტელევიზია. ის ვერშემდგარი პროპაგანდის იარაღია.

სექტორი

ეს ის თემაა, რომლის შესახებ საუბრისას არათუ სიტყვები არ მყოფნის, არამედ სიტყვების, ეპითეტების, შორისდებულებისა და სასვენი ნიშნების სიჭარბეს განვიცდი! და როგორც ვატყობ არამარტო მე. ყოველთვის თავშეკავებულად კორექტული ქალბატონი შორენა შავერდაშვილი, რომელიც, სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დანიშვნის პროცესზე ზემოქმედებას ცდილობდა, ამ კეთილშობილური განზრახვის მოსალოდნელი და ნაწინასწარმეტყველი უშედეგობის შემდგომ დაგვპირდა, რომ შემოდგომიდან სრულიად სამოქალაქო საზოგადოება ყაზარმულ რეჟიმზე გადავა, რათა, სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების დროს მსგავსი უმსგავსობა აღარ დაუშვას. მე ვფიქრობ, რომ კვლავაც უშედეგოდ. არა იმიტომ, რომ ეჭვი მეპარება სექტორის შემართებასა, თუ გულწრფელობაში, არამედ იმ მარტივი მიზეზით, რომ ყოველი მცდელობა ამ ეტაპზე დაგვიანებულია. სამოქალაქო საზოგადოება 2003 წლის ნოემბერში არ უნდა გამოსულიყო აღნიშნული ყაზარმებიდან, ვინაიდან აიღო ხელისუფლების ცვლისა და ქვეყნის სათავეებში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მოყვანის პასუხისმგებლობა. და ამ პასუხისმგებლობით ამაყობდა კიდეც. თუმცა მერე იფიქრა, რომ საქმე გაკეთებულია და ნეტარებას მიეცა. ეს კი ყოველთვის სახიფათოა. შედეგმაც არ დააყოვნა. სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოსები
ხელისუფლებას შეერწყნენ და ასევე მიეცნენ ნეტარებას, ვინაიდან ძალაუფლებითა და შედეგად მიღებული მყარ ვალუტაში გამოხატული დივიდენტებით ტკობა რეალობის გრძნობას გიკარგავს, ხოლო რომანტიკოსებმა მცირე ხნის ნეტარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბორტს მიღმა დარჩნენ. მათ ეს არ ესიამოვნათ, თუმცა მოტყუებული და მიტოვებული ქალიშვილის ინფანტილური პოზა არჩიეს და მოძალადისგან თვითდასჯა მოითხოვეს. მოძალადემ კი, თავი არ დაისაჯა, პირიქით ძალადობა თავდავიწყების რეჟიმში განაგძო.
მყარად მჯერა, რომ ვერავინ ვერ მოგიხმარს და ვერ მიგატოვებს (სერიული მანიაკის გარდა), თუ შენ ამის ნება არ მიეცი. ყველაზე თავზეხელაღებული დიქტატორული რეჟიმებიც კი ყალიბდება
მას შემდეგ, რაც საზოგადოება ამ რეჟიმის არსებობის შესაძლებლობას დაუშვებს. სამოქალაქო სექტორმა დაუშვა პოლიტელიტის თვითნებობა და ახლა, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პირებს გონზე მოსვლა და წესიერად მოქცევა მოვთხოვოთ, გულუბრყვილობაა.
რატომ უნდა შეიზღუდოს საკუთარი თავი და დაგითმოს მან, ვინც ეს (დათმობას ვგულისხმობ) საერთოდ არ იცის რა არის და დათმობების გარეშეც თავს შესანიშნავად გრძნობს? არ უნდა დაგითმოს. მეტიც _ არ ესმის რატომ უნდა დაგითმოს, როდესაც შენ უპასუხისმგებლო და ინფანტილური ხარ. არ დაიმსახურე და იმიტომ. კი, გეტყვის რომ გითმობს, დათმობების ტალღას გამოაცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს ხატზე დაუფიცებს, რომ არათუ დათმობს ძალაუფლების ნაწილს, არამედ სიამოვნებით დათმობს. ამ დათმობების საჯაროდ განცხადების აქციებში, ამერიკულად რომ ვთქვათ, გადასახადებისგადამხდელთა ფულს დახარჯავს, კონცერტს სახელწოდებით “ვუმღეროთ დათმობებს” მოაწყობს, გახსნის განმუხურში კიდევ ერთ ბანაკს სახელად “დათმობები”, სახელმწიფო ღერბზე შეცვლის წარწერას და “ძალა ერთობაშია”-ს ნაცვლად “ძალა დათმობებშია” წააწერს,” თბილისი _ სოხუმი”-ს მიმართულებით მშენებარე ავტობანს “დათმობების გზა”-ს დაარქმევს, მერე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გია ჭანტურიას დაგინიშნავს, რომელიც ახალ სეზონში აუცილებლად გადაცემას სახელწოდებით “საუბრები დათმობებზე” შემოგთავაზებს. და ეს ყოველივე იმიტომ, რომ სამყაროში უზენაესი წონასწორობის კანონი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გულისხმობს: დაგითმობენ მაშინ, როდესაც დაიმსახურებ, ანუ ამ შემთხვევაში, ყაზარმებში არამარტო შეხვალ, არამედ გააცნობიერებ, რომ შესვლა ძალიან დაგაგვიანდა, აწი აღარ დაგავიანდება
და მანდ დარჩები.

2_9491_148991_1arxi

მოგებული სეტი, წაგებული გეიმი

ამ ცხოვრებაში რამდენიმე რამ არ მესმის. გარდა იმისა, რომ არ მესმის, თუ როგორ მუშაობს ჩემი პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც აღნიშნულ წერილს ვბეჭდავ, კიდევ ერთი რამ უსაზღვროდ მაკვირვებს: კერძოდ, მე თუ ვხვდები, რომ თუ გსურს კიდევ ერთი პროპაგანდის იარაღი გქონდეს, ამისთვის, სულ ცოტა, აუცილებელია, რომ ეს პროპაგანდის იარაღი ზემოქმედებდეს მათზე, ვიზეც ნადირობ, რატომ არ ესმის და ვერ ხვდება ამას საკუთრივ მონადირე?!
საქმე ის არის, რომ არდათმობების ჭრილში, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, ნათელი იყო, რომ გია ჭანტურიას გარდა დირექტორის პოსტზე არავის მიუშვებდნენ. სხვისი მოსვლა საზოგადოებრივი
მაუწყებლის ხელიდან გასხლტომას გულისხმობდა, და ამიტომაც სხვა, თუნდაც ზედმიწევნით პრინციპული (ბატონ ზვიად ქორიძეზე მაქვს ეჭვი) ან იდეალურად ნეიტრალური (სერიალების გადაღების მოსურნე ბატონი გიორგი კაჭარავა) ფიგურის ამ არხზე
არსებობა თავისთავად გამოირიცხა. თუ რატომ “გაუშვეს” ყუბანეიშვილი, ამაზე მოგვიანებით, ახლა, კი, რატომ დანიშნეს. ეს იყო იდეალური პერსონა: კორუფციისკენ საკმაოდ მიდრეკილი,
აქედან გამომდინარე, ადვილად კონტროლირებადი და სატელევიზიო სპეციფიკის მცოდნე. იკვლებოდა ორი კურდღელი: ის, დავესესხები მმართველს, არ გააჩმახებდა, და “ყურებად” პროდუქტს დადებდა. არხისკენ მაყურებლის მიზიდვით კი გაიზრდებოდა ამ არხის საზოგადოებაზე ზემოქმედების და შესაბამისად კონტროლის ძალაც. ამ უკანასკნელის თვალსაზრისით ყოველივე კარგად აეწყო. დირექტორი აბსოლუტურად და აგრესიულად მორჩილებდა, თუმცა ვერც მაუწყებლობის ახალი სეზონის ვარდისფრით მოხიბლა მაყურებელი და ვერც “ცხოვრება მშენიერიას” დეკლარირებით. არხს როგორც არ ვუყურებდით, ისევე არ ვუყურეთ. ალბათ იმიტომ, რომ არ მოხდა თვითიდენტიფიკაცია. ვერც მოხდებოდა, როდესაც არხის ლოგოტიპად პრიალა სავიდან ჟოლოსფრისკენ გარდამავალ, აშკარად ფალიკურ სიმბოლოს გვთავაზობ. გადაცემების მდარე ხარისხმა და არ ვიცი ვისზე გათვლილმა (მცირე გამონაკლისის გარდა) გემოვნებამ ვერ “ითამაშა”. შესაბამისად, არხი ვერ გახდა პროპაგანდის იარაღი, პირიქით, ის ანტიპროპაგანდის იარაღად იქცა, და დამკვეთის ( დამკვეთში მმართველ პოლიტელიტას ვგულისხმობ) საწინააღმდეგოდ დაიწყო მუშაობა.
და ვგონებ, ეს ვერ აპატიეს ყუბანეიშვილს და არა ერთი-ორი არასწორად ჩატარებული ტენდერი თუ “ატკატი”. ის რომ “ატკატი” არხზე გადაცემისა თუ რომელიმე სხვა ტენდერის მოგების ერთადერთი საშუალებაა, ეს ჩემმა თუთიყუშმაც იცის. რა ჯობია იყო გენერალური დირექტორი, ან მისი მოადგილე, გქონდეს სატელევიზიო გადაცემებისა, თუ ანიმაციური პროდუქციის მწარმოებელი საკუთარი სტუდია, აცხადებდე ტენდერს, მერე ამ ტენდერს შენივე “კანტორა” იგებდეს და ხელფასის გარდა შემოსავალი გადაცემების ხარჯზეც გქონდეს. ან თუ ღმერთი გაწყრა და ვინმე უცხომ განაცხადი შეგბედა, მოურიგდე მას, მოაგებინო და გადაცემისთვის თითქოს და საჭირო
გაბერილი ბიუჯეტი 60/40-ზე გაიყო? არაფერი არ ჯობია. ასე არამარტო პირველი არხი მუშაობს. ასე სხვა მაუწყებლებიც მუშაობენ, თუმცა ისინი იურიდიულად კერძო სტრუქტურები არიან და მათი “ატკატები” იმდენად არ აღელვებს გადასახადების გადამხდელებს, ანუ ჩვენ, ვინაიდან უშუალოდ ამ გადასახადებს, სახელმწიფო მოხელეებსა და საჯარო პირებს ხელფასისა
თუ არსებობისთვის აუცილებელი ბიუჯეტის სახით, ჩვენ ვუხდით. ხოლო პირველი არხი ჩვენით დაფინანსებულთა რიგს ეკუთვნის და ხელფასი გიხადო, შენ “ატკატები” აკეთო და კიდევ ის არ მაჩვენო რაც მინდა, ნამეტანია. არა, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მოცემულობაში ვერაფერს ისეთს ვერ გიზამ. უბრალოდ არ გიყურებ. და რომ არ გიყურებ, შენ ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენ, შესაბამისად, ვერ გახდები პროპაგანდის იარაღი. აი ასე. მარტივად.
ასეც მოხდა და ყუბანეიშვილი წავიდა. ლოგიკური იქნებოდა, რომ იქ, სადაც წყდება იდეოლოგიური საკითხები დასკვნა გამოეტანათ და თვითგადარჩენის ინსტიქტს ეზეიმა. ანუ: თუ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სხვა ელექტრონული მედიების მსგავსად ეს არხიც იყოს პროპაგანდის იარაღი, მაშინ მას უნდა უყურონ. და როგორ უნდა მოხდეს ეს? დღეს რაც არ უნდა მომხიბლავად შეფუთო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის სეგმენტი, რომელიც სჭირდება პოლიტელიტას (და ამ სეგმენტზე ოდნავ მოგვიანებით…) არ უყურებს ამ არხს, თუ არ იქნება ხელმძღვანელი პირის პერსონით აბსოლუტურად დაკმაყოფილებული. იმიტომ, რომ დღეს ამ არხის არყურება “ტრენდია”. ყურება რომ იქცეს “ტრენდად” საჭიროა სხვა ხელმძღვანელი. და არა გია ჭანტურია. ვინაიდან გია ჭანტურია
ლევან ყუბანეიშვილზე მეტად შესისხლხორცებულია მმართველ ძალასთან, მისი დანიშვნით საზოგადოების განწყობები საწოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ
არათუ შეიცვლება, არამედ უარყოფითი ნიშნით დამძიმდება კიდეც. და თავი გავანებოთ იმას, რომ, როგორც საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, გია ჭანტურია, ასე ვთქვათ, ყველა საეჭვო სატენდერო გარიგების მონაწილე თუ არა მცოდნე მაინც იქნებოდა! ის ერთადერთი იყო იმ კანდიდატთაგანი, რომელიც თვით პრეზიდენტის მხარდაჭერით ამაყობდა.

 

ახლა კი სეგმენტის შესახებ

ის ვისაც გაუხარდა პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი დირექტორი, სავსებით გარკვეულია. ნაციონალური მოძრაობის აქტიურ თუ პასიურ მხარდმაჭერთა პროცენტი სხვადასხვა მონაცემებით
11-დან 30 პროცენტამდე მერყეობს. იყოს 30%. არ მენანება. შესაბამისად გია ჭანტურიას დანიშვნით მოსახლეობის აღნიშნულმა პროცენტულმა ოდენობამ გაიხარა. მაგრამ საქმე ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი პროპაგანდას არ საჭიროებს. მასთან საქმე გარკვეულია. მისთვის მიშა ისედაც მაგარია .
ულტრაპროტესტანტებიც, როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, ანუ ისინი ვინც შეურიგებელთა კოჰორტას ავსებს, ასევე დაახლოებით 30%-ია. პროპაგანდა მათზეც არ იმუშავებს. ეს დახლოებით, ისეთივე თამამი ფანტაზიის სფეროა, როგორც, მაგალითად ისრაელის ჰამასის კეთილ განზრახვებში დარწმუნების მცდელობა.

და ვინ დარჩა? მიუმხრობელთა სადღაც 40%, რომელთაგან ნაწილი ზემოთაღნიშნული, ყაზარმებისკენ მიმართული სამოქალაქო სექტორია, ნაწილი, ეგრეთ წოდებული, ცხელი შოკოლადისა და ლიბერალის (ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აწი ტელეგრაფისაც) მკითხველი, დანარჩენი, კი მოქალაქეთა ნეტარი ჯგუფი, რომელმაც უბრალოდ არ იცის და უბრალოდ არ აინტერესებს. ზუსტად ეს სეგმენტია პოლიტელიტისთვის სასურველი. მისი ხმა გადაწონის არჩევნების დროს ან იქით, ან აქეთ, ვინაიდან, გაგიკვირდება და, დრო მაინც მიდის, და ადრე თუ არა, 2013 არჩევნები მაინც დაინიშნება, თუ რა თქმა უნდა პარლამენტმა სამარადჟამოთ არ დაუკანონა
მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტი, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემა იქნება. მოცემულ რეალობაში კი პროპაგანდამ უნდა ზუსტად
ამ 40% იმუშავოს. და ხელისუფლებისთვის სამწუხარო ის არის, რომ გია ჭანტურიას ხელმძღვანელობის ჟამინდელი ტელევიზია ზემოქმედებას ამ სეგმენტზე ვერ მოახდენს. აი არ შეხედავენ
ისინი გია ჭანტურიას ნაცოდვილარს და რა ვქნა? ყველა სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არ უყურებენ. და ისმის კითხვა: რა საჭირო იყო ყუბანეიშვილის გაშვება და გია ჭანტურიას მოყვანა, თუ არხი კვლავ
ვერ შეასრულებს დასმულ ამოცანას და კვლავ ვერ გახდება პროპაგანდის იარაღი?! ეს არის ის, რაც კომპიუტერის მუშაობის პრინციპის გარდა, სრულიად და კატეგორიულად არ მესმის. ანუ: მე თუ მესმის, რომ არხი “არ იმუშავებს”, რომელიმე ჩემზე გაცილებით ჭკვიან პოლიტტექნოლოგს რატომ არ ესმის???? პასუხი ერთადერთი მაქვს: ესმის, თუმცა ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად. ხელისუფლება მოკლევადიანი პერსპექტივების და ამწუთიერი წარმატებების რეჟიმში გადავიდა.
კი ეს უდავოდ, ულამაზოდ, მაგრამ მაინც მოგებული სეტია, თუმცა წაგებული გეიმი.

“ბორდელები”, “იმპოტენტები”…

“ეს ხომ იმპოტენტი ბორდია!” _ ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. ასე დაახასიათა სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინისწინა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა. და ეს მართალიც გამოდგა. თუმცა, ის ამ ფრაზას, სულ სხვა კონტექსტში წარმოთქვამდა და ბორდის ზოგადად შეზრუდულ უფლება-მოვალეობებს გულისხმობდა. უკანასკნელმა არჩევნებმა კი ამ ფრაზის ჭეშმარიტება მთელი ძალით ცხადყო. კი, კანონი მაუწყებლობის შესახებ ისე დაიწერა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ცვედანობის საკითხი იმთავითვე იყო მასში ჩადებული, მაგრამ ახლა საუბარი არა ფუნქციურ, არამედ ზნეობრივ იმპოტენციაზეა.
ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს უჭირს საკუთარი ნაკლოვანებების გაცნობიერება და აღიარება. ასე, სქესობრივი უძლურებით შეპყრობილი მამაკაცები, ყველაზე ხშირად, ქალბატონებთან საკუთარი წარმატებებით ტრაბახობენ. ზუსტად ასე იქცეოდა ბორდიც. მან, იმ პირობებში, როდესაც სრულიად ყველამ იცოდა, რომ გია ჭანტურიას დანიშნავდნენ, არჩევნები, დებატები და გარჩევები ატეხა. თანაც პირქუშად აცხადებდა, რომ ცხვირს არავის ჩააყოფინებდა, ზეწოლას ვერ აიტანდა და ასე შემდეგ. ეჭვი მაქვს რომ ხსენებული ზეწოლა ბორდმა იმდენად გაითავისა, რომ მოდუნდა და სიამოვნებას მიეცა. ერთის თქმა შემიძლია: როდესაც სოციუმს, ან რომელიმე მის სეგმენტს ძალადობა სიამოვნებს, ეს სადო-მაზოხისტური მიდრეკილებების აღიარებას ნიშნავს. თავისთავად აღიარება ჯანმრთელი მოვლენაა, ხოლო სადო-მაზოხიზმზე ვერაფერს მოგახსენებთ. სექსოპათოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ეს გაუკუღმართებაა, ხოლო ნაწილი ამტკიცებს, თუ ყოველივე ურთიერთშეთანხმებით ხდება, რატომაც არა? ჩვენს შემთხვევაში აშკარად ურთიერთშეთანხმებას აქვს ადგილი. ბორდი ნებდება და ბატონი კმაყოფილია. ცვედანია და სხვანაირად არ შეუძლია. რა ქნას? ხოლო რა ხერხებით ხდება ურთიერთდაკმაყოფილება, ეს უკვე გემოვნების საკითხია, რაზეც არ დავობენ.
დაზარალებული მხოლოდ საზოგადოებაა. და მისი მებაირაღე სამოქალაქო სექტორი, რომელსაც, როგორც ვატყობ სადო-მაზოხიზმზე უარყოფითი შეხედულება აქვს და, რომელიც, როგორც გაცხადდა ყაზარმებში მიდის. თუმცა, ყაზარმებისკენ მიმავალ გზაზე, მას ამ ყაზარმების აქტიურად მშენებელი ეროსი კიწმარიშვილი ხვდება…

…და კანდიდატი

რა გითხრათ? ზნეობაზე ნუ ვისუბრებთ. ზნეობა ასევე გემოვნების საკითხი გახდა. ნიჭიერი,სიცოცხლისუნარიანი და საკუთარი თავის “მეიკერი”. საქმის მცოდნე. ქონდა ყველაფერი. დღესაც აქვს, თუმცა უნდა…
აი რა უნდა ამაზე ცოტათი დაწვრილებით.
ბატონი ეროსის დირექტორობის კანდიდატობა ზღვაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მამცნეს. გამიკვირდა. როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი იდეოლოგ-პროპაგანდისტი საკანცელარიო ნივთს გესვრის, ძნელი წარმოსადეგია, რომ პროპაგანდის იარაღზე მიგიშვან. მითუმეტეს, რომ ამ იარაღის შექმნის უდავო დიდოსტატი ხარ. ესე იგი უბრალოდ ნერვებს უშლი. თუმცა მერე გავიხსენე “იმედზე” მორიგი დანიშვნა: გიორგი არველაძე. სურათი თითქოს გამიცხადდა: “რუსთავი ორი” ასე თუ ისე შემდგარია. “იმედი” ამორფული სხეული, და არველაძე გამოუცდელი ტელევიზიის საკითხებში, თუმცა გამოცდილი პოლიტტექნოლოგიებში. შესაბამისად “იმედი”-ს კომიდან გამოყვანას და რეანიმაციას ეცდება. და ბატონი ეროსი, რომელიც აუცილებლად შექმნის მარკეტინგულად მომხიბლავ პროდუქტს, შექმნის მხოლოდ იმიტომ, რომ “ტელევიზიონშიკობის” ჭია, ეჭვი მაქვს, რომ დღემდე ღრღნის, და იმიტომაც, რომ მეტად პრაქტიკული ადამიანი და გამოცდილი ბიზნესმენია. ყოვეთვის მომგებიანია გქონდეს “გაყიდვადი” პროდუქტი და მიყიდო ის მას, ვინც მეტს გადაგიხდის. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკლე ჭკუით მეფიქრა, რომ ბატონ კიწმარიშვილს “მიუშვებენ”, მას კარგ პროდუქტს “დაადებინებენ”, ხოლო შემდეგ მისგან ამ პროდუქტს მაღალ ფასად შეისყიდიან და მშიდობაში მოიხმარენ.
ბატონი ეროსი არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი, კვლავ პრაქტიკული მოსაზრებების გამო. ჯერ ერთი, რომ ის ფულს გააკეთებდა, და მეორე, ყოველთვის შეიძლება მოვაჭრეებმა ურთიერთსარფიან პირობებზე მოილაპარაკონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთმანეთს ასე კარგად იცნობენ. ორივე მხარისთვის იდეალური შეთანხმება. ხელისუფლება არ იწუხებს თავს და გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროპაგანდის იარაღს იძენს, ბატონი ეროსი კიწმარიშვილი, კი იკმაყოფილებს ამბიციებს. იდეოლოგიური ბრძოლა 40% გონების მოსაპოვებლად “რუსთავი ორის”, “იმედისა” და პირველ არხს შორის წარიმართებოდა და მაყურებელიც ამით დაებმებოდა _ აშკარად სამთავრობო არხების საპირწონედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პირის ტელევიზია იმუშავებდა და ბაიდენსაც გაუხარდებოდა და მიშაც მოიგებდა. მაგრამ არა. ბანქოს ასეთი გაშლა ჩემი მზით გაცხელებული ტვინის ნაყოფი იყო. ძნელი, ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი თამაშის ნაცვლად ხელისუფლებამ პრიმიტიული “დურაკა” გაითამაშა. და ვფიქრობ, რომ ამით ბატონმა ეროსიმ არანაკლები იხეირა.

საქმე ის არის, რომ ოთხმოცდაათიან წლებში სამოქალაქო სექტორის შექმნაში აღნიშული პერსონა აქტიურ მონაწილეობას იღებდა. “რუსთავი ორის” საშუალებით მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით. შექმნა მოდური მიმდინარეობა, ანუ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული სექტორი, რომელიც იმ ეტაპზე მართავდა მოვლენებს. მაშინ, პროპაგანდის საშუალებით, ბატონ ეროსი კიწმარიშვილს საზოგადოებრივი აზრის სადავეები ეპყრა, ეს კი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ხარისხია. შემდგომ მან ეს სადავეები დაკარგა. თუ რატომ და როგორ სხვა თემაა. მაგრამ ის, ვინც ერთხელ მაინც განიცდის ძალაუფლებით ტკბობას, ძნელი წარმოსადგენია, ამ ძალაუფლების
დაბრუნებას არ ცდილობდეს. მითუმეტეს ბატონი ეროსი. მას სადავეების დაბრუნება სურს. ამას ის მოკლე გზით _ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობით ეცდებოდა. თუმცა ისიც ეცოდინებოდა,
რომ მას დირექტორად არავინ დანიშნავდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს მეორე გზა: სამოქალაქო სექტორის რეაბილიტაცია-რეანიმაციის გზით ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებულ “ენჯეოების” საპირისპირო სოციალურად აქტიური საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა, რომლებსაც ზემოქმედება ექნებათ სანუკვარ 40%-ზე, ხოლო ვინც ამ 40% დაეუფლება ძალაუფლების რეალური სადავეებიც მას ექნება. ხოლო ბატონი კიწმარიშვილის არდანიშვნით, ხელისუფლებამ უნებლიეთ, მას სამოქალაქო სექტორისკენ უბიძგა. უნდობლობის ბუნებრივი ყინული, არჩევნების ცხელ კვალზე გამართულ გადაცემაში, თითქოს დაიძრა და ყაზარმებში მიმავალ, ძნელად სავალ გზებზე ეროსიმ სამოქალაქო საზოგადოებას დახმარების მზაობა განუცხადა. მეტიც. ეჭვი მაქვს, ყაზარმების მშენებლად ის მალე თავად მოგვევლინება.

რამდენად ურთიერთსარფიანი იქნება ეს თანამშრომლობა ვერ გეტყვით. ორივე მხარეს აქვს “გადაგდების” მწარე გამოცდილება. ბატონ კიწმარიშვილს შესანიშნავად ახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა ცხვირმოუხოცავმა ყოფილმა სამოქალაქო სექტორმა ის გააცურა. თუმცა საზოგადოებასაც არ დავიწყებია ამ ადამიანის მრავალსახეობა და თამაშის წესების თვითნებური ცვლისკენ მდგრადი მიდრეკილება. მოცემულ ეტაპზე ეროსის და სექტორის ინტერესები თითქოს ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ურთიერთობა კვლავ ურთიერთმოხმარებად იქცეს, რომელსაც, რომელიმე მხარისთვის არსასურველი შედეგები მოყვება.

ავტორი: ირა ჭელიძე
ჟურნალი ტელეგრაფი, მეორე ნომერი

„ფარაჯანირება“ ანუ შემოქმედებითი ფაშიზმი

რეჟისურის საფუძველი – ცხოვრებაა. თუ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ცხოვრებისეული წამი, თუ შეგიძლიათ დააკვირდეთ და იპოვოთ მასში ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, თუ შეგიძლიათ იგი ფილოსოფიურად განაზოგადოთ, მაშინ თქვენ რეჟისორი ხართ. პრაქტიკული უნარი – გადათარგმნოთ აზრი საეკრანოდ – დამოკიდებულია პედაგოგზე, რომელიც გასწავლიდათ, დამოკიდებულია თქვენს ნიჭსა და ნატურაზე”, – ასე თვლიდა თბილისელი სერგო ფარაჯანოვი.

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რეჟისორის, ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“ გვატყვევებს სილამაზის სრულყოფილებით“ – დაწერს მიქელანჯელო ანტონიონი.

„ფარაჯანოვის სიკვდილით, კინომ დაკარგა მისი ერთ-ერთი მაგი. ფარაჯანოვის ფანტაზია ყოველთვის მოაჯადოვებს და გაახარებს ადამიანებს მთელს მსოფლიოში“

სერგო ფარაჯანოვის სიკვდილის შემდეგ, ამ სიტყვებზე ხელს მოაწერენ ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, ფრანჩესკო როსი, ალბერტო მორავია, ბერნარდო ბერტოლუჩი, ჯულიეტა მასინა.

„კინოს ტაძარში ბუდობენ სურათები, სინათლე და რეალობა. სერგო ფარაჯანოვი ამ ტაძრის წინამძღვარი იყო…“ იტყვის ჟან ლუკ გოდარი

დიად კინოხელოვანს, რომლის დაბადებიდან 85 წელი, ამა წლის 9 იანვარს შესრულდა, არა საქართველოში, არამედ რუსეთში გადაუხდიან იუბილეს. მას მიუძღვნეს მოკლემეტრაჟიანი კინოსა და ანიმაციის, საიუბილეო, მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი “OPEN CINEMA”, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში 7-დან 15 აგვისტომდე.

დღეს, 6 აგვისტოს, ინჟინერთა სახლში, პეტრე-პავლეს სასახლეში გაიხსნა გამოფენა „სერგო ფარაჯანოვის სამყარო – ხელოვნება საზღვრებს გარეშე”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეჟისორის ფოტოპორტრეტები, ოსტატის გადაღებული ფოტოსურათები, მისი კოლაჟების და ნახატების რეპროდუქციები. როგორც ორგანიზატორებმა დააზუსტეს,  გამოფენის მსვლელობისას (6-დან 11 აგვისტომდე) საღამოობით, უჩვენებენ ფარაჯანოვის კინოშედევრებს, მის ექსკლზიურ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს და დოკუმენტურ ფილმს რეჟისორზე. თავად ფესტივალი გაიხსნება 7 აგვისტოს პეტერბურგის კინოს სახლში ფილმი „ბროწეულის ფერის” (ორიგინალური სახელია „საიათ-ნოვა”) ავტორისეული ვერსიით.

ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობის სურვილზე 500-ზე მეტი განაცხადი მიიღეს ორგანიზატორებმა, 23 ქვეყნიდან. „ბევრმა რეჟისორმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან, თითქოს იგრძნო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ფესტივალის პასუხისმგებლობა და წამოწია მწვავე საკითხები – სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ”, – ყვებოდა ფესტივალის პრეზიდენტი ლიუდმილა ლიპეიკო.

აი ასე განადიდა ორჯერ ფარაჯანოვის გადასახლებაში გამშვებმა რუსეთის ხელისუფლებამ – სერგო. გუშინ მეგობარმა მითხრა კიდეც, მოსკოვში ისეთი მუზეუმი აუშენეს, რომ ენახა „გინებით გასკდებოდაო“. ასე ინათლება „სურამის ციხის“ გადამღები, საერთაშორისო მასშტაბების საკულტო კინოხელოვანი, რუს „სახალხო არტისტად“. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ქართველს, რუსს და სომეხს, ხელოვნებისთვის ხომ გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები არ არსებობს. ხელოვნების ობიექტი საზღვარს აქეთაც იგივე ხელოვნების ობიექტია და საზღვარს იქითაც. ხელოვანიც ყველგან ხელოვანია. რა მნიშვნელობა აქვს სად არის. მნიშვნელობა ალბათ იმას უფრო აქვს, თუ როგორ მიიღებენ ამ ხელოვანს ამა თუ იმ ადგილზე და საზოგადოებაში. მისცემენ თუ არა საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებისგან თავისუფლად მუშაობის საშუალებას. ბოლოს და ბოლოს, სიკეთე, ჰუმანიზმი, ადამიანებისადმი, და, კარგი ვიტყვი, ქრისტიანული პრინციპებისადმი პატივისცემაც ხომ იმაში მდგომარეობს, ვისი, რისი, როგორის მიღებას შევძლებთ და არა იმაში, რას გავნდევნით.

ჰოდა მშვენიერია, რომ თუნდაც რუსეთში კეთდება, თბილისში ალენ გინსბერგის მასპინძელი სერგოს ხელოვნების რეტროსპექტივა. საქართველოში კი მას, სულ სხვა კონტექსტში იხსენებენ… ამასწინათ ქართულ ინტერნეტსივრცეში ხეტიალისას, გადავაწყდი ვინმე ლიანა ელიავას ერთ სტატიას მრავლისმეტყველი სათაურით „ფარაჯანირება“. წერილის სულისკვეთება პირველი აბზაციდანვე ნათელი ხდება, როცა ქალბატონი ლიანა, რომლის ვინაობამაც იმდენად დამაინტერესა, რომ არ დავზარდი და დავგუგლე, ტროელი კასანდრას ინტონაციით შემოგვღაღადებს და მიგვითითებს იმ უდიდეს ბოროტებაზე, რომელიც „ამღვრევს ქართულ სულიერებას“. ქალბატონი ლიანა, ამასთანავე „მომავალ ოპონენტებსაც“ ამშვიდებს „არც მსოფლმხედველობითა და არც ბიოგრაფიით არ გახლავართ კარჩაკეტილი, აგრესიული ქართველი შოვინისტი”-ო, მომავალ აბზაცში, კი ფარაჯანოვის იმ „ცოდვაზე“ გვესაუბრება, რომელიც მხოლოდ „კარჩაკეტილი, ქართველი შოვინისტისთვისაა“ – ცოდვა. მის სომხურ წარმომავლობაზე. ჰო, და კიდევ სხვა „ცოდვებზეც“, რომლებიც „მიჩუმათდა ამ კაცის გარშემო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანული თვალსაზრისითაც არ იყო გამართლებული, უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო (სხვაბრალდებებით სასჯელს აფორმებდნენ) ორჯერ ნასამართლევი და ციხიდან ახალგამოსული ადამიანის დამკვიდრება ქართულ კინოსამყაროში.” აი ასე, საბჭოთა წარსულის სისუფთავით და სექსუალური პრეფერენციების კრიტერიუმით  ვზომავთ  „ქართული შემოქმედებისა და სულიერების“ მეტრები ხელოვნების ნიმუშების მხატვრულ ღირებულებებს. მაგრამ აბა რა დროს ხელოვნებაა „ქვეყანაში, სადაც _ დემოგრაფიული მონაცემებით _ ერთ კაცზე თორმეტი ქალი მოდის, ის ერთიც თუ არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად არგია ეს გადაშენების პირას მყოფ (სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას) მცირერიცხოვან ერს?! გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება უკვდავთა სახელები ლიტერატურიდან, მუსიკიდან, სახვითი ხელოვნებიდან, კინოდან.“

გაუგებარია, ფინეთში გათხოვილი ქალბატონი ლიანა „ფარაჯანირების“ პრობლემის წამოწევით რას შეგვაგონებს, რას ჩივის და რას განიცდის… „სერჟიკას“ გავლენას ქართულ კინოხელოვნებაზე (თქვენს პირს შაქარი), თუ მისი და ზოგადად ქართული დემოგრაფიული ინსტრუმენტების ერთგვარ „მოცდენას“.

ამის შემდეგ არა ნაკლებ ბუნდოვან კავშირზე მიგვითითებს „ფარაჯანირებულ“ ქართულ კინოსამყაროს და „ჩიპსების თაობას“ შორის (აი აქ უბრალოდ არ შეიძლება არ დაეჭვდე კინომცოდნე ქალბატონი ლიანას პროფესიულ კომპეტენციაში) და გოდერძი ჩოხელის ტრაგიკულ ბიოგრაფიას ამ რაღაც მითიური „ფარაჯანიანთა სექტის“ მიზნად განიხილავს, ზუსტად ისევე, როგორც ორიოდ წლის წინ, გურამ შარაძის მკვლელობას აბრალებდნენ, ყველაზე გაყიდვადი გაზეთის ფურცლებიდან, ჩემს მეგობარ პოეტ, პაატა შამუგიას -ნუმეროლოგები, მკითხავები და მჩხიბავები. ეგ ისეთ სულწარწყმედილ პოემებს წერს, აბა სხვას ვის მოუბრუნდებოდა ხელი შარაძისთვის ესროლაო.

ამ სტატიის მთავარი გმირი არ არის ქალბატონი ლიანა, ამიტომაც არ მოგაწყენთ მისი, რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი წერილის, შიდა, ფსიქოლოგიური პლასტების კვლევით. თავადაც მიხვდებოდით, რომ ყველაფერი ამ გაუგებარი ტერმინის – „ფარაჯანირების, როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთი ადგილობრივი ნაირსახეობის“ უთავბოლო ტრიალით და გამსახურდიასთვის გუნდრუკის კმევით სრულდება. ამჯერად, ნურც იმ მოყინჭებულ ტენდენციას ჩავუღრმავდებით, რომ რატომღაც, ყველა ემიგრანტმა, აქ მცხოვრებებზე გაცილებით უკეთ იცის რა ხდება საქართველოში, რომელი დემონი შთანთქავს, რა ფორმულით „გაბრწყინდება“. რომ დემოკრატიულ სამოთხეებში მოკალათებულებს, ცალ ხელში ქართული დემოკრატიის დროშა უჭირავთ, მეორე ხელში კი ის ავტომატი, რომელსაც იმას უმიზნებენ, რასაც მათ შემხიზვნელ ქვეყანაში – დემოკრატიას, პლურალიზმს, ინდივიდის და თვითექსპრესიის უფლებებს უწოდებენ.

ნუ დავუშვათ, არც ისაა პრობლემა, (თუ ქალბატონი ლიანასავით, ხელოვნებაზე საუბრისას, არტისტის პიროვნულ თვისებებზე ავლაპარაკდებით), რომ ყველანაირი რაციონალური თვალსაზრისით, თბილისელი სერჟიკა ფარაჯანოვი გაცილებით უფრო „ქართველია“, ვიდრე იგივე ქალბატონი ლიანას სასიქადულო რევაზ ჩხეიძე, რომელმაც ახლახან, ფესტივალზე, მოსკოვში, სამადლობელო სიტყვა დაიწყო ფრაზით „ჩემი სამშობლო, ამ შემთხვევაში – საქართველო“ და მერე ქართულ-რუსულ კეთილმეზობლობაზე, საუკუნოვან ძმობაზე და რუსეთის სიდიადეზე მოჰყვა ყურისათვის ასე ნაცნობ სიმღერას. არა, ამის გამო „ჯარისკაცის მამაზე“ გადმოგორებულ ჩემს ცრემლს სულაც არ გასვლია ყავლი, მაგრამ ძნელია ასეთების შემდეგ, ამ რეჟისორის და რუსებისადმი მაზოხისტური სიყვარულით გამსჭვალულ სხვა „სახალხო“ არტისტების სოციალურ შეხედულებებს დაყაბულდე.

არა და საზოგადოებრივი აზრის ქვაკუთხედიც რომ სწორედ ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებია?

სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ამ ქვაკუთხედის ლოგიკურობაზე, ანუ საოცარ ინდიფერენტულობაზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ავლენს „ქართული კულტურის“ სახელით, სხვადასხვაგვარი ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების მიმართ და ამით უფრო ახალისებს ასეთ გამოხტომებს. სიტუაცია ორმაგად დამაბნეველი ხდება, როცა ამ ჩვენს, ეროვნუვნულ-მესიანისტურ ფუთში გახვეულ „ქართული კულტურაზე“, ფუშფუშა რუსული ბაფთა იწონებს თავს. აღმნიშვნელების ნამდვილი ქაოსია. შეიძლება მოღალატის იარლიყი მოგაკერონ, თუ მაგალითად რუსი პოეტის ალექსეი ცვეტკოვის გვერდით ლექსს წაიკითხავ, არა და იოსიფ ბროდსკი 1973 წელს რომ გააძევეს რუსეთიდან, 1975 წელს ცვეტკოვი მიაყოლეს. ნამდვილი ქართველი და ქართულ კულტურაზე შეყვარებული კი მაშინ ხარ, როცა ტრადიციულ ქართულ ქორწილში „მაია მულატკაზე“, „ზეკურ“ ჰანგებზე და რუსული შლაგერის სხვა მარგალიტებზე გართობას არ იუკადრისებ. როცა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას „სომხურ ფილმებად“ მოიხსენიებ და სომხურ-აშუღური მელოდიებით გამსჭვალულ რადიოსადგურებს, ქართული, ქალაქური, საქეიფო, გვარის და ჯიშის ყივილის სადარაჯოზე მდგარ „ვაჟკაცობის შუქურად“. როცა ამ ღვარძლიან წერილს ბეჭდავენ საქართველოში წამყვანი პერიოდიკები, მათ შორის ლამის ერთადერთი ლიტერატურული პერიოდიკა, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს ტირაჟით და ბაზარზე კონკურენტი ფაქტიურად არ ჰყავს (ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ #23, 2008 წელი) და ამ შოვინიზმის ზეიმს, მომდევნო ნომრებში არავისგან უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვება. პოზიტიური – იცოცხლეთ. მხოლოდ ამ რედაქციაში კი არა, სხვა სულიერად მონათესავე გაზეთებშიც ხოტბას ასხავენ მის ავტორს და ათასგვარ რეგალიებს არ იშურებენ. აი მაგალითად: „სიმწვავითა და აქტუალურობით გამოირჩევა შესანიშნავი რეჟისორისა და მწერლის ლიანა ელიავას წერილი უჩვეულო სათაურით “ფარაჯანირება”. ავტორის აზრით, ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგება ქართულ კინოში, ტელევიზიაში, სახვით ხელოვნებაში, საერთოდ, ქალაქურ ყოფაში მიმდინარე პროცესებს და კიცხავს რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის იდეების, მოტივების, შემოქმედებითი მანერის, ცხოვრების წესის მიბაძვა-გადმოღებას“ (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ #233, 2008 წელი). ან ეს „- ლიანა ელიავა თავისი ნაწერებით ჭეშმარიტებას ეძიებს და მშვენიერების შესამეცნებლად მკითხველსაც უკვალავას გზას , – დასძინა მაია ჯალიაშვილმა.როგორც მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ აღნიშნა, სიყვარულის მისტერიებში ჩვენი ქვეყნის, ქალაქის ცხოვრება და ის ტრაგედია იკითხება, რასაც ნიჭიერების თავის დროზე დაუფასებლობა ჰქვია. მისივე თქმით, ლიანა ელიავას რომ ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში ეცხოვრა, საკუთარი რეჟისორული ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას გაცილებით კარგად”(გაზეთი „ახალი თაობა“ #287, 2008 წელი), ამავე ნომერშია ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქტორის, როსტომ ჩხეიძის სიტყვები: „ლიანა ელიავას, როგორც კინორეჟისორს, წარდგინება არ სჭირდება. თუმცა, ის, რეჟისორის გარდა, არის შესანიშნავი ბელეტრისტი, რასაც ზემოთ ხსენებული წიგნიც ადასტურებს. მისივე თქმით, ლიანა ელიავა თავის მხატვრულ-დოკუმენტურ მოთხრობებში მხოლოდ სიმართლეს წერს და ამ სიმართლიდან არასოდეს უხვევს. ეს კი არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი“.

მე არ ვიცოდი ამგვარ „სიმართლეს“ თუ შტუდირებდა ბატონი როსტომი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრის დიდებით არ დავბეჭდავდი რამოდენიმე თვის წინ სტატიას მის ჟურნალში, რომელიც მართალი გითხრათ, მანამდე არასდროს წამეკითხა, თუმცა დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა რედაქციის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა ავტორებთან. სულ ორი კვირა, ანუ ორი მომდევნო ნომერი და რამოდენიმე ჩემნაირი „დაზარალებულის“ ნახვა დამჭირდა, რომ ეს „სიმართლე“ მეხილა მთელი თავისი მბრწყინვალებით და ახალგაზრდა ავტორებით ასეთი უეცარი დაინტერესების მოტივებიც გამორკვეულიყო. მოკლედ, სისტემა ასეთია. შემოგთავაზებენ დაბეჭდო წერილი, ან პასუხი წერილზე. გამოაჭენებენ ამ შენს „ნაღვაწს“ ჟურნალის დასაწყისში და მთელი მომდევნო ჟურნალი (შეიძლება რამოდენიმე მომდევნო ნომერიც) შენს ლანძღვას ეძღვნება. გიწოდებდნენ „შიზოფრენიკს“, „ავადმყოფს“, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. ან „პეთერასტს“ ან „სექსუალურ მანიაკს“, როგორც სხვა ახალგაზრდების. რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვებით, მთავარია მკითხველს დაანახონ თუ რა გველები გაუზრდია უბეში ქართულ მწერლობას. რეაქცია? არანაირი.

არ მინდა ეს სტატია მიიღოთ პირად ანგარიშსწორებად ვინმეს მიმართ, მე უბრალოდ ამ უკვე სტანდარტად ქცეულ სიჩუმის მავნებლობაზე გესაუბრებით. სიჩუმე ხომ ხშირად, თანხმობის ნიშანია. ყოველ შემთხვევაში – იღებენ თანხმობად ისინი, ვისაც ეს თანხმობა ხელს აძლევს. რატომღაც მგონია, რომ საქართველოსამებრ პატარა ფინეთში, ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ გამოცემაში ვინმეს რომ დაეწერა ნარკვევი „გა-იოჰანდონერება“ ან დიდ და ბოროტ ამერიკაში დაებეჭდათ „გამობუკოვსკება“, ამას არა მხოლოდ კოლეგების, არამედ მთელი საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვებოდა.

ბებოები

ავტორი: მიხაილ ელიზაროვი
თარგმნა: ზაზა ბურჭულაძემ
beboebi

beboebi

დავეხმაროთ განვითარებულ დასავლეთს

ავტორი რომან ცხოვრებაძე              

 აეროპორტი

ფრანკფურთის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლი გავიარე და ევროკავშირის, ანუ გაზრდილი, ბებერი კონტინენტის საზღვრის შიგნით, პირველად აღმოვჩნდი. ბარგი ავიღე და ცენტრალური გასასვლელის ძებნას ბეჯითად შევუდექი. თუმცა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში, დიდს ვერაფერს გავხდი და გზააბნეული გერმანელ პოლიციელთან მივედი, მან კი საინფორმაციო ცენტრისკენ გადამამისამართა.

 

რამდენიმე წუთში უკვე სტრასბურგისაკენ მიმავალი ავტობუსის გაჩერებაზე თვალებს ვაცეცებდი, ანუ პირველად ვიდექი ევროპის ბეტონადქცეულ მიწაზე.

ერთი წლის შემდეგ, უკვე პარიზის შარლ დე გოლოს აეროპორტში აღმოვჩნდი, მაგრამ უკვე ისეთი მანერებით ვმოძრაობდი, თითქმოს მეტრო დიდუბედან ავტოსადგურ ოკრიბასკენ მოვემართებოდი. 10 თვე საფრანგეთის და ცოტა მეტი დიდ ბრიტანეთში გავატარე. ევროპის დიდი ყულაბიდან გადმოგდებული რამდენიმე ათასი ევროს წყალობითვეხმარებოდი განვითარებულ დასავლეთს და ალბათ უფრო საკუთარ თავს.

 

VISA VERSA

 

მდიდრებს ღარიბები ჭირდებათ და viisa versa, როგორც დამქირავებელს დაქირავებული, მასწავლებელის მოსწავლე, მეფეს ვასალი, ორატორს მსმენელი და პირიქით, ეს დიდი უსასრულო ჯაჭვია ,სადაც ინდივიდების გარდა ,ისეთი დიდი ერთობებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, როგორიც სახელმწიფოებია.

სახელმწიფოები არაფერს ისე კარგად არ ჰგვანან თავიან ქცევებში, როგორც ადამიანებს. ქვეყნებიც განიცდიან კრახს, დეპრესიას, აღმავლობას, განვითარებას, დამარცხებას, გამარჯვებას, ეძებენ პარტნიორებს, ემტერებიან ან უახლოვდებიან მეზობლებს, იცვლიან მიმართულებებს, იმონებენ სუსტებს, ან სულაც რჩებიან ნეიტრალურები და გახსნილები თუ დახურულ-გაბუტულები. ასე რომ დედუქციურმა ლოგიკამ შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგ დასვკნამდე, რომ ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი თემური შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც საქართველო და ბრიტანელი ჯეიმსი, მანჩესტერიდან, დიდ ბრიტანეთად.

თემური და ჯეიმსი

მოდით უფრო კონკრეტულად შევუდგეთ ჯეიმსის და თემურის შედარებით ანალიზს, თემური შუახნის თბილისელი კაცია, გეპეის დიპლომით,ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტიდან, გერმანიიდან ჩამოყვანილი ბებერი « BMW, დიდი ხანი არაა რაც შეიძინა. რამდენიმე წელია მცირე ბიზნესი წამოიწყო , ბანკიდან აღებული კრედიტით და ოჯახმაც ამოისუნთქა.  ახალგაზრდობაში შუა აზია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, კიევის, მოსკოვის და ლენინგრადის ხშირი სტუმარი იყო,ნათესავებს და ძმაკაცებს არასოდეს ივიწყებდა, სხვათაშორის არც დღეს ივიწყებს.

მართალია ოჯახს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუჭირდა მაგრამ ახლა ბიზნებიც ააწყვეს და დასასვენებლად თურქეთსაც ესტუმრნენ.

ჯეიმსს ბრისტოლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დიპლომი სამუშაო კაბინეტში ამაყად აქვს გამოუფენილი და ცნობილ იურიდიულ ფირმებში სამუშაო გამოცდილებითაც დაიკვეხნის. ის ახლა ლონდონშია, სტაბილური შემოსავალი აქვს და წარმატებული მეგობრები ჰყავს. ცხოვრებას რაციონალურად უყურებდა და უყურებს, წინასწარ გათვლილი ნაბიჯებით. მუხლჩაუხრელი მუშაობის ხარჯზე, პატარა ოცნებებს ისრულებს, უკვე მოიარა ყველა კონტინენტი, ხანდახან საქეველმოქმედო ორგანიზაციებისთვისაც იმეტებს ძველ ტანსაცმელს ან რამდენიმე გირვანქა სტერლინგს. თუმცა ამავე დროს დანაზოგზე ფულის დამატება და თავისუფალ დროს წიგნების კითხვა არასოდეს ავიწყდება.

ჯეიმსი შეიძლება ერთი წამით წარმოვიდგინოთ როგორც განვითარებული დასავლეთი, თემური კი განვითარებადი საქართველო. ისინი ხომ დროის პარალელურ სივრცეში არსებობენ საკუთარი ოცნებებით, ინტერესებით, წარსულით და მომავლის იმედით.

  ჯეიმსს შეუძლია თემურს დაეხმაროს და მისი სქელი ჯიბიდან თემურის განვითარებისთვის მცირე თანხა გაიღოს, თავის მხრივ თემურიც დაეხმარება ჯეიმსს. თუმცა არა მხოლოდ დაეხმარება, საკუთარ სიცოცხლესაც შესთავაზებს, რათა ერთად ებრძოლონ რადიკალური ისლამის მოციქულებს და რათა დემოკრატია ყარზაის ავღანეთსა თუ ჭაბურღილად ქცეულ ერაყში დაამკვიდრონ.

 

დახმარება#1

 მისიონერი ქართველი ქალი

 

თემურს და ჯეიმსს მოგვიანებით დავუბრუნდებით მანამდე კი ვიფიქროთ, როგორ  შეგვიძლია განვავითაროთ პირველი სამყაროს ქვეყნები და რა შევთავაზოთ მათ. სანამ ოკეანის გაღმა დაგავიდოდეთ, ჯერ კარის მეზობელ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი დახმარების გარეშე მათი სრულყოფა ძნელად წარმოსადგენია. ევროპას სადაც ინტეგრაცია ოფიციალურად დაფიცებულიც კი აქვს ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას. 

მას შემდეგ, რაც ამირანმა ის წითელი ჯაჭვი აიწყვიტა და თავისუფლების გემო შეიგრძნო, ეს არ გვეყოფაო და ქართველმა დედამ ან მომავალმა დედამ ევროპელი ბავშვები უნდა გამოზარდოსო და ევროპისაკენ ქართველ ბეიბისიტერების ანუ მოდერნიზებული ძიძების დიდი ტალღა დაიძრა. გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ჰოლანდიელი და სხვა ევროპელი ბავშვების სულიერი სამყაროს გადასარჩენად. მაშინ, როდესაც ევროპელი დედ-მამა დღის სრულ ნაწილს სასმსახურში ატარებენ, ქართველი  ქალები ევროპელ ბავშვებს « პამპერსებს » უცვლიან, პარკში ასეირნებენ, საჭმელს უმზადებენ და თავს ევლებიან. მერე შინ დაქანცულები ბრუნდებიან და გადაღლილებს  ენატრებათ თბილისი, ქუთაისი, თელავი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი.

ჩემს მეგობართან ერთად, ფრანკფურთის ტურისტულ ნაწილს მივყვებოდი და ვისმენდი მისი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს. როგორი უგულონი არიან გერმანელი მშობლები, როგორ არ უყვართ საკუთარი შვილები, როგორ კინკლაობენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ უნიშვნელო საკითხებზე და როგორ ღალატობენ ერთმანეთს ფარულად და აშკარად. მაგრამ მისია მისაა და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა რას დაარქმევ მისიონერს, ძიძას, ბეიბისიტერს, მომვლელს თუ უბრალოდ ქართველ ქალს.

ერთ დღეს ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს, რამდენიმე ათეულ წელიწადში ,შესაძლოა გერმანელმა კანცლერმა, იტალიერმა პრემიერმა თუ საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენოს როგორი გულისხმიერებით ზრდიდა ქართველი ქალი ანუ « მისიონერი » მაშინ როდესაც დედიკო და მამიკო ოფისში სამუშაო დღის საათებს კლავდნენ.

 

 

 სრული ვერსია ჟურნალში ტელეგრაფი

“შალახოს საძმო” სტრიპ ბარში

ავტორი ზაზა კოშკაძე

იმ დღეს ჩვენ უბრალოდ ლუდი გვწყუროდა. თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ამბავი, რომელიც შეიძლება მოისმინო ან საკუთარ თავზე გამოსცადო.
მე და ჩემი ორი მეგობარი ხშირად ვიქცევით ასე _ ვდგავართ რომელიმე ავტობუსის გაჩერებასთან და ვფიქრობთ საით წავიდეთ. იმ დღეს შევთანხმდით, წავსულიყავით “ავტოგრაფში”, კოსტავას ქუჩაზე.

ეს ადგილი ცნობილია, როგორც სტრიპ-ბარი, თუმცა ეს არც ბოლომდე სტრიპ-ბარია და არც რესტორანი.  ინტერიერი რესტორნული აქვს, მაგიდებზე გაშლილი სუფრა,  ხელსახოცში გახვეული დანა-ჩანგლით და შამპანურის ჭიქებით. ამ კლუბში მხოლოდ ლუდის დასალევად არავინ დადის. ჯერ ერთი,რომ შესვლა ფასიანია (შვიდი ლარი ღირს), მეორეც, მხოლოდ უცხოური ლუდი აქვთ და საკმაოდ ძვირი, 8 ლარი ღირს.მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ამ კლუბზე შევჩერდით, რადგან ვიცოდით, რომ იქ მოცეკვავე გოგოები ყავთ. თანაც ალექსა გამოგვიტყდა, რომ სტრიპ-ბარში არასდროს ყოფილა და ჩვენ უფრო მეტად მოგვინდა მასთან ერთად წასვლა და მისი სიფათის ნახვა, როცა ერთ-ერთი მოცეკვავე ფეხებს გააშლევინებდა და მუხლით ყვერების მასაჟს გაუკეთებდა.

მე და შოთა რამდენჯერმე ვიყავით ამ ბარში ნამყოფები და მოცეკვავეები უკვე გვცნობდნენ, როგორც ჯიბეგაფხეკილ “იზვრაშენცებს”, რომლებსაც მარტო ქერაობა ევასებათ და სანაცვლოდ კაპიკს ვერ გააგდებინებ. Mმაგრამ ბარში ისეთი განათებაა, რომ გოგონები კლიენტებს გარკვევით ვერ ხედავენ. ისინი განათებულ სცენაზე გამოდიან, საიდანაც ჩაბნელებულ კუთხეებში მჯდარი კლიენტები არ ჩანან, სანამ ახლოს არ მივლენ და არ უცეკვებენ. ეს ნიშნავს, რომ მე და შოთას ყოველ მისვლაზე გვაქვს გარანტირებული ცეკვა, სანამ სახეზე გვიცნობენ.

 მე მომწონს ეს სტრიპ-ბარი, მოცეკვავე გოგონები მას კაბარეს ეძახიან და შესაძლოა მართლებიც არიან, რადგან გარდა ინდივიდუალური ცეკვებისა,რომელსაც კლიენტებთან ასერულებენ, მათ ერთობლივი საცეკვაო ნომრებიც აქვთ. ეს ცეკვები თემატურად არის კოსტუმირებული. მაგალითად სიმღერაზე “სტიუარდესა პა იმინი ჟანა” ისინი ბორტგამცილებელთა ფორმებში გამოწყობილები გამოდიან. თეთრი პერანგი, ლურჯი პიდჯაკი და ქვედაბოლო აცვიათ.. ზოგჯერ კანკანსაც ცეკვავენ. სხვათა შორის მშვენიერი სანახავია. პირადად მე, ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. მითუმეტეს, რომ ყოველი ასეთი ერთობლივი ცეკვის დროს, ისინი ერთობლივად იხდიან, როცა მუსიკა თავის კულმინაციურ ფაზას აღწევს, რის შემდეგაც ლიფჩიკებით და ტრუსიკებით აგრძელებენ ცეკვას. როგორც კი მუსიკა მთავრდება და იწყება შემდეგი, ისინი მაგიდებთან მირბიან და კლიენტებზე იწყებენ მუშაობას. ეს ძალიან ეფექტურია.

რაც შეეხება სტრიპ-ბარებს, რომლებიც მე მინახავს (კიევში რიო და რედ ლაინი), იქ ძირითადად ბარზე მუშაობენ (კლიენტების ხარჯზე უკვეთავენ) და ქართული სტრიპ-ბარისგან განსხვავებით ქორეოგრაფიაზე არ მუშაობენ. გამოდიან ლამაზძუძუებიანი გოგოები, რომლებიც ერთი-ორჯერ ტრუბაზე (ამ ჟარგონით მოიხსენიებენ ქართველი სტრიპტიზის მოცეკვეები და სტრიპ ბარის სტუმრები ძელს, რომელიც ცეკვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტიაა )  ჩამოსრიალდებიან, იხდიან ლიფს, ძალიან ნელა, რაც უფრო მეტ ეფექტს აძლევს თავად ამ პროცესს. შემდეგ გადახედავენ დარბაზს და ირჩევენ მსხვერპლს, სხდებიან მის გვერდით. კერტებს ცხვირთან ახლოს უტრიალებენ და ამბობენ, “გამარჯობა, მე რებეკა ვარ. შეგიძლია რამეზე დამპატიჟო!” ან “მე ნიკოლი ვარ, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? არ გინდა დავლიოთ?” ყველამ იცის, რომ ისინი მხოლოდ ძვირფას კოქტეილებს სვამენ, რადგან შეკვეთის ათი პროცენტი მათია. შესბამისად რაც უფრო ძვირია კოქტეილი, რომელსაც კლიენტის ხარჯზე უკვეთავენ მით უფრო მეტია მათი შემოსავალი ბარიდან.

თბილისში ძუძუებით არავინ გაბამს რამეზე დაპატიჟო, ისინი ქორეოგრაფიულად ცდილობენ მოგხიბლონ და ორი სიმღერის მანძილზე გიქნევენ ტაკოს, რომ როგორმე გამოგტყუონ უკანასკნელი ათლარიანი, ან ასლარიანი – შენს შემოსავალს გააჩნია. პრინციპში ხუთლარიანებზეც არ ამბობენ უარს. აი კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც მომწონს ეს ადგილი. თუ მაინც და მაინც ბოლომდე შიშველი გინდა ნახო, რომელიმე მათგანი, არც ეგ არის პრობლემა, გადაიხადე ორასი ლარი და პრივატ-დენსი გარანტირებული გაქვს. (პრივატ-დენსი გულისხმობს მყუდრო კაბინაში განმარტოვებას და პირადად დამკვეთისთვის შესრულებულ ცეკვას, აბსოლუტურ გაშიშვლებამდე)

სრული ვერსია ჟურნალ ტელეგრაფში