ციხე უნივერსიტეტის სარდაფში

ალექსი ჩიღვინაძე

ერთ დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ კომედიური ფილმისთვის დაწერილი სცენარის სინოფსის კითხულობთ. მაგრამ არა, ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულადაა. მისი ადგილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაიკავა. რატომღაც საქართველოს ხელისუფლებაში, განათლების სისტემასთან ყველაზე ახლოს –   სასჯელაღსრულების სისტემა დააყენეს და სწავლას მოწყურებული ქართული განათლების რეფორმის განმახორცილებელი მინისტრიც ციხეების უმთავრესი ზედამხედველით ჩაანაცვლეს. პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აუცილებელია თუ არა, ბატონმა შაშკინმა შეცვალოს მუშაობის სტილი. უცნობია ვინ იქნება შემდეგი განათლების მინისტრი, ბაჩო ახალაია? ვანო მერაბიშვილი? უცნობია კიდევ რა ექპერიმენტებს შემოგვთავაზებს საქართველოს ხელისუფლება.

ექპერიმენტი 1

რა დროა საჭირო რომ კეთლშობილი სტუდენტი-არაფორმალი სასტიკ ციხის ზედამხედველად გადაიქცეს? ფილიპ ზიმბარდოს ამისათვის 5 დღე დასჭირდა. მან 1971 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში  ნამდვილი ციხის მსგავსი გარემო შექმნა. ყველაფერი ნამდვილი იყო: გისოსები, ბორკილები, საკნები. ექსპერიმენტის მონაწილეები კენჭისყრით „პატიმრებად“ და „ზედამხედველებად“ დაიყვნენ და თამაშიც დაიწყო.

მაგრამ სტუდენტები ძალიან სწრაფად შევიდნენ როლში. სამი დღის შემდეგ კამერებში განთავსებულთა საუბრის თემები ძირითადად ციხეში შექმნილ აუტანელ პირობებს შეეხებოდა. ზედამხედველები თავისი ინიციატივით ყოველდღიურად ამკაცრებდნენ წესებს. ცოტა ხნის წინ პაციფისტი და ჰიპი სტუდენტები – ცერბერებად გარდაისახნენ. ისინი „პატიმრებს“ აიძულებდნენ შიშველი ხელებით ეხეხათ ტუალეტები, აიძულებდნენ ესეირნათ შიშვლებს და ა.შ.

ერთ-ერთი ზედამხედველი დღიურში წერს: „«№ 416 უარს ამბობს სოსისის ჭამაზე. ჩვენ ჩავაგდეთ ის კარცერში. და ვაიძულეთ ხელში სოსისები სჭერდოთ. მე კარცერის კარზე „დუბინკას“ ვუბრახუნებდი და ვუყვიროდი. მერე გადავწყვიტე ძალით გამომეკვება. მაგრამ მან მაინც არ ჭამა და ამიტომ თავი ჩავაყოფინე საჭმელში. თვითონაც არ მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი.”

 როლში შევიდა თვითონ ფილიპ ზიმბარდოც, რომელიც ციხის მზარეულის როლს ასრულებდა. მეხუთე დღეს თავისი მომავალი ქმრის ექპრიმენტზე მივიდა კრისტინა მასლაჩი. პირველი რაც მას თვალში მოხვდა იყო,  თუ როგორ გაჰყავდათ, დამწკრივებული, ტომარა ჩამოცმულები პატიმრები ტუალეტში. მალე ცხადი გახდა, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. და მეხუთე დღეს ექსპერიმენტი შეწყდა. თუმცა ის ორ კვირაზე იყო გათვლილი.

 როდესაც პროფესორ ზიმბარდოს ჰკითხეს, ჩაატარებდა თუ არა ის ამ ექპერიმენტს, რომ ცოდნოდა თუ როგორ რადიკალურად შეიცვლებოდნენ მისი მონაწილეები, მან უპასუხა: „რათქმაუნდა, ამ ექსპერიმენტმა გვაჩვენა, თუ რა შორს შეუძლია შესტოპოს ადამიანს ასეთ სიტუაციაში. თუმცა, ექპერიმენტს იქამდე შევაჩერებდი, სანამ მათში პათოლოგიური სადიზმი გაიღვიძებდა“

ზიმბარდო მიიწვიეს კონგრესში. პირველი სიტყვები, რაც მან ტრიბუნასთან წარმოთქვა იყო: „მე ჩავსვი ჩემს ციხეში თქვენი შვილი და მან იქ ვერ გაძლო ერთ კვირაში მეტი. რას უნდა ველოდეთ ადამიანებისგან, რომლებიც წლობით გყავთ გამოკეტილი აუტანელ პირობებში“

ზიმბარდოს კვლევების მოტივებზე 2001 წელს გერმანიაში გადაიღეს ფილმი „ექსპერიმენტი“. ამ ექპერიმენტის ანალიზი საკმაოდ რთულია. ბევრი ისეთი ფაქტორი მოქმედებს „პატიმრებსა“ და „ზედამხედველებზე“, როგორებიცაა, ამ როლების სტერეოტიპი, განუსაზღვრელი სიტუაცია, იზოლაცია და ა.შ. მაგრამ ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოდ: ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორ შეუძლია სიტუაციას ჩვენი პიროვნების შეცვლა. და „პატიმრები“ ვიქნებით თუ „ზედამხედველები“ ამას მხოლოდ ჰაერში მობზრიალე მონეტა გადაწყვეტს.

ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთ ინტერპრეტაციას ქართველი საზოგადოება ორი წელი ადევნებდა თვალ-ყურს. ვგულისხმობ „უცნობის“ ტელე-შოუ „საკანს“. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ექსპერიმენტი №2

წარმოიდგინეთ პატიოსანი ამერიკელი მოქალაქე, რომელიც თავისი ნებით მონაწილეობს სამეცნიერო ექსპერიმენტში. სოლიდური ფსიქოლოგი, თეთრი ხალათით, მას უხსნის, რომ ის მონაწილეობას იღებს მახსოვრობის მექანიზმების გამოკვლევაში და აჩვენებს ხელსაწყოს, რომელზეც 30 გადამრთველია. თითოეული მათგანი 15-დან 450 ვოლტს შეესაბამება. გადამრთველის გადაწევისას “მასწავლებელი” დენის დარტყმით სჯის ექსპერიმენტის მეორე მონაწილეს, “მოსწავლეს”, თუ ის სპეციალურად მისთვის გაჟღერებულ წინადადებს შეცდომით გაიმეორებს. ყოველ შეცდომაზე “მასწავლებელის” თითი ალერსიანად ეხება მომდევნო გადამრთველს. როცა შეცდომების გამო, ვოლტების თანრიგი 100-ს აჭარბებს, მოსწავლე იწყებს ყვირილს. მაშ ასე, ექსპერიმენტი დაიწყო:

210 ვოლტი: “გამომიშვით! საკმარისია! აღარ მინდა თქვენს ექსპერიმენტში მონაწილეობა!”

 

225 ვოლტი: “აააჰ”

 

270 ვოლტი: “გამომიშვით! დროზე გამომიშვით აქედან! არ გესმით? შეწყვიტეთ”

 

330 ვოლტი: “გამომიშვით! გულის შეტევა მაქვს! გეხვეწებით! ამის უფლება არ გაქვთ! ჩემი აქ გაჩერების უფლება არ გაქვთ! გამომიშვით! გამომიშვით!

 

345 ვოლტი: დუმილი…

 

360 ვოლტი: დუმილი…

ამერიკელი ფსიქოლოგის სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი დასრულდა. სტენლიმ და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილე 100 ადამიანიდან ალბათ მხოლოდ 1 თუ “აწამებდა” მოსწავლეს. შედეგები  გამაოგნებლი იყო. ექსპერიმენტის მონაწილეთა 63% გადაწია უკანასკნელი გადამრთველიც, რითაც ფაქტიურად სიკვდილისთვის გაიმეტა ექსპერიმენტის მეორე მონაწილე, რადგან უბრალოდ მას ასეთი დავალება მისცეს, ასე უბრძანეს. სინამდვილეში კი არ ყოფილა არანაირი “სასჯელი”, “მოსწავლე” მსახიობი იყო, რომელიც თითქოსდა გრძნობდა დენის დარტყმას და იკრუნჩხებოდა, ყვიროდა. თუმცა ექსპერიმენტის არც ერთ მონაწილეს არ ეპარებოდა ეჭვი სასჯელის რეალურობაში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ არა პათოლოგიური სადისტები, არა ბრედ ესტონ ელისისა ან ტარანტინოს ფილმების პერსონაჟები, არამედ რესპექტაბელური მოქალაქეები, ყოველგვარი ფსიქიკური გადახრების გარეშე. ექსპერიმენტი რამდენიმე ქვეყანაში გაიმეორეს. შედეგი იგივე იყო.

მილგრემის ექსპერიმენტს ასოციაციურად უკავშირებენ ადოლფ ეიხმანის სასამართლო პროცესს. ადოლფ ეიხმანი იყო ებრაელთა გენოციდის მთავარი ორგანიზატორი. ალბათ იცით მისი პირველი არგუმენტი: “მე დამნაშავე არ ვარ, მე მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებდი.” 

ასე რომ ჩემო საყვარლებო არ მესმის რატომ გიკვირთ 7 ნოემბრის მხეცურად დაშლილი მიტინგები? დამნაშავე არავინ არ არის. „ბრძანება“ არსებობს. მას  ვერ მოკლავ. ვერ გააუქმებ.

 ექსპერიმენტი №3

ექსპერიმენტი მარტივია, ჯგუფი შედგენილი. ექსპერიმენტის მონაწილემ ბარათზე დახატული ხაზის სიგრძის იდენტური ხაზი მეორე ბარათზე გამოსახულ სამ ხაზს შორის უნდა გამოარჩიოს. მაგრამ, სანამ ის იტყვის პასუხს, მან უნდა მოისმინოს დანარჩენი მონაწილეების ვერსიები. (სინამდვილეში კი ისინი ექსპერიმენტატორთან არიან შეთანხმებულები) და ჯგუფის ყველა მონაწილე ერთსულოვნად ირჩევს აბსოლიტურად მცდარ ვარიანტს. მონაწილეების მესამედი ემთხვევა ჯგუფს. თუმცა ისინი ცხადად ხედავენ, რომელია სწორი ვარიანტი.

ექსპერიმენტის ორგაზნიზატორი სოლომონ ეში დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის ინდივიდუალიზმით აღსავსე მოქალაქეები, არაფრის დიდებით არ მოექცეოდნენ ჯგუფის გავლენის ქვეშ. მაგრამ ადამიანური ბუნება გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფალი აზროვნების ტრადიცია. რეზულტატმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

საინტერესოა ამ ექსპერიმენტის მოდიფიკაციები. მაგალითად ერთ-ერთ ვერსიაში ჩასმული მონაწილეებიდან ერთი ასახელებდა განსხვავებულ ვარიანტს. ამ შემთხვევაში მონაწილეები, გაცილებით მეტ სწორ პასუხს იძლეოდნენ.

ექსპერიმენტის რეზულტატები გამოქვეყნდა 1951 წელს. ჩავლილი იყო მეორე მსოფლიო ომი. ამერიკელები ეიფორიაში იყვნენ. ჩვენ დავამარცხეთ ტოტალიტარული ფაშიზმი. ჩვენ ხალხი დამოუკიდებელი და თავისუფალია. ეშის ექპერიმენტი დარტყმა იყო ამ თვითრწმენაზე. იმისათვის რომ რეალობა ადექვატურად აღვიქვათ, საზოგადოებაში უნდა არსებობდნენ დისიდენტები. არ არის მნიშვნელოვანი სიმართლეს ამბობენ ისინი თუ არა, მთავარია მათი აზრი განსხვავდებოდეს უმრავლესობის აზრისგან. 

ექსპერიმენტი 4ჯონ დარლის და დანიელ ბეტსონის ექპერიმენტის იდეა მოდის ბიბლიური იგავიდან, კეთილ სამარიტიელზე.

სასულიერო სემინარიის სტუდენტები თავისი პირველი ქადაქებისთვის ემზადებიან. ამისათვის ისინი უნდა მივიდნენ შენობაში, რომელიც რამდენიმე კვარტლის მოშორებით მდებარეობს.  სემინარისტების ერთ ჯგუფს ეუბნებიან რომ მათ საშინლად აგვიანდებათ. ხოლო მეორე ჯგუფის წევრებს საკმარისზე მეტი დრო აქვთ.

გზაზე სემინარისტები ხვდებიან ადამიანს, რომელიც ხვნეშშის, ახველებს და ეცემა. სემინარიის იმ კურსდამთავრებულთაგან, რომლებმაც იცოდნენ რომ „აგვიანებდნენ“, მხოლოდ 10% მივიდა ამ ადამიანთან დასახმარებლად. ხოლო სემინარიელებიდან, რომლებსაც დრო ქონდათ – მხოლოდ 63%. ისეთმა პატარა დეტალმა, როგორიც არის დროის არ ქონა, რეზულტატი თითქმის 6-ჯერ შეცვალა და ის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე ღმერთის პროფესიონალური მსახურების არჩევანი და რელიგიური განათლება. სხვათაშორის ქადაქების თემა იყო: „კეთილი სამარიტელი“

ექსპერიმენტი №5

სერჟ მოსკოვიჩის ექსპერიმენტი საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა. ოთახში მსხდომ 6 ადამიანს, უბრალოდ უნდა განესაზღვრა მათთვის ნაჩვენები ბარათის ფერი. 6 მონაწილეთაგან ორი  იყო ჩასმული, “დისიდენტი”, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ცისფერი ბარათი გახლდათ მწვანე. და თუმცაღა ისინი აშკარა უმცირესობას წარმოადგენდნენ, ხშირ შემთხვევაში მაინც ახერხებდნენ გარშემომყოფთა აზრის შეცვლას. ამ ექსპერიმენტის სერიის ჩატარების შემდეგ მასკოვიჩმა გამოიყვანა ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დისიდენტის წარმატებას საზოგადოებაში. მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია: გამოთქმული აზრის  დაჟინებული გამეორება, დამჯერებელი, გამუდმებული მტკიცება. ასევე მნიშვნელოვანია უმცირესობამ გადმოიბიროს უმრავლესობის თუნდაც 1 წევრი და მას მალევე მიჰყვებიან დანარჩენებიც. 

დისიდენტებს წარმატების მეტი შანსი აქვთ თუ ისინი მხოლოდ ერთ პუნქტში ეწინააღმდეგებიან უმრავლესობას, დანარჩენში კი ეთანხმებიან. მოსკოვიჩის ექსპერიმენტი ჩატარდა 1969 წელს. ახალი მომხდარი იყო სორბონას 68 წლის ამბები. „დისიდნტების“ წარმატების მიღწევის შანსები საკმაოდ მაღალია. მთავარია ბრძოლა. ყოველ შემთვხვევაში მეცნიერება უმცირესობის მხარეს დგას.

www.demo.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: