გოგუცუნების დიქტატურა

ლევან რამიშვილი

 

 

ყოველი სახლის შენება საძირკველიდან იწყება და არა ჭერიდან. ეს, რა თქმა უნდა ბანალურია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ჟურნალისტი დიდი ხელოვანივით უნდა გაურბოდეს ბანალურობას, მაშინ, როცა ვირები გალობენ, ჟირაფები ცაში დაფრინავენ და კაჭკაჭები სიტუაციას აკონტროლებენ… როცა იქ, სადაც რეგვენები უბოდიშოდ დააბოტებენ, ბრძენებს ზღურბლზე ფეხიც ვერ დაუდგამთ..
 20 წლის წინ საქართველო ახალ ცხოვრებას შეუდგა და რა თქმა უნდა, მაშინაც ჰაერივით სჭირდებოდა ყოველი მოვლენის ანა-ბანის გარკვევა, მაგრამ  ამ მოსაწყენ და უმადურ საქმეს არავინ შებმია დიდი მონდომებით. ახალ ცხოვრებას ჩვენ ძველი სტერეოტიპებით თავგამოტენილები შევუდექით. ჯერ კიდევ ჰომო-სოვეტიკური მენტალობის მქონენი გზადაგზა ვიმატებდით ახალ-ახალ, ახლა უკვე `ფირმა” სტერეოტიპებს…

როგორი უნდა იყოს გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია? რას უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი? ამ კითხვებზე ჩვენ მულტი-სტერეოტიპული, ამერიკანიზებულად საბჭოთა მზა პასუხები გვაქვს, რადგან ამ პასუხების მიღებაში ყველაზე ნაკლები მონაწილეობა აზროვნებამ მიიღო…

მაგალითად ამერიკაში ერთკვირიანი თუ ორთვიანი სტაჟირებიდან დაბრუნებული ქართველი ჟურნალისტები და რედაქტორები, როგორც წესი, მზა რეცეპტებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებოდნენ ხოლმე. მათ დაიზუთხეს, როგორ უნდა მომზადდეს ნიუსი, რეპორტაჟი, დაისწავლეს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ მოდავე მხარეთა პოზიცია უნდა `დააფიქსიროს” (დაფიქსირება_თანამედროვე ჟურნალისტური ქართულის შედევრი…) და არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვას საკუთარი შეხედულება. ეს წესი ისე გულმოდგინებით დამკვიდრდა და ისეთ ხელშეუხებელ სიწმინდედ, ისეთ ტაბუდ იქცა, რომ საწყალი ჟურნალისტები მგონი საკუთარ ოჯახებშიც ვეღარ გამოთქვამენ საკუთარ აზრს და მხოლოდ ოჯახის წევრთა და ახლობელთა პოზიციებს `აფიქსირებენ”…
2108_rustavi2_b

ჩვენს გაზეთებში ძალიან გვიან და ძნელად დამკვიდრდა ჟურნალისტიკის ის ჟანრი, რომელსაც უცხოეთში `ოფინიონს~, ანუ აზრს, შეხედულებას, პოზიციას უწოდებენ. თითქმის ვერ მოიკიდა ფეხი `ედიტორიალმა~, ანუ რედკოლეგიის პრინციპულმა პოზიციამ. მაგრამ თუ გაზეთები ასე თუ ისე რაღაცას ცდილობენ მაინც, ქართული ტელე-მედია პირწმინდად უაზრო და უტვინოა _ აბსოლუტურად არაინტელექტუალური, გონებრივ საწყისს მოკლებული, ელემენტარული განსჯის ვერშემძლე. ქართულმა ტელევიზიებმა რატომღაც იმთავითვე შორს დაიჭირეს ჟურნალისტიკის ანალიტიკური ჟანრებისგან, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა,დავით კიკალიშვილის ღრმააზროვან და რაღაც ხუთოსნურ-კომკავშირულად, ზედმეტად გამართულ-ტკბილმოუბარ-მონოლოგისტურ წიაღსვლებს რომელიმე აფრიკული სოფლის ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებების შესახებ… ანგარიშგასაწევია ინგა გროგოლიას ენერგიულ-შეუპოვარი მოძრაობები და ტონიც შეკითხვის დასმისას… სულ ამით ამოიწურება ქართული ტელე-მედიის ანალიტიკური როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

asaval-dasavali
დღევანდელი ქართველი ჟურნალისტი არც რობერტ რედფორდის გმირს წააგავს ფილმიდან `კონკორდის სამი დღე” და არც ვლადიმერ ლისტიევსა თუ ვლადიმერ პოზნერს… მას არც მათთვის ნიშნეული კულტურული აურა მოსდგამს… ქართველი ჟურნალისტი ერთი საწყალი ნახევრად-გაუნათლებელი, თინეიჯერობის ასაკიდან ახლადგამოსული გოგოა, უფრო სწორად გოგუცუნა, რომელიც ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს არხის მფლობელისა თუ პროდიუსერის რჩევებსა თუ ბრძანებებს. თუ საჭიროა, ხალისიანი და ენერგიულად მოქაქანე იქნება, ან სერიოზული, დაძაბული, უკომპრომისოდ მომზირალი… სწორედ ეს პატარა, დასაქოქი თოჯინები, და არავინ სხვა წარმოადგენენ დღეს ქართულ ჟურნალისტიკას.

19522
ამ თოჯინების ვიწრო-მექანიცისტური, ბლაგვი ვითომ პროფესიონალიზმი ჩვენს თვალში ცვლის ნამდვილ პროფესიონალიზმს. ნამდვილი პროფესიონალიზმი არჩეულ სფეროში უმაღლესი მწვერვალების მიღწევას ნიშნავს. რომელმა ქართველმა ჟურნალისტმა მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს ჟურნალისტიკაში? რომელია ისეთი, ვინც თუნდაც ოდნავ მიუახლოვდა ნამდვილ მსოფლიო სტანდარტებს? _ არც ერთი… მე არ ვადანაშაულებ ჟურნალისტებს, რადგან ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მათ რაიმე მწვერვალებს მიაღწიონ. მე ვადანაშაულებ მას-მედიის საშუალებათა მფლობელებს, რომლებიც განგებ არჩევენ იმ ასაკისა და გაქანების კადრებს, რომლებიც ვერაფერს მიაღწევენ. ყველა პროფესიას თავისი ასაკი აქვს. შეიძლება იყო ოცი წლის გენიალური ფეხბურთელი, მაგრამ ვერასოდეს ვერ იარსებებს ოცი წლის გემის კაპიტანი, და თუ იარსებებს, მისი გემი ჩაიძირება, რადგან კაპიტნობას ისეთი რთული და მრავალმხრივი გამოცდილება სჭირდება, რომელიც ოცი წლის ასაკში უბრალოდ ვერ გექნება… განა შემთხვევითია, რომ ყველა სერიოზული უცხოელი ჟურნალისტი ასაკოვანია, ქართველი ჟურნალისტების საშუალო ასაკი კი თინეიჯერულს ბევრად არ სცილდება? ჩემი აზრით უვიცობა, გაუნათლებლობა, გამოუცდელობა, არაპროფესიონალიზმი დღევანდელ საქართველოში ტოტალიტარიზმის იარაღია.
დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, ჭკვიანი, შემოქმედებითი (დღევანდელი ენით `კრეატიული~) ადამიანი უმუშევარი დადის და დეპრესიას ებრძვის. და ვერავინ გაგვცემს პასუხს უბრალო კითხვაზე _ რატომ? რატომ უნდა იხრჩობდეს იაფფასიან არაყში განათლებული, იდეებით სავსე პროფესიონალი თავს, როცა ირგვლივ ამდენი ტელევიზია, რადიო და გაზეთია? პასუხი ერთადერთია _ იმიტომ, რომ ნიჭი, გონება, შემოქმედებითობა თავისთავად გულისხმობს თავისუფლების რაღაც ხარისხს. შინაგანი თავისუფლების გარეშე ადამიანი ამ უნარებს დიდად ვერ განივითარებს. ჩვენს მას-მედიას კი დღეს ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ინდივიდები ჭირდება, რადგან ისინი უსიტყვოდ არ აასრულებენ ყოველ შენს ულოგიკო, გაუმართლებელ კაპრიზს.

maestro
და აქ საქმეში პოლიტიკა შემოდის, მას კი ეკონომიკა მოსდევს. ჩვენი ტელევიზიები პირდაპირ ემორჩილებიან პოლიტიკოსებს, ან მათ ორეულებს, რომელთაც უმაღლესი ძალაუფლება ეკონომიკურად აკონტროლებს. საქართველოში ჯერაც არ მოშლილა მანკიერი ეკონომიკური სისტემა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ორგანიზაციას შეგიძლია დამალული გადასახადები `აღმოუჩინო” და ერთ დღეში დახურო. ამას დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობასაც თუ დავუმატებთ, ყველაფერი ნათელი გახდება, და ესეც ბანალურობაა, თანაც უკვე გულისარევამდე ნაცნობი, მაგრამ სანამ ეს ბანალური პრობლემები არ მოგვარდება, მანამდე ჩვენი სახლი თავდაყირა იდგება და მუდამ წაქცევის ზღვარზე იქნება. მანამდე უნიჭო გაიმარჯვებს ნიჭიერებაზე, უგუნურება _ გონიერებაზე, ბლაგვი სირეგვნე _ შემოქმედებაზე, ტყუილი _ სიმართლეზე.

ce644427ebdb
და ამის შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ? ნურას უკაცრავად _ ბელადები და ტირანები არსად წასულან, ისინი ჩვენში არიან დღესაც, უბრალოდ დაპატარავდნენ მონსტრუოზული გენსეკების ნაცვლად ტელევიზიის უწყინარი დირექტორების სახე მიიღეს, ბლანჟეები გაიკეთეს და `თანამედროვე~ ტერმინებით ლაპარაკი ისწავლეს. არც პოლიტიკური სისტემა შეცვლილა და სიტყვის თავისუფლებაც არ დამდგარა, ეს ყველაფერი ილუზიაა, პრიმიტივების მოსატყუებელი. საბჭოთა სისტემას საქართველოში მხოლოდ მექანიზმი გაურთულდა _ თუ ადრე პირდაპირ, უხეშად იკრძალებოდა თავისუფალი აზრი, ახლა ის შეფარვით, უტყუარად მომუშავე, თითქმის უხილავი შინაგანი მექანიზმების მეშვეობით იხშობა. ობივატელს გაუკვირდება _ ჩვენში ხომ უკვე `ყველაფრის თქმა შეიძლება~? ხომ არავინ ახშობს ოპოზიციას? საქმეც ამაშია _ მე არ მითქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური აზრი იკრძალება. მე ვთქი, რომ თავისუფალ აზრს ადევს ტაბუ… თავისუფალი აზრი სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ აზრს. პირიქით, არსთა შინაგანი კანონზომიერების მიხედვით ის სწორედ რომ არაპოლიტიკური უნდა იყოს. პოლიტიკოსები ერთმანეთს დაჭერობანას და დახუჭობანას ეთამაშებიან _ ოპოზიცია და მთავრობა უფრო მეტადაა დაფარული ეკონომიკური კავშირებით ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ვიდრე ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ჩანს… პოლიტიკოსები ყოველთვის იმდენს ამბობენ და ისე ამბობენ, რომ არც სხვისი შამფური დაწვან ზომაზე მეტად და არც მასზე წამოცმული თავიანთი მწვადის ნაჭრები… ესეც არ იყოს, პოლიტიკოსები ყველაზე უნიჭო, განუვითარებელი, ყველაზე გონებაშეზღუდული და პრიმიტიული ხალხია ამქვეყნად. რა უნდა მოიტანოს მათი აზრის თავისუფლებამ? ეს იგივეა, რომ საგიჟეთიდან პირდაპირი ჩართვები ვაკეთოთ და გვეგონოს, რომ სიბრძნეს დავუთმეთ ასპარეზი… დღეს თავისუფალი აზრის ჩახშობა იმაში გამოიხატება, რომ ქართველი ჟურნალისტი გამყიდველურად ნეიტრალურ-უსახურია, რომ არაპოლიტიკური, საღი აზრი _ არც ხალხისგან, და არც ინდივიდებისგან წამოსული _ არ ჭაჭანებს არსად; იმაში, რომ უნიჭობა, უსახურობა ჩაგრავს შემოქმედებითობას (შემოქმედება ხომ აზროვნების ფორმაა…). დღევანდელი ქართული მას-მედიით თუ გავიცნობთ საქართველოს, შთაბეჭდილება დაგვრჩება რომ ეს კატასტროფულად გაუნათლებელი, უნიჭო და უშინაარსო ნაციაა. თუკი პრეტენზია გვაქვს უფრო მეტზე, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული მას-მედია არაადეკვატურია და ჩვენს განვითარებას, ჩვენს თვალსაწიერსა და ინტერესებს ვერ ასახავს.
რეალობის მასმედიური აღქმა ბევრად უფრო პრიმიტიულია, ვიდრე თუნდაც ყველაზე გამოყრუებული გლეხის. როგორც იცით, რეალობა არასოდეს არაა ერთგანზომილებიანი, მარტივი. ყოველ მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან სჭირდება დანახვა. იმისათვის, რომ აღქმა ასე თუ ისე სრულფასოვანი, სრული იყოს, მრავალმხრივი ხედვა აუცილებელია, ისევე როგორც, საფუძვლიანი ანალიზი, სინთეზი… მაგალითად როცა ვამბობთ, რომ რუსეთი ბოროტებაა, იმიტომ, რომ დაგვბომბა და ამ აზრს უპირობოდ იზიარებს მინისტრი, მუშა, ინტელიგენტი და ჟურნალისტიც, ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აღქმა ცალმხრივი, პრიმიტიული და ტენდენციურია, არამედ იმასაც, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც ქვია აზროვნების აქტი. ჩვენ რომ ვაზროვნებდეთ, შევეცდებოდით მაინც, ამ ყველაფრისთვის შეგვეხედა  მსოფლიო გეოპოლიტიკის, მეტაისტორიის ჭრილში, ინტელექტუალურ, სულიერ სიბრტყეზე და ა.შ. როდესაც ინფორმაცია შენგან თავისთავად მოითხოვს პოზიციას, შენ ტოტალიტარიზმის მსხვერპლი ხარ და არა ტელემაყურებელი…
და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თვით მაყურებელიც ტირანია. ის იმისთვის კი არ ისმენს ახალ ამბებს, რომ ინფორმაცია მიიღოს განსჯისათვის, არამედ იმისთვის, რომ თავისი აზრების `ოფიციალური~ დადასტურება მიიღოს. ამის მიხედვით არჩევს ის ტელეარხებს _ იმ არხებს უყურებს, რომლებიც მის აკვიატებულ შეხედულებებს იმეორებენ… და მას-მედიაც, თავისი ძველთაძველი ბუნების შესაბამისად, `ხალხის დაკვეთას ასრულებს~… აქედან წარმოიქმნება რაღაც უცნაური, სექტანტური დაჯგუფებები საზოგადოებაში. ყოველი ასეთი დაჯგუფება მაყურებლებისა და ჟურნალისტების ფარული ალიანსის შედეგია. დღეს საქართველოში ორი ასეთი დაჯგუფებაა: ოპოზიციონერული და `პოზიციონერული~ (ესეც დღევენდელი Hჟურნალისტური ქართულის მორიგი შედევრი…). ორივე დაჯგუფება, თავის მაყურებლიან-ჟურნალისტიანად დარწმუნებულია, რომ მართალია და რეალობას ობიექტურად ხედავს, რომ მეორე მხარე ბოროტებაა, და ამიტომ სრული უფლება აქვს, დაუნდობლად გაუსწორდეს ფიზიკურად, რა თქმა უნდა თავის მაყურებლიან-ჟურნალისტიანად… ორივე მხარეს თავისი ტელევიზიები აქვს, რა თქმა უნდა, `ობიექტური~… აი, სადამდე მიგვიყვანა ყველაზე ჩვეულებრივი, `ბანალური~, უბრალო პრინციპების იგნორირებამ…
და კიდევ ერთი პატარა დეტალი, რომელიც წესით არც პატარაა და არც დეტალია, მაგრამ ჩვენს ხელში სწორედ დეტალად, თანაც სრულიად გამოუსადეგარ და ხელისშემშლელ დეტალად იქცა… მე ვიცნობ ერთ ჰიპერ-პროფესიონალ ჟურნალისტს, უზარმაზარი ცოდნისა და გამოცდილების პატრონს. ის ხშირად ჩნდება ამა თუ იმ ტელეარხისა თუ გაზეთის სათავეში, მაგრამ ერთ-ორ თვეზე მეტს არსად არ აჩერებენ. მისი დაწუნების მიზეზი მისი არაპროფესიონალიზმი არ გახლავთ (პროფესიონალიზმს მას ვერ დაუწუნებ). მიზეზი ერთი პატარა დეტალია, სახელად პატიოსნება…
ყოველი სახლის შენება საძირკვლიდან იწყება…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: