თაობა – რეზერვ-უარში …ჰაიდა, ომისკენ!

რეზერვში მხოლოდ ორ თემაზე ლაპარაკობდნენ _ ბანკებსა და მანქანებზე. ბანკებზე იმიტომ რომ, სამხედრო კონტიგენტის ნახევარზე მეტი იქ იყო დასაქმებული და მანქანებზე როგორ გინდა არ ილაპარაკო. ამიტომ ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, “შაგაობისა” და ფორმალური წვრთნებისაგან თავისუფალ დროს, ვეწეოდი და დაფიქრებული დავყურებდი მუხროვანის პეიზაჟებს. ერთგვარად სწორედ იქიდან ჩამოყოლილი ფიქრების შეჯამებას ნიშნავდა ჩემთვის, როცა ამ სტატიის დაწერა შემომთავაზეს: “რეზერვის თაობა ანუ თაობა რეზერვში.” უცნაურია, როგორ გარდაისახა სამხედრო თადარიგის აღსანიშნავად გამოყენებული ეს სიტყვა, ჩემი თაობის ყველაზე “ნათელ” და ზუსტ განსაზღვრებად, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით.
რა არის რეზერვი? კანონში სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია 2006 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ, რეზერვი განსაზღვრულია შემდეგნაირად: სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ანუ სამხედრო სამსახურ გავლილი რეზერვისტები ვალდებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში გაწვეული იქნენ ჯარში;

მე რეზერვის პირველ ნაკადში მოვხვდი, რომელიც ამ პროექტის პომპეზური გაპიარებით გამოირჩეოდა. (31. 03. 2007 _ 17. 04. 2007) ალბათ ყველას გახსოვთ სატელევიზიო რეკლამები და ურიცხვი ბილბორდები – “წამო რეზერვში, მაგარია!” “შენი რეზერვი – ქვეყნის რეზერვი!” რასაც შემდეგ აგვისტოს პარანოია, მთელი ქართული არმიის კრახი და რეზერვისტების გამორჩეული, გაუგებარი, “აქტიური უმოქმედობა” მოჰყვა.
როგორც ჩანს რეზერვისტები ცხინვალის დაბრუნების აღსანიშნავად, საზეიმოდ ჩაიყვანეს გორში. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, ის ფაქტი მაძლევს, რომ ორგანიზების მცდელობაც კი არ ყოფილა. რეზერვისტების საყოველთაო მობილიზება დაახლოებით – მხატვრულ ფილმ “Aცროსს თჰე Uნივერსე”-ის ჯარისკაცების კონვეირის სცენას ჰგავდა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ყვითელი ავტობუსები ფიგურირებდა. გაწვევის ადგილზე გამოცხადებულ ბიჭებს, ყოველგვარი, ბატალიონებად და ოცეულებად დახარისხების გარეშე “ტვირთავდნენ” ავტობუსებში და ჰაიდა, ომისკენ.
 
ასე ავღმოჩნდით გორში, სადაც ღამე ძირითადი შემადგენლობის ერთად თავშეყრა გორის კულტურის ცენრში მოხდა. ეს მაშინ, როცა დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით ბრძოლები მიმდინარეობდა. ათასობით რეზერვისტი ცოცხალ სამიზნედ განალაგეს გორის შუაგულში, სხვას რას უნდა მივაწეროთოთ ეს ფაქტი, თუ არა გენერალიტეტის გულუბრყვილო წარმოდგენას რუსებზე _ “როგორ უნდა მოელოდე რუსებისგან ავიაციის გამოყენებას, ისინი ისეთი ლოთები არიან, სახლამდე ძლივს მიდიან და ომში ბომდამშენების მართვას შეძლებენ?”.
გამთენიისას კი გორის  დაბომბვის  დაწყების შემდეგ, მეთაურებიც გაქრნენ, კავშირიც, საქართველოც სამხედრო სიძლიერეც, სამასი არაგველიცა და სამასი სპარტანელიც. როცა ციდან მრისხანე “სუები” გბომბავენ, შენ კი ხელში მარტოოდენ დაჟანგული “კალაშნიკოვი” გიჭირავს, ძნელია იფიქრო იმ ისტორიულ დესერტზე, რომელსაც ნორჩი პატრიოტები, გემრიელად შეექცევიან ისტორიის გაკვეთილებსა თუ კილომეტრიან სუფრებზე.
გორში ჩაყვანილი რეზერვისტები, პირველსავე დაბომბვის შემდეგ, დარჩნენ რა მეთაურების და დასახული ამოცანების გარეშე, მსწრაფლვე დაიფანტნენ და დაუბრუნდნენ სახლებს, ტელევიზორებში რუსეთის ექპანსიის თვალყურის უკეთ სადევნებლად. მოგვიანებით შეიქმნა აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია, რომელიც სწავლობდა დაშვებულ შეცდომებს. რეზერვისტების სრულ მობილიზაციაზე და უშედეგო მართვაზე კი ითქვა რომ – რეზერვმა არ გაამართლა, ჰო, ასე მარტივად. თან ალბათ მომზადება არ იყო საკმარისი. დამნაშავე არავინ არ არის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: